10 კილო 14 დღეში
1 დღე - 2-3 მოხარშული კვერცხი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით (ბანანს თუ ამოვიღებთ რაციონიდან უმჯობესია) ყავა უშაქრო მინიმალური რაოდენობით
2 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
3 დღე- ხილი და ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და ერთი ლიტრი უშაქრო ხილის წვენი.
4 დღე- 500 გრ ქათმის მოხარშული ხორცი ან თევზი 1 ლიტრი კეფირი.
5 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
6 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
7 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
8 დღე- 300გრ მოხარშული ქათმის ხორცი, ერთი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
9 დღე- ხილი შეუზღუდავი რაოდენობით, 150 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული რამდენიც გნებავთ.
10 დღე- 150 გრ თევზი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული.
11 დღე- 2 ცალი კვერცხი, 150 გრ ძროხის ხორცი, 4 ნაჭერი დიეტური შავი პური, ბოსტნეულის სალათი, 0.500 ლიტრი კეფირი.
12-დღე 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
13-დღე 300 გრ ქატმის ხორცი, 2 ც კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
14- 4 მოხარშული კარტოფილი, ხილი, 1 ლ. კეფირი
დიეტის დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ ბევრი სითხე და ორი ჭიქა მწვანე ჩაი.
14 დღე მინუს 10 კგ. (შეეცადეთ მარილი მინიმალური რაოდენობით მიიღოთ)
"პრობლემური ქმარი არ ვარ"
პოპულარულ პოლიტიკოსს, გუბაზ სანიკიძეს, 2 თებერვალს 43 წელი შეუსრულდა. პირად ცხოვრებაში თავს ბედნიერ კაცად მიიჩნევს, დედა და საყვარელი მეულღე თავზე დასტრიალებენ, შვილებით კმაყოფილია, საზოგადოებრივს რაც შეხეება, მისთვის ოცნებად რჩება, ისეთი საქართველო, როგორიც მას უნდა, მას თუ არა, მის შვილებს მაინც მოესწროს.
ბატონი გუბაზი ორი შვილის მამაა – 8 წლის ნინა და 10 წლის ლევანი ჰყავს. 30 წლის იყო, რომ დაოჯახდა, როგორც თვითონ ამბობს, ფილოსოფიურ ასაკში.
– ბატონო გუბაზ, 2 თებერვალს იუბილარი იყავით, გილოცავთ. როგორ გადაიხადეთ წელს დაბადების დღე და საერთოდ როგორ აღნიშნავთ ხოლმე?
– ამჯერად დაბადების დღე არ გადამიხდია. კარგი მეგობარი და ღირსეული მამულიშვილი დაგვეღუპა – ნიკო ორველაშვილი (ეკონომიკური ექსპერტი. ავტ.) და ჯერ ორმოცი არ არის გასული. ამიტომ დაბადების დღის განწყობა არ მქონდა არც მე და არც ჩემს მეგობრებს.
ზოგადად დაბადების დღეს ვიხდი მეგობრების წრეში, ოჯახთან ერთად. მე, მაგალითად, არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, იმიტომ კი არა, რომ ახირება მაქვს, იმიტომ, რომ უხერხულობის გრძნობა მაქვს ხოლმე. პირველი, რაც მიხარია, ისაა, რომ ჩემი შვილები მილოცავენ – დილითვე დამახტებიან თავზე. განსაკუთრებით ჩემი გოგო, ნინაა აქტიური. მიყვარს დაბადების დღის ვიწრო წრეში აღნიშვნა. ადრე სახლში ვიხდიდი ხოლმე, ახლა ასე აღარაა – გარეთ მირჩევნია. მაინცდამაინც დუქანი და რესტორანი არ მიყვარს. ზოგიერთ ჩემს მეგობარს სახლი აქვს ქალაქგარეთ და ხანდახან იქ აღვნიშნავთ ხოლმე. როცა სახლში ვიხდიდი, დედაჩემი ამზადებდა დაბადების დღის სუფრას. მას ძალიან კარგი ხელი აქვს. დაბადების დღე ბავშვობაში მაბრუნებს.
– სუფრასთან მღერით, ცეკვავთ. ასეთია თქვენი გართობის და ქეიფის წესი?
– ცეკვა – ნაკლებად. ჩემი სამეგობრო გამოირჩევა განსაკუთრებული იუმორის გრძნობით და არც მე ჩამოვუვარდები ამ მხრივ. მომღერალი მეგობრები ცოტა მყავს, ბევრს სმენა არა აქვს, უფრო მეტს – ხმა.
– თქვენ თუ მღერით?
– მე ვმღერი, სხვათა შორის. მამაჩემი (ცნობილი მწერალი, ლევან სანიკიძე. ავტ.) ძალიან კარგად მღეროდა და მე და ჩემს ძმას გვასწავლა ქართული სიმღერა.
– ინსტრუმენტზეც ხომ არ უკრავთ?
– დაკვრით არ ვუკრავ, ჩემი თითები არ არის დაკვრისთვის გამოწერილი. ხალხურ სიმღერებს ვმღერი. პირველ და მეორესაც ვმღერი, მაგრამ საერთოდ ბანით გამოვირჩევი. შემიძლია კარგი ბანი ვუთხრა კარგ პირველ და მეორე ხმას.
– ეროვნული ფორუმის წევრებიც მღერიან?
– არა ფორუმელები ვერ მღერიან, ფორუმელები მისმენენ. მათ სიმღერი ფასი იციან, მაგრამ თავად მომღერლები არ არიან. ჩემი სიმღერა განსაკუთრებით სიამოვნებს რეზო შავიშვილს.
– შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე გამორჩეული დაბადების დღე?
– გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაზე უფრო ჩაბეჭდილი მაქვს ის დაბადების დღე, 5 წლის რომ გავხდი. მახსოვს ამ დაბადების დღეზე მიღებული საჩუქარიც – კედლის საათი, გუგულიანი. ახლაც მაქვს ის საათი რაჭაში. დაბადების დღე ჩემთვის არის ის საათი, რატომღაც ასეთ ასოციაციას იწვევს.
– ახლა რა საჩუქრები გიხარიათ?
– ჩემთვის ყველაზე კარგი საჩუქარი არის კარგი წიგნი და იარაღი.
– უჩუქებიათ იარაღი?
– დანა, სანადირო დანა, ცეცხლსასროლი იარაღი არ მიმიღია და თუ მაჩუქებს ვინმე, უარს არ ვეტყვი. ძალიან მომწონს ჯიბის დანა – ჯაყვა. 30 წლის რომ გავხდი, დედაჩემმა მაჩუქა ბაბუაჩემის, ვარლამ გოგიას ნაქონი ჯაყვა. ძალიან კარგ მდგომარეობაშია. უმეტესწილად წიგნებს მჩუქნიან. მეუღლემ ამ დაბადების დღეზე ძალიან მხურვალე კოცნა მაჩუქა. ერთი ჰობი მაქვს – ვაგროვებ გეოგრაფიულ ატლასებს. სხვათა შორის, ძალიან კარგი კოლექცია მაქვს. მაქვს რუსული, ბრიტანული, ჩინური ატლასი. სამწუხაროდ, ქართული კარგი ატლასი არ შემხვედრია.
– თამადობა გიყვართ?
– ძალიან. ქართული სუფრა გენიალური რაღაცაა. კახური სუფრის მომხრე ვარ. მცირე ზომის სასმისებით მიყვარს დალევა და არა – ყანწებით. წინააღმდეგი ვარ განსხვავებული სასმისების. კაცი 5 ლიტრ ღვინოს რომ დალევს, რა სიამოვნებას მიიღებს?! მამაჩემის თაობაში რა სუფრებიც მახსოვს, დღეს ისეთი შინაარსის სუფრები აღარ არის. მამა ცნობილი თამადა იყო. როცა ქეიფობდა, მე და ჩემი ძმა ვემსახურებოდით, ღვინოს ვასხამდით. მაშინ ყველგან სიმღერა იყო. ახლა არსად მღერიან, გემოვნება დაქვეითდა. ჯემალ ჭკუასელმა მითხრა, ქართულ სოფლებში აღარ მღერიან, იმერეთში არც ერთ სოფელში არ მღერიან, არც სამეგრელოში და არც ქართლში, ორად ორ მხარეში მღერიან – გურიაში და კახეთშიო. ძალიან საწყენი ამბავია, არადა ქართული ხალხური სიმღერა სოფლიდან, გლეხკაციდან მოდის. დღეს სოფლები ცარიელია და ვინც დარჩენილია, ახალი თაობა, რატომღაც აღარ მღერის, არ აინტერესებთ. საერთოდ რა აინტერესებს ამ თაობას, ვერ ვხვდები. შრომა არ უნდათ, სწავლა არ უნდათ, ცეკვა არ უნდათ, სიმღერა არ უნდათ, ომი არ უნდათ... კი არ ვაკრიტიკებ, მაგრამ მართლა გამოცანაა და ვერ გამიგია, ამ ახალგაზრდებს რა უნდათ.
– ქეიფის დროს ბევრი საკითხი იხილება, თქვენ ალბათ პოლიტიკაზეც საუბრობთ ხოლმე.
– ბევრი საკითხი იხილება, ხუმრობა, სჯა–ბაასი არის, სურვილებია და ა.შ. მაგრამ სუფრასთან პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ და, თუ ვსაუბრობთ, იუმორის დონეზე ანეკდოტებს ვყვებით.
– პოლიტიკოსები იყრიან თავს თქვენს დაბადების დღეზე?
– არა, უფრო სხვა სამეგობრო წრიდან მოდიან ხოლმე ჩემს დაბადების დღეზე, ჩემი პრივატული ცხოვრების მეგობრებს ვგულისხმობ. ასეთ დღეებს ვატარებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებთანაც 20–30 წელია ვმეგობრობ, რომლებთან ერთადაც გავიზარდე. ბევრი რამის გამო ვარ ბედნიერი კაცი, არა ვარ უმადური. მთავარი სატკივარი ჩემთვის არის, რომ არამშობლიურ გარემოში ვცხოვრობ, რასაც ჩვენი ქვეყანა ჰქვია და მე ეს ძალიან მაწუხებს, მაგრამ პირადი ბედნიერება რასაც ჰქვია, მიმაჩნია, რომ ბედნიერი კაცი ვარ, იმიტომ რომ კარგი დედა მყავს, კარგი მამა მყავდა, კარგი და–ძმა მყავს, კარგი მეუღლე, საუკეთესო შვილები მყავს. ეს არ არის ავანსად გაცემული სიტყვები. ძალიან კარგი მეგობრები მყავს. არ ვიცი, რა არის მეგობრის ღალატი.
– თქვენ როგორი ხართ მეგობრების გარემოცვაში?
– კარგი შეკითხვაა. ყოველთვის მაინტერესებს ასეთი რამეები და ერთხელ ჩემს მეგობრებს ვკითხე, რატომ მეგობრობთ ჩემთან–მეთქი. ფული მე არ მაქვს, თანამდებობა მე არ მაქვს. ერთმა მიპასუხა, რომლისგანაც არ მოველოდი (მაინცდამაინც დიდი გონებრივი შესაძლებლობები არა აქვს), შენთან მეგობრობა იმიტომ არის კარგი, რომ კარგ რჩევებს იძლევიო. რომ დავფიქრდი, მისი პასუხი მომეწონა. მართლაც ასეა, შემიძლია კარგი რჩევის მიცემა. მინდა გითხრათ, "ვეფხისტყაოსნის" დონის სამეგობრო მყავს – აბსოლუტურად უანგარო. ყველას ერთმანეთის შვილები გვყავს მონათლული. მათი ოჯახების სასურველი სტუმარი ვარ ყოველთვის.
ძალიან დიდ პატივს ვცემ მშრომელ ადამიანებს. გინდა, ქოთანზე მუშაობდეს და გინდა – ინგლისურზე და კომპიუტერზე, ან თუნდაც – პოლიტიკაზე. არიან ადამიანები პოლიტიკაში, რომელთაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა შეიძლება ჩვენი მოსაზრებები განსხვავებული იყოს.
– ვის გულისხმობთ?
– არ დაგიმალავთ, დავით უსუფაშვილს და მის განვლილ ცხოვრებას. დათო ძალიან კარგი ოჯახიშვილია, ქიზიყელი კაცია. რასაც მან მიაღწია, მიაღწია თავისი გათენებული ღამეებით, წვალებით, სწავლით, ლუკმაპურის მოკლებით და იმ საფასურად წიგნის ყიდვით. მამაძაღლობით არ მიუღწევია, რასაც სხვა პოლიტიკოსების ერთ ნაწილზე ვერ ვიტყვით, ამ შემთხვევაში არ დავკონკრეტდები. დათო კი წესიერი, პატიოსანი კაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ ქვეყანას ერთ ლარს არ მოჰპარავს.
– როგორი ხართ ოჯახში? მამის და ქმრის მოვალეობებს ვგცულისხმობ.
– საკმაოდ გვიან, ფილოსოფიურ ასაკში მოვიყვანე ცოლი, 30 წლის ვიყავი. ამიტომ ჩემს სამეგობროში ჩემი შვილები ყველაზე უმცროსები არიან. ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, ჩემი ბავშვები როგორ იზრდებიან. ჩათვალეთ, რომ თავიდან ვიზრდები, ჩემს ბავშვობას ხელმეორედ გავდივარ. ჩემი შვილები ძალიან ნიჭიერები და შრომისმოყვარეები არიან. დაძალება არ სჭირდებათ, რომ იმეცადინონ. ყველაფრის დრო იციან, მოწესრიგებულები არიან. შვილის გაზრდა, პირველ რიგში, ოჯახის საქმეა და მერე – სახელმწიფოს საქმე. ჩემთვის გამოცანაა, 14–16 წლის გოგოები ქუჩაში რომ დადიან ღამის 3 საათზე, მიკვირს – დედ–მამა არა ჰყავთ?! ამ შემთხვევაში რა შუაშია სახელმწიფო, სააკაშვილი და თუნდაც განათლების სისტემა?! ძალიან ხშირად ამბობენ, სკოლებში სწავლა არ არისო. ჩემი შვილები სახლთან ახლოს, 54–ე სკოლაში დადიან. იქ ძალიან კარგად ასწავლიან და ძალიან კარგი მასწავლებლები ჰყავთ.
შვილების აღზრდით და გაზრდით ძირითადად ჩემი მეუღლეა დაკავებული. მიმაჩნია, რომ აკრძალვებში უნდა გაიზარდოს ბავშვი. მე მკაცრი მამა ვარ. ყველაფერზე არ შეიძლება შვილს დაეთანხმო. "კი, მამა, კი, შვილო" – ეს აფუჭებს ბავშვს. ჩემი მეუღლე ძალიან მოწესრიგებული ქალია. ჩვენ შორის 13 წელია სხვაობა. ამასწინათ ლევანის ოთახში შევედი და სასთუმალთან ლეონარდო და ვინჩის წიგნი ედო. რასაკვირველია, მახარებს ასეთი რამეები. მეუბნებიან ხოლმე, შენ რა გიჭირს, მამაშენმა გასწავლა ყველაფერიო. არადა მამას არაფერი უსწავლებია. ჩვენ თვითონ გვქონდა, მეც და ჩემს ძმასაც ინტერესი. ერთადერთი, რაც მახსოვს, მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით, მამამ "შვლის ნუკრის ნაამბობი" რომ წაგვიკითხა. არ მახსოვს, მამას ეთქვას, მოდით, აბა, ეს წაიკითხეთ ან, მოდით, ამ ამბავს მოგიყვებითო.
– თქვენი ცოლი როგორ დაგახასიათებდათ, როგორი ქმარი ხართ?
– როგორც თვითონ აღნიშნავს, ნაკლებ რომანტიკული. მკაცრი არ ვარ, არც ჯიუტი ვარ და არც პრობლემური ქმარი ვარ. რისი გაკეთებაც შემიძლია, თავად ვაკეთებ, ერბოკვერცხს არავის ვაწვევინებ, ამის კეთება ნამდვილად შემიძლია, თუმცა ჩახოხბილს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. სამაგიეროდ დედაჩემი გადასარევად აკეთებს ჩახოხბილს. ჩემი მეუღლისგან ხანდახან შენიშვნებსაც ვღებულობ. ქალი უფრო დაკვირვებულია, უფრო კონცენტრირებულია, კაცი – პირიქით, დაბნეულია. უსამართლო შენიშვნებს არ მაძლევს. მაქსიმალურად ვცდილობ, სახლში კომფორტული გარემო მქონდეს. როცა შინ ვბრუნდები, არც ერთი ოჯახის წევრი პრობლემას არ მიქმნის. სრული იდილია მაქვს. ძალიან კარგი ცოლ–ქმარი ვართ, თანამოაზრეები და ერთი ფასეულობების ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ასაკში დიდი სხვაობა ჩემსა და მას შორის. როცა პრობლემაა გადასაწყვეტი, ვცდილობთ ერთად გადავწყვიტოთ.
– ბატონო გუბაზ, წონასთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ...
– გაინტერესებთ, რამდენი კილო ვარ? მე თვითონაც არ ვიცი.
– არ ებრძვით კილოგრამებს დიეტით ან ვარჯიშით?
– ყოველ ორშაბათს ვიწყებ ვარჯიშს, დიეტას... მქონია ბევრი წარუმატებელი მცდელობა და ასევე წარმატებულიც. მაგალითად, სამ თვეში 26 კილო დავიკელი. დამასკოს უნივერსიტეტში ვსწავლობდი 1987–88 წლებში და იქ 46 კილო დავიკელი. მერე, აქ რომ დავბრუნდი, ისევ შევივსე.
– გურმანი ხართ?
– დიახ, გურმანი ვარ. მიყვარს მაღალი ხარისხის სასმელი, არყის გარდა. არც ჭაჭა მიყვარს. მიყვარს ვისკი, მაგრამ თამადა როცა ვარ, ვისკის არ დავლევ.
– რას ამბობენ, კარგი თამადა ხართ?
– რომც არა თქვან, მე ხომ ვიცი, რომ კარგი თამადა ვარ. აღიარებული თამადა ვარ ჩემს წრეში. მაგალითად, რვაას კაციან ქორწილში მითამადია ისე, რომ მერე ლეგენდები დადიოდა. თამადობა არის მანქანის ტარებასავით, რაც უფრო ნაკლებს ინერვიულებ, მით უკეთესად ითამადებ. საყვარელი სადღეგრძელო მეუღლეების სადღეგრძელოა. მიყვარს ღირსების სადღეგრძელო. ამ სადღეგრძელოს ძალიან სპეციფიკური ფორმით ვსვამ. ასევე ღირსეული მტრების სადღეგრძელოს ვსვამ და ჯერჯერობით არავინ ამხირებია ამის გამო.
– ოცნებების ასაკიდან გამოხვედით თუ ჯერ–არა?
– კარგი შეკითხვაა. თურმე ოცნებებს არ ჰქონია ასაკი, ისევ განვაგრძობ ოცნებას. ზოგი ოცნება ბავშვური მაქვს შემორჩენილი. ღმერთმა დამიფაროს, რომ არ ვიოცნებო! ბევრს ვფიქრობ და საკმაოდ არგუმენტირებულად ოპტიმისტი ვარ. რაზეც 20 წლის წინ ვოცნებობდი, იმას, როგორც ჩანს, ვერ მოვესწრები. როგორ ქვეყანაზეც ვოცნებობდი, არა მგონია, ისეთ ქვეყანას მოვესწრო. მე როგორი საქართველოც მინდა, რომ იყოს, ვოცნებობ ისეთ საქართველოს ჩემი შვილები მოესწრონ.
კობა ლიკლიკაძე
ჭაგიყვან გოგო ხონში
This post has been edited by SPLIYVI on 1 Dec 2010, 22:31
მიმაგრებული სურათი