ირაკლი გოცირიძე- 9 აპრილის ხოცვა-ჟლეტა
( როდიონოვის კაბინეტში გაკეთებული ფარული აუდიოჩანაწერი )... ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბი ეს ერთი შენობა გახლავთ - ნაგებობათა მთელი კომპლექსია, რომელიც საბურთალოს სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე გამოდის. საკონტროლო გასასვლელში ოფიცერი დამხვდა, როგორც კი ჩემი გვარი წარმოვთქვი, მან სამხედრო სალამი მომცა და სარდლის აპარტამენტისკენ ჩქარი ნაბიჯით წამიძღვა. მაიორი დანილოვი, - შემეგება მისაღებში ახალგაზრდა ოფიცერი და სხარტად მოჭრა: - ახლავე მოვახსენებ. მან სწრაფად შეაღო კაბინეტის კარი, მაგრამ შიგ არ შესულა, აქედანვე უპატაკა: - მოვიდა ჟურნალისტი ირაკლი გოცირიძე! - და გზა დამითმო. შევედი თუ არა ვრცელ კაბინეტში, ჩემკენ ორი სამხედრო პირი გამოემართა: წინ საშუალო სიმაღლის, თხელი აგებულების არმიის გენერალი, მის უკან - ახოვანი, ცისფერთვალება გენერალ-პოლკოვნიკი. - კოჩეტოვი, - წყნარად წარმოთქვა პირველმა და ხელი გამომიწოდა. ინტელიგენტურ სახეზე რბილი ღიმილი დასთამაშებდა: - რაო, ჩვენი ცოდვილი სულების წასაღებად მოხვედით?.."ჩვენი ცოდვილი სულებისო?" - მოულოდნელობისაგან წამით დავიბენი. "რატომ თქვა ასე? ეს რა, დანაშაულის აღიარებაა თუ დაცინვა, დაფარულ მუქარაში გადახლართული?.." ანალიზისათვის დრო არ იყო. პასუხი უნებურად დაიბადა: - რას ვიზამთ! - ვთქვი მე იმავე ტონში: - ახლა 1956 წელი არ არის, როცა უიარაღო ადამიანები დახვრიტეს და უფლებაც არ მოგვცეს, გვეკითხა: რისთვის? ახლა საჯაროობაა. - დიახ, დიახ... - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა გენერალმა და ვიგრძენი, რაღაც ჩრდილმა გადაუარა. - ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობაა თქვენი გაცნობა, - ვთქვი მე. - გმადლობთ, - წყნარად მიპასუხა გენერალმა და კვლავ გაიღიმა. - ჩემთან და ამ სახლის მასპინძელთან საუბარი ერთნაირი ხარისხის იქნება. ასე რომ, დაგტოვებთ. იგორ ნიკოლაევიჩ, უმასპინძლე! მე თუ დაგჭირდით - სიამოვნებით, ნახვამდის. იგი შეტრიალდა და მშვიდი, ნელი ნაბიჯით კაბინეტიდან გავიდა. ეს გახლდათ არმიის გენერალი კონსტანტინე კოჩეტოვი, საბჭოთა სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კაცი, რომლის მიმართაც ამ შეხვედრიდან ორი თვის შემდეგ მე მოვითხოვე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა... - გთხოვთ! - ხმამაღლა წარმოთქვა მასპინძელმა, როცა კაბინეტში ჩვენ ორნი დავრჩით, და ფართო ჟესტით სავარძელი შემომთავაზა. "აი, თურმე როგორი როხროხა ყოფილა როდიონოვი!" თქვენ, ალბათ, უკვე მიხვდით, რომ მასპინძელი სწორედ ის იყო - ამერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი და 9 აპრილის ტრაგედიის გმირი. - ლამაზია, არა? - სიამაყით მკითხა გენერალმა, როცა შეამჩნია, თუ როგორ დავასვი და ვეღარ მოვწყვიტე მზერა კედელთან მიდგმულ უზარმაზარ სტენდს, რომელზედაც თბილისის ცენტრალური ნაწილი იყო გამოსახული. ლამაზი კია, მაგრამ... - ვთქვი გაკვირვებულმა, - ჩვენი ქალაქის ესოდენ მსხვილი მასშტაბის გეგმას პირველად ვხედავ. აქედან ჩემი სახლიც კი აღმოვაჩინე, აი, იქ... გენერალმა კვლავ როხროხით გაიცინა.- ეს ფერადი კვადრატები და სამკუთხედები რაღაა! ან ეს ისრები? ეს პირობითი ნიშნებია. აი, იმ დემონსტრაციასთან დაკავშირებული... - ახლა რატომღაც უხალისოდ ჩაილაპარაკა მან და უცებ ფრიად სერიოზული სახე მიიღო: - თქვენ, რა თქმა უნდა, იცით, რომ მე მიტინგის აღკვეთაში არმიის მონაწილეობის წინააღმდეგი ვიყავი...- წინააღმდეგი იყავით? - დიახ! განა არ გაგიგიათ?! ასე დაიწყო როდიონოვისა და ჩემი პირველი საუბარი, რომელმაც ზუსტად 2 საათსა და 40 წუთს გასტანა, მაგრამ, სანამ ჩვენი საუბრის შესახებ გავაგრძელებდე ლაპარაკს, ჩემი ერთი უდიდესი შეცდომა უნდა ვაღიარო: ის "ლამაზი" სტენდი სარდლის კაბინეტში 9 აპრილის სამხედრო ოპერაციის გეგმა იყო! ვერაფრით მიპატიებია ჩემი თავისათვის, რომ მას მაშინ მეტი ყურადღება არ დავუთმე. როგორ მომივიდა ასეთი რამ! ნაირფერადი პირობითი ნიშნებით მასზე აღნიშნული იყო, თუ რომელი ქუჩიდან რომელი ქვედანაყოფი უნდა გამოსულიყო,საიდან უნდა შეეტიათ დემონსტრანტებისათვის, სად გადაეკეტათ გზა, სად რა იარაღი ჩაერთოთ მოქმედებაში და ა.შ. მე, სულელმა, მაშინ ეს გეგმა არც გადავიღე ფოტოზე და არც მისი დაწვრილებითი კომენტარი მოვთხოვე როდიონოვს! უბრალოდ, დამავიწყდა. ახლა ვინ იცის, სად არის ეს "ლამაზი" დოკუმენტი, ან ვინ მომცემს, რომ ვიცოდე კიდეც!.. ეს შეცდომა იმიტომ მომივიდა, მთელი ფიქრებით ჩემს ძირითად ამოცანაში ვიყავი ჩაფლული: როდიონოვთან საუბარში და, საერთოდ, მთელ ჩემს გამოკვლევებში მე ძირითადად მაინტერესებდა 9 აპრილის ტრაგედიის სამართლებრივი მხარე, ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და, თუ შეიძლება ასე ითქვას, რეაქციული კონსტრუქცია, რამაც ეს უბედურება მოიტანა და განახორციელა; ადამიანთა მკვლელობის დეტალებს, ვთვლიდი მე, სხვანი გამოიკვლევენ, ისინი, რომლებიც ან თავად იყვნენ დარბევის მოწმენი და ობიექტები, ან ასეთი გამოსვლების პროფესიონალები არიან. ასე იყო თუ ისე, როგორც მოჭადრაკეები იტყვიან, როდიონოვმა "საათი ჩართო" და ჩვენი საუბარი დაიწყო. მაგრამ საუბრის დაწყებამდე მე ერთი საკითხი უნდა გადამეწყვიტა. - იგორ ნიკოლაევიჩ, - ვუთხარი გენერალს, - ჩვენ, ალბათ, ზოგიერთ ფრიად მნიშვნელოვან მომენტზე მოგვიწევს საუბარი და ეგებ მოგეწვიათ სტენოგრაფისტი, რომ ჩაგვეწერა. ხომ შეიძლება მე რაიმე უზუსტობა დავუშვა: ძნელია, თან გელაპარაკოთ, თან ყველაფერი ზუსტად ჩავიწერო. თუ სტენოგრაფისტი არ გყავთ, მაშინ მე..- რას ამბობთ, ირაკლი პროკოფიევიჩ! - გამაწყვეტინა გენერალმა, - მე არ ვარ ისეთი კაცი, ნათქვამი გადავთქვა, რასაც ვიტყვი, პასუხსაც ვაგებ მასზე. რა საჭიროა ასეთი ფორმალობა. მე მივხვდი, რომ გენერალს ჩემი სურვილი არ მოეწონა. კიდევ კარგი, იმის თქმა ვერ მოვასწარი, კურტაკის ჯიბეში იაპონური მიკროდიქტოფონი მიდევს და იმით ჩავიწეროთ-მეთქი. საერთოდ მეტყოდა უარს საუბარზე. "მაგრამ მისი ნათქვამის დადასტურება რომ დამჭირდეს?"... ამიტომ ავდექი და დიქტოფონი ჯიბეშივე ჩავრთე. სხვათა შორის, ამის გამო როდიონოვმა მერე ერთი ამბავი ატეხა, გოცირიძემ ჩემთან შეუთანხმებლად ჩაიწერა საუბარი, რაც არაეთიკურიაო. მაგრამ მე ვთვლი, რომ ჭეშმარიტების წინაშე სწორად მოვიქეცი. საქმე ისაა, რომ როდიონოვთან შეხვედრა ჩემს მერე ძალიან ბევრმა ვინმემ მოინდომა. მე მხოლოდ ჟურნალისტებს არ ვგულისხმობ, მათ შორის, მაგალითად, თვით ანდრეი სახაროვიც კი იყო, სხვა მაღალი რანგის პირებზე რომ არ ვილაპარაკო, მაგრამ როდიონოვს არავინ მიუღია. რატომ? მე მგონი, იგი მიხვდა, რა საბედისწერო შეცდომაც დაუშვა, ჩემთან საუბარზე რომ დათანხმდა. რათა აღარავის აღარაფერი "დაეცინცლა" მისთვის, ჯავშანში ჩაიკეტა. მითხარით: სიმართლის დაფარვა ეთიკურია და მისი გადაცემა ხალხისათვის - არაეთიკური? ასე რომ, 9 აპრილის "სახელოვანი გმირის" ვაჟკაცური ხმა, მაგნიტოფირზე ჩაწერილი, მსოფლიოში ერთადერთი, უნიკალური საჩუქარი იქნება ჩემთვის.- თქვენ ამბობთ, რომ წინააღმდეგი იყავით გამოგეყენებინათ არმია დემონსტრაციის აღსაკვეთად? - ვთქვი მე, როცა დიქტოფონის ღილაკს თითი დავაჭირე. - აბა, ვინ გაიძულათ, დაგერბიათ ისინი? - ჯერ ერთი, - შემისწორა გენერალმა, - ჩვენ კი არ დაგვირბევია, ჩვენ გავათავისუფლეთ მთავრობის სახლის წინამდებარე მოედანი მოხულიგნო ბრბოსაგან და დავიცავით ტელესტუდია ექსტრემისტთა თავდასხმისაგან. ეს ხვადასხვა რამაა. ამ
ამოცანის შესრულება საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურომ დამავალა. - განა პარტიული ორგანოს თხოვნა თქვენთვის ბრძანებაა? - მე ბიუროს წევრი ვარ და ჩემი ვალდებულებაა, შევასრულო მისი გადაწყვეტილება. - ამავე დროს თქვენ ხართ სამხედრო ოლქის სარდალი და თქვენი უშუალო უფროსის ბრძანების გარეშე ასეთ ოპერაციას ვერ ჩაატარებდით. ასე არ არის? - ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას ასეთი რამ არ უბრძანებია. - ვთქვათ, არ უბრძანებია. ნება ხომ დაგრთოთ? - ნება?... ვთქვათ, დამთრო, - გენერალმა მაგიდაზე თითები აათამაშა, თან, როგორც მე მახსოვს, ბრაზნარევად გაიღიმა. - პერსონალურად ვინ დაგრთოთ ამის ნება? კოჩეტოვის გარდა, რა თქმა უნდა. - ვინ დამრთავდა! სამინისტროს ხელმძღვანელობა. - პერსონალურად? გენერალმა ახლა მეორე ხელის თითებიც ააბაკუნა მაგიდაზე.- ვთქვათ, მინისტრმა, - თქვა მან და კვლავ ბრაზნარევად გაიღიმა. მერე მეუბნება: - მიკვირს, რატომ გინდათ, ამ ტრაგედიაში მოსკოვი დაადანაშაულოთ. სულ იქით მიდიხართ, რა მიზნით? უმჯობესია, ის გაგერკვიათ, რატომ მიიყვანეს დუღილის წერიტლამდე საქმე თქვენმა ექსტრემისტებმა. ისე გათავხედდნენ, ძალა თუ არ იხმარე, არ წყნარდებიან! თქვენ იცით, რა ლოზუნგები ჰქონდათ გამოკიდებული? გინახავთ? - მინახავს.- მერე?!..- იგორ ნიკოლაევიჩ! - ვთქვი მე ნელა, - როგორ გავიგო ასეთი რამ: წეღან მითხარით, რომ თქვენ წინააღმდეგი იყავით, არმიის ნაწილები გამოგეყენებინათ დემონსტრანტთა გასარეკად, ახლა ამბობთ, "ძალა თუ არ იხმარე, არ წყნარდებიანო". ეს ხომ ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებია! - თქვენ სწორი არ ხართ, - ბეჭები გაშალა ისედაც ბრგე გენერალმა და მაგიდაზე მუშტები დააწყო, - მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში 1985 წლიდან მოყოლებული! იმის მერე, რაც პერესტროიკა დაიწყო! ეს სახელმწიფო კი არა, ანარქიის ქვეყანა გახდა! მარტო თქვენთან? სხვაგან რა ხდება! ხელისუფლებას კი იმის ძალა არ აქვს, საზოგადოებრივი წესრიგი დაამყაროს -შინაგანი სამსახურის ჯარები არ ყოფნის. პირდაპირ სამარცხვინოა! აბა, მითხარი, განა საკმარისია მხოლოდ დერჟინსკის სახელობის დივიზია ისეთი უზარმაზარი ქალაქისათვის, როგორიც მოსკოვია? სხვა ადგილებში კიდევ უფრო ნაკლებია. ამიტომ იძულებული ვართ, ჩვენ დავამყაროთ წესრიგი. ჩვენ ვომობთ, ჩვენს სამხედრო წვრთნას ვატარებთ, რომ მუდამ მზად ვიყოთ იმპერიალისტთა თავდასხმის მოსაგერიებლად, ჩვენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში ვმონაწილეობთ, ჩვენ ვაშენებთ, ჩვენ ხალხს ვეხმარებით სტიქიური უბედურებების დროს, თან საზოგადოებრივი წესრიგი უნდა დავიცვათ!.. - ერთი ეს მითხარით: როგორც ვიცი, 9 აპრილის დარბევაში.- ნუ ხმარობთ ამ სიტყვას. - სიტყვა "დარბევა" არ მოგწონთ, არა? კი, ბატონო. ერთი ეს მითხარით: როგორც ვიცი, 9 აპრილის სამხედრო აქციაში მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროსა და საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული ნაწილები...- ქვედანაყოფები. - ასე იყოს: ქვედანაყოფები. ვინ შეაერთა ეს ორი სამინისტრო ამ საქმეში? - არ ვიცი. - აბა, როგორ გადმოვიდა თქვენს განკარგულებაში შინაგანი სამსახურის ნაწილები, ბოდიში, ქვედანაყოფები? - ჩვეულებრივად: როგორც ყველაზე მაღალი წოდების და თანამდებობის პირს მე დამიქვემდებარეს. - ვინ დაგიქვემდებარათ და როგორ? შინაგანი სამსახურის გენერალ-მაიორი ეფიმოვი გამოგეცხადათ და გიპატაკათ, ამხანაგო სარდალო, თქვენს განკარგულებაში მსურს გადმოვიდე ჩემი ქვედანაყოფიანადო? - ...ალბათ, მან უბრძანა, ვის კომპეტენციაშიც ეს შედის. - იგორ ნიკოლაევიჩ, - ვუთხარი მე, - თქვენ ჭეშმარიტი კომუნისტი ხართ, რომელმაც სიმართლე უნდა ილაპარაკოს. ასე გვასწავლიდა ლენინი. თანაც ახლა საჯაროობაა. მითხარით, ვინ შეაერთა ეს ორი სამინისტრო ამ ოპერაციის ერთობლივად გასატარებლად? გენერალმა იყუჩა, მერე ჩაიცინა, სავარძელში გასწორდა.- უცნაური კაცი ხართ, ირაკლი პროკოფიევიჩ, თქვენ არ იცით, ვის აქვს ჩვენ სახელმწიფოში ასეთი უფლება! უმაღლესი კომპეტენცია! -პოლიტბიუროს?
გენერლის წითურ სახეზე ლოყები ღაჟღაჟებდა. - მაგრამ პოლიტბიურო ერთობ აბსტრაქტული ცნება ხომ არ არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში?.. პესრონალურად ვინ ითავა ამ საკითხის გადაწყვეტა? როდიონოვმა მზერა მომაბჯინა. ტუჩები უცნაურად ააცმაცუნა. - რომ გითხრათ, გენერალურმა მდივანმა-მეთქი!.. კაბინეტში სიჩუმე გამეფდა, გენერალი და მე ერთმანეთს ვუმზერდით. - არ დავიჯერებ, - ვთქვი მე და კურტაკის ჯიბეში დიქტოფონი მოვსინჯე, - ჯერ ერთი, სად არის ამის დამამტკიცებელი საბუთი? მეორეც ის, რომ გენერალური მდივანი იმ დღეებში დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. - განა ამას მნიშვნელობა აქვს, სად იყო? - გულღიად გაიღიმა გენერალმა, - თუ ის აქ არ იყო, მაშინ ამ საკითხს გადაწყვეტდა პოლიტბიუროს ის წევრი, ვისაც ამის უფლება აქვს. კმაყოფილი ხართ? - უდავოდ. ვინც ჩვენი სახელმწიფოს იერარქიულ კიბეს ასე თუ ისე იცნობს, მისთვის დიდ სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს, "გამოითვალოს", მაქსიმალური მიახლოებით მაინც, ის თანამდებობის პირები, რომელთაც ასეთი საკითხის გადაწყვეტისას დასკვნითი სიტყვის თქმა შეეძლოთ. ჩემი "გამოთვლით", ესენი უნდა ყოფილიყვნენ: გრიგორი რაზუმოვსკი, ვიქტორ ჩებრიკოვი ან ეგორ ლიგაჩოვი. ასეც აღმოჩნდა. მაგრამ ამის შესახებ დაწვრილებით ქვემოთ მოვყვები. - ახლა ეს ამიხსენით, - განვაგრძე მე, - როგორ მოხდა, რომ სულ რაღაც ოციოდე წუთში 16 ადამიანი დაიღუპა, თანაც მათ შორის 14 ქალი? და თვლით თუ არა თქვენს თავს ამის გამო პასუხისმგებლად? - მე არ ვთვლი ჩემს თავს დამნაშავედ, რადგან არმიელებს არავინ დაუხოცავთ, - მიპასუხა გენერალმა.ქალებიო! იცით, ქალები ვინ დახოცა? ექსტრემისტებმა დახოცეს! მათ ფარებივით აიფარეს ქალები საკუთარი თავის დასაცავად და ისე ებრძოდნენ ჯარისკაცებს. ტრაბახად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მაგარი ნერვები მქონია - უცებ ვერ მივხვდი, მე დამცინა ამ ადამიანმა თუ არნახული თავხედობა გამოამჟღავნა, მაგრამ თავს მოვერიე. - ქართველებს თუ იცნობთ, როგორც ერს? - ვკითხე ღიმილით. - მხოლოდ შარშან გადმომიყვანეს აქ, მანამდე ერთი ნაცნობიც არ მყოლია ქართველი! მაგრამ მე დიდ პატივს ვცემ ქართველ ხალხს... რატომ იღიმებით? - ქართველებს რომ უფრო მეტ პატივს სცემდეთ, მათ ერთ დამახასიათებელ თვისებას გაგაცნობთ: ქართველი მამაკაცი, ავაზაკიც რომ იყოს, ქალს ფარად, საკუთარი თავის დასაცავად, არ აიფარებს. - რატომ?.. - გაუკვირდა გენერალს. - იმიტომ, რომ ის ქართველი მამაკაცია! თუმცა, გადავიდეთ სხვა თემაზე. რატომ გამოიყენეთ მომიტინგეთა და მოშიმშილეთა წინააღმდეგ ქიმიური მომწამლავი ნივთიერებები? - ცილისწამებაა! - მტკიცედ თქვა სარდალმა. - ის თექვსმეტი ადამიანი ჭყლეტაში დაიღუპა. ექსტრემისტებმა გაქცევის საშუალება არ მისცეს ხალხს და მათ ერთმანეთი გადაჯეგეს. ყველა დაღუპულს ერთი დიაგნოზი აქვს: ასფიქსია. სარდალთან საუბარმა მე არა მარტო ამ ადამიანის თავისებურება, ინტელექტი, მისი შეხედულებები და მოქალაქეობრივი მრწამსი დამანახა, არამედ უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციით ამავსო იმ ასპექტში, რაც განსაკუთრებით მაინტერესებდა - მოვლენის სამართლებრივ მხარეს ვგულისხმობ. ამათგან საგულისხმო ორი ფაქტი იყო: პირველი - გენერალმა თქვა, რომ დემონსტრაციის აღსაკვეთად შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვა გაიცა ჩვენი სახელმწიფოს უმაღლესი მმართველი ინსტანციის მიერ - პოლიტბიუროს მიერ; მეორე - დარბევის ხელმძღვანელად იგი დანიშნა თვით თავდაცვის მინისტრმა. მართალია, ამ ფაქტების აბსოლუტურ უტყუარობაში რომ დავრწმუნებულიყავი, აუცილებელი იყო მათი შემოწმება და დამტკიცება სხვა წყაროებითაც, მაგრამ თავისთავად ის, რაც გენერალმა მითხრა, ფრიად სერიოზული "აღმოჩენებისკენ" მიმითითებდა. თანაც, ეს არ ემთხვეოდა იმას, რაც შევარდნაძემ განაცხადა კინოსტუდიაში გამოსვლისას. ამიტომ მეორე დილით, როცა პატიაშვილთან შესახვედრად მივედი ცენტრალურკომიტეტში, მე გადავეცი შევარდნაძეს, რომ ჩემთან საუბარში როდიონოვმა ეს ორი მნიშვნელოვანი მომენტი აღიარა და გადაწყვეტილი მაქვს გამოვიკვლიო, მართალია ეს თუ არა. გავიდა ორი თუ სამი დღე და მოულოდნელად მირეკავს როდიონოვის ადიუტანტი, სარდალს თქვენთან შეხვედრა უნდა და თუ შეგიძლიათ, ეგებ მოხვიდეთო. მე რაღაც მიზეზით უარი ვუთხარი - გუმანით მივხვდი, რატომ მეძახდა. ორი დღის მერე ისევ დამირეკეს. მაშინაც რაღაც მოვიმიზეზე, რომ არ მივსულიყავი. მაგრამ 7 მაისს სარდალმა მაინც "გამომიჭირა" - დილის 8 საათი არ იქნებოდა, თვითონ დამირეკა ბინაში, დღეს დასვენების დღეა და ეგებ ახლა მაინც შეძლოთ ჩემკენ გამოსვლაო. 7,8 და 9 მაისი უქმე დღეები იყო. რას ვიზამდი - წავედი. გენერალი სიხარულით შემხვდა. პირდაპირ დამიჯდა, მითხრა, ქართული ღვინოები მომწონს და თან ვილაპარაკოთ, თან მოვწრუპოთო. უარი ვუთხარი, საჭეს ვუზივარ-მეთქი. რით გემსახუროთ-მეთქი, ვკითხე. იცით რააო, მითხრა, ჩვენი პირველი საუბრისას მე მგონი, თქვენ ზოგიერთი რამ სწორად ვერ გამიგეთ, ან შესაძლოა, მე ვილაპარაკე ისე, რომ თქვენ სხვანაირი დასკვნა გამოიტანეთო. კონკრეტულად რას გულისხმობთ-მეთქი. რასო და, თქვენ გიფიქრიათ, თითქოს პოლიტბიუროს მიეღოს გადაწყვეტილება თბილისში შეიარაღებული ძალების გამოგზავნის შესახებ. მე ასე არ მითქვამს და არც სინამდვილეში ყოფილა ასეო. ისიც არ მითქვამს, რომ თითქოს საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრმა დამნიშნა დემონსტრაციის აღკვეთის ხელმძღვანელად და ქალაქის კომენდანტად. - ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, ირაკლი პროკოფიევიჩ, - დაასრულა გენერალმა, - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურომ მთხოვა დემონსტრაციის აღკვეთა, ავდექი და ჩემი თავი მე თავად დავნიშნე როგორც ქალაქის კომენდანტად, ისე ამ აქციის ხელმძღვანელად, როგორც წოდებით ყველაზე უფროსმა. ასე რომ, მოსკოვი აქ არაფერ შუაშია. მე დაუფარავი ღიმილით ვუსმენდი გენერალს, მივხვდი, რა დღეში ჩავარდნილა იგი იმ "გულახდილობის" გამო, ჩემთან საუბარში რომ გამოიჩინა 13 აპრილს. - ახლა ამ ამბავს არაფერი ეშველება, - ვუთხარი გენერალს, - მე არათუ "დავივიწყებ" იმას, რაც მაშინ მითხარით, პირიქით, შევეცდები სხვა წყაროებითაც განვამტკიცო ეს ყველაფერი. ერთი სიტყვით, გენერალი და მე ვერ მოვრიგდით, თუმცა ორი საათი - ზუსტად 1 საათი და 50 წუთი - ვიკამათეთ ამ საკითხზე. ამ საუბრის დროს ერთი მოულოდნელი ეპიზოდი "შემოგვეჭრა", რასაც მე გარკვეულ მნიშვნელობას ვანიჭებ. გახურებულ ლაპარაკში რომ ვიყავით, ტელეფონმა დარეკა. როდიონოვმა მყისვე აიღო ყურმილი და მე სუფთად, გარკვევით გავიგონე ქალის ხმა: - ამხანაგო სარდალო, თქვენ დაგელაპარაკებათ მინისტრი. როდიონოვი სკამზე შეიშმუშნა და შემომხედა. მე სათანადო "ზრდილობა" ვერ გამოვიჩინე, არ გამოვედი კაბინეტიდან, პირიქით, ჭერს მივაპყარი მზერა, - არც ვისმენ, არც მაინტერესებს-მეთქი, თქვენ ვის ელეპარაკებით. - გამარჯობა, - გაისმა ყურმილიდან ბუბუნა ხმა. - ჯანმრთელობას გისურვებთ, ამხანაგო არმიის გენერალო! - პატაკივით ისროლა როდიონოვმა. - მოგილოცავ მომავალ გამარჯვების დღეს! - გმადლობთ! თქვენც გილოცავთ, მოგილოცავთ სამხედრო ოლქის მთელი შემადგენლობით, ამხანაგო არმიის გენერალო! - გმადლობთ. როგორ არის იქ ვითარება? - სტეფანაკერტში ფრიად დაძაბული ვითარებაა. არც ერთი საწარმო და სამოქალაქო დაწესებულება არ მუშაობს. დღეს ერევანში ორსაათიანი მიტინგი მიმდინარეობს, ექსცესები არ არის. - მდა! - მეორე მხარეს? - აზერბაიჯანშიც მძიმე ვითარებაა. თუმცა ნაკლები სიმძაფრეა შედარებით. - მანდ, შენთან, რა ამბებია? - თბილისში ვითარება თითქმის ნორმალურია. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ადგილი არა აქვს, თუმცა შინაგანი დაძაბულობა იგრძნობა. - გასაგებია... აბა, კარგად. - ნახვამდის, ამხანაგო არმიის გენერალო! ვუსმენდი ამ დიალოგს და ორ რამეზე ვფიქრობდი: პირველი - ბედნიერებაა, როცა სატელეფონო ტექნიკა ასე ბრწყინვალედ მუშაობს, ისე გესმის ყველაფერი ამ სიშორიდან, თითქოს პირდაპირ იჯდე ადამიანთან და საუბრობდე. და მეორე: კარგია თუ ცუდი, ასეთი უწყვეტი ყურადღებით რომ უთვალთვალებს საბჭოთა სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრი მოკავშირე რესპუბლიკების შინაგან ცხოვრებას? მოკლედ, ასე უშედეგოდ დამთავრდა როდიონოვისთვის ჩვენი 7 მაისის შეხვედრა მის კაბინეტში, თბილისის "პენტაგონში". გამოშვიდობებისას იგი წყალწაღებულივით მაინც შეეცადა ხავსს მოსჭიდებოდა: - მე მაინც იმედი მაქვს, რომ თქვენ გაითვალისწინებთ იმას, რაც დღეს გითხარით, არა ჩვენი პირველი შეხვედრებისას, არამედ - დღეს, ახლა. გენერლის სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი, ჩემმა მოქალაქეობრივმა და ჟურნალისტურმა მრწამსმა არ მომცა ამის უფლება - შემესრულებინა მისი ესოდენ დიდი სურვილი: რამდენიმე დღის შემდეგ მე დავურეკე საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ შექმნილი 9 აპრილის გარემოებათა გამომკვლევი კომისიის თავმჯდომარეს პროფესორ თამაზ შავგულიძეს და ვუთხარი, რომ კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა როდიონოვთან და საჭიროდ ვთვლი მოვახსენო კომისიას ის, რაც სარდალთან საუბარში გავიგე. კომისია მთელ საათს სულგანაბული მისმენდა. საქმე ისაა, რომ როდიონოვი ამ კომისიისთვის აუღებელი ციხე აღმოჩნდა: სარდალმა დემონსტრაციულად უგულებელყო რესპუბლიკის პარლამენტის ეს საგანგებო ორგანო.
http://bpg.sytes.net/Sinatle/default.asp?bpgpid=359&pg=1 This post has been edited by heart on 20 Apr 2012, 08:18