napo
ქართველი

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1669
წევრი No.: 55885
რეგისტრ.: 16-March 08
|
#29693330 · 13 Feb 2012, 11:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამასთან შესახვედრად ათი დღით ადრე გაემგზავრა ამერიკაში და შეხვედრის შემდეგ კიდევ კარგა ხანს დარჩა იქ. სახლში დაბრუნება, მგონი, აღარც კი უნდოდა. არ დარჩენილა ორგანიზაცია, დარბაზი, რომ არ გამოსულიყო და ვარდების რევოლუციის შედეგებით არ მოეწონებინა თავი. ითქვა, რომ ამ ვიზიტზე მისი "პიარშიკები" დიდხანს მუშაობდნენ.
სკეპტიკოსებმა შეიძლება თქვან, რაღა დროს ვარდების რევოლუციაზეა ლაპარაკი, აქაურ რეფორმებზე ისედაც ყველამ იცის ვაშინგტონშიო, მაგრამ სწორედ რომ დროულია. რატომ? ამაზე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
– ბატონო რამაზ, რითი იყო განპირობებული ის საზეიმო განწყობა და აღფრთოვანება, რითიც საქართველოს პრეზიდენტს ამერიკაში დახვდნენ? ითქვა, რომ ამაზე სააკაშვილის "პიარშიკები" დიდხანს მუშაობდნენ.
– ეს გასაკვირი არ არის. პრეზიდენტიც და მისი პარტიაც დაინტერესებული იყვნენ, რომ ამ ვიზიტს საზეიმო ელფერი ჰქონოდა და რაც შეიძლება ფართო წრეებთან მოხერხებულიყო კონტაქტი, ამერიკაში შექმნილიყო საზოგადოებრივი აზრი, რომ საქართველო დემოკრატიის მქონე, რეფორმების ქვეყანაა. რაც შეეხება ასეთ პირობებზე ამერიკული მხარის დათანხმებას, გასაკვირი არც ესაა, თუ გავიხსენებთ, რომ სააკაშვილი მათი პროექტია. პროექტი, რომელმაც სხვებისგან განსხვავებული შედეგი გამოიღო. ამერიკა საკუთარ პროექტად განიხილავდა უკრაინას, მაგრამ შედეგად იანუკოვიჩის პრეზიდენტობა მიიღო. ამერიკელებს ხავერდოვანი რევოლუციების მცდელობები სხვა მიმართულებებითაც ჰქონდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელიც გამოდგება იმის არგუმენტად, რომ ხავერდოვანი რევოლუციების და ამერიკულ ყაიდაზე გაკეთებული ცვლილებების იდეა შედეგიანია. საქართველოც რომ იქცეს კრიტიკის თემად, მაშინ გამოვა, რომ ამერიკამ წლები და მილიონები არასწორ პროექტებზე დახარჯა.
– ეს შეხვედრები მიმართული იყო მხოლოდ ორმხრივი პიარისთვის, სააკაშვილის მხრიდან თავის მოსაწონებლად და ობამას საარჩევნო კამპანიისთვის თუ უფრო სერიოზული დატვირთვაც ჰქონდა?
– პრეზიდენტების შეხვედრას საქმიანი ინტონაცია ჰქონდა. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ ჟურნალისტებთან საუბრისას ორივემ გაუსვა ხაზი მომავალი არჩევნების დროს დემოკრატიული სტანდარტების დაცვას, თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას, რაც მნიშვნელოვანია ამერიკულ–რუსული ურთიერთობისთვისაც. კიდევ რა საკითხები დამუშავდა დახურული კარის მიღმა, არ ვიცით.
– შეიძლებოდა ყოფილიყო ირანის თემა?
– შეიძლება. ბოლო პერიოდში ობამა იმ ქვეყნების ლიდერებს შეხვდა, რომლებიც ირანის ირგვლივ არსებულ გეოპოლიტიკურ სივრცეში არიან მოქცეული.
– არჩევნებზე საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა ახსენა "ხელისუფლების ფორმალიზებური გადაცემა", რომელიც საქართველოში სხვადასხვანაირად აიხსნა. თქვენი აზრით, რა იგულისხმა?
– ხელისუფლების ფორმალიზებული კანონებით გადაცემა, ანუ ეს იყო სურვილი, რომ ხელისუფლების გადაცემისას ფარული გზები არ იყოს გამოყენებული.
– გარეგნულად ისე ჩანდა, რომ ობამა საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო სააკაშვილის მიმართ. საერთო აღფრთოვანება იგრძნობოდა სხვადასხვა ინსტიტუტებში შეხვედრებისას. ეს არის საქართველოს ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა თუ ქვეყნისადმი?
– ხელისუფლების მხარდაჭერაა. ეს იკითხებოდა ობამას ღია ტექსტში. დადებითად შეფასდა საქართველოსთან ოცწლიანი ურთიერთობა, ვარდების რევოლუცია და შემდეგ მომხდარი ცვლილებები, მაგრამ როცა ამის შემდეგ ხაზს უსვამენ ხელისუფლების ფორმალიზებული კანონებით გადაცემას, ეს ნიშნავს, სამომავლოდ არ აქვთ მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სავარაუდოა, რომ ამერიკულ მხარეს აქვს ინტერესი, საქართველოს ხელისუფლება კვლავ დადებითად შეფასდეს, ანუ არ იძალაონ კანონზე და არ დაიტოვონ ძალაუფლება იმაზე დიდხანს, ვიდრე ეს დემოკრატიული ქვეყნებისთვისაა მისაღები.
– ამ სიტყვებს ამერიკის პრეზიდენტმა მიაყოლა ფრაზა, ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ გაგრძელდება დაწყებული რეფორმებიო. რა იგულისხმება, ის, რომ კვლავ ჩემი ორიენტაციის და ჩემი რჩეული ხელისუფლება მინდაო?
– ამერიკა მხარს უჭერს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი დასავლეთისკენ და შიდა პოლიტიკური კურსი რეფორმებისკენ არ შეიცვალოს.
– ამისთვის ის რომელიმე ოპოზიციურ ძალაზე ხომ არ დადებს ფსონს?
– მას ჯერჯერობით ურთიერთობა აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და რაც ქვეყნისთვის აქვს სათქმელი, მას ეუბნება. თუმცა ბოლო პერიოდში ნიშანდობლივია, რომ ამერიკა ახლა ცოტა მეტ ყურადღებას უთმობს ოპოზიციას, ვიდრე ადრე. ამის რამდენიმე ნიშანია – ამერიკის ელჩის ყურადღება ივანიშვილისადმი; ის, რომ მნიშვნელოვან ამერიკულ გაზეთებში გამოქვეყნდა ივანიშვილის ღია წერილი ობამასადმი.
– სააკაშვილის პარალელურად ვაშინგტონში შეხვედრები ჰქონდა გიორგი თარგამაძესაც, თანაც მათთან, ვინც სააკაშვილის ლობისტებად მოიაზრებიან, იგივე მაკკეინთან. დაესწრო მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკური ლიდერებისთვის ობამას მიერ გამართულ ვახშამს. ხომ არ არის ეს იმის ნიშანი, რომ მას ამზადებენ მომავალ პრეზიდენტად?
– ხელისუფლების სცენარი, თუ ვის რა თანამდებობისკენ წაიყვანენ, არ ვიცით. ასევე არ ვიცით მთავარი პერსონის – სააკაშვილის გეგმებიც. ამდენად, ძნელია თქვა – ჰო ან არა. თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ნაციონალურ მოძრაობას სურს, დიდი შანსია, რომ მათთვის მეტნაკლებად კომფორტული ოპოზიცია, რომელთანაც ურთიერთობა უადვილდებათ, აღმოჩნდეს ამა თუ იმ საკვანძო თანამდებობაზე.
– მოდით, დავაზუსტოთ. ამერიკის ადმინისტრაციას ხელს აძლევს საქართველოს ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნა, ოღონდ ის უნდა იყოს პატიოსანი არჩევნების გზით მოსული?
– არამარტო. ვფიქრობ, ნაციონალურ მოძრაობაზე პრეტენზიაც არ აქვთ, მაგრამ საუბარი იმაზეცაა, რომ პრეზიდენტის პოსტზე მყოფი პიროვნება არ უნდა იყოს პირველ პირად იმაზე დიდხანს, ვიდრე სტანდარტებითაა მიღებული. მეორე მხრივ, რას ნიშნავს პროამერიკული კურსი? საქართველოში არ მეგულება პოლიტიკური ძალა, რომელიც სხვა კურსს ქადაგებდეს. ერთადერთი განსხვავებული ურთიერთობის სპეციფიკა რუსეთთან მიმართებაში ნაციონალურ მოძრაობას აქვს. ისინი თვლიან, რომ არ უნდა დაელაპარაკონ და რუსეთთან ურთიერთობა კონფრონტაციით მოაგვარონ. დანარჩენები თვლიან, რომ დიალოგი აუცილებელია, თორემ, კურსი რუსეთისკენ ავიღოთ და ეს ქვეყანა კარგიაო, ასეთი ფორმულირება არავისგან მსმენია.
– ასეთი მოსაზრებაც არის, რომ რუსეთთან ჩვენი კონფრონტაცია სწორედ ამერიკის ინტერესებშია და ნაცმოძრაობაც ამიტომ მოსწონთ.
– ორი დიდი პოლუსი, ამერიკა და საბჭოთა კავშირი, ერთმანეთს რომ უპირისპირდებოდა, მესამე რანგის ქვეყნები ამის ხარჯზე ცდილობდნენ, მოგება ენახათ... ობამას სურს, დაამკვიდროს არა კონფრონტაციული, არამედ კოოპერაციული სტრატეგია – მოდით, ვითანამშრომლოთ, გადატვირთვის პოლიტიკა გვქონდესო. კონფრონტაციული პოლიტიკა რესპუბლიკელებს ჰქონდათ. ნაციონალურმა მოძრაობამ რუსეთთან დამოკიდებულება სწორედ მათი გავლენით ჩამოაყალიბა და ახლა შეცვლა უჭირთ. როცა კონფრონატაციაზე იწყებ თამაშს და ერთ–ერთ მხარესთან დგები ენერგიულად (ამერიკას ვგულისხმობ), გარანტია უნდა გქონდეს, რომ ამ მხარეს დიდი უპირატესობა ექნება მეტოქესთან და თუ არა, მაშინ ის მეტოქე შენ დაგარტყამს, რაც უკვე ვიწვნიეთ კიდეც.
– ობამა–სააკაშვილის შეხვედრა გადატვირთვის გადატვირთვადაც შეფასდა – ამერიკამ რუსეთთან გადატვირთვას არ შესწირა საქართველოს ინტერესებიო. ასეთი რამ გამოჩნდა?
– ამ შეხვედრების ერთ–ერთი ფუნქცია სწორედ ეგ იყო. გადატვირთვის პოლიტიკა თუ გამოვიდა, ეს საქართველოსაც აწყობს, რადგან ამერიკასა და რუსეთს შორის რაც უფრო დაძაბული ურთიერთობა იქნება, საქართველო მით უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდება. ეს ბზეჟინსკიმ ჯერ კიდევ ობამას გაპრეზიდენტებამდე თქვა. დაძაბულობის პირობებში საქართველო მძევლის როლს შეასრულებს, მაგრამ, ჩვენ გარდა, მსოფლიოში ბევრი სხვა ფაქტორი არსებობს და იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთის და ამერიკის არჩევნების შემდეგ ახალი, უფრო რაციონალური პოლიტიკური კურსი იქნება არჩეული.
– მედვედევმა გარკვევით თქვა, სააკაშვილის გარდა, ხელს ყველას ჩამოვართმევო.
– პოლიტიკოსები ასეთ რამეს ხშირად ამბობენ. მანამდე პუტინს სულ სხვა რაღაც ჰქონდა ნათქვამი და მედვედევს რომ ეთქვა, ხელს ჩამოვართმევო, გაუგებრობა და სკანდალი იქნებოდა.
– ჩვენმა პრეზიდენტმა ამერიკაში ისევ გაიხსენა ცოტა ხნით მივიწყებული პუტინის მუქარა ერთი ადგილით მის ჩამოკიდებაზე. ამ ამბის გახსენება ეფექტურად მოქმედებს?
– არ ვიცი, რატომ იმეორებს ამას ხშირად და რამდენად დადებითი შედეგი აქვს პიარის თვალსაზრისით. ჩემი აზრით, არ უნდა ჰქონდეს. შეიძლება სააკაშვილი ამას კონტრასტის გამო იყენებს, რომ, ასეთი მუქარის მიუხედავად, საქართველო არსებობს და წარმატებებს აღწევს.
– მე ის უფრო საინტერესოდ მეჩვენება, ერთ ინსტიტუტში რომ მოყვა, მოსკოვში რამდენჯერმე ვიყავი, ყოველი ვიზიტისას ჩემკენ რაკეტები იყო მოშვერილი ლიკვიდაციის მიზნით, ეს ვიცოდი, მაგრამ მაინც წავედიო. როგორც მახსოვს, მოსკოვში სულ ორჯერ იყო. ამის გარდა, ვისაც გორის კადრები აქვს ნანახი, მისი ეს მონაყოლი რამდენად დამაჯერებელი იქნებოდა?
– გეთანხმებით, ნინო. ქართველების მეხსიერებაში ასეთ დროს სულ სხვა კადრები ამოტივტივდება, მაგრამ ავტორი ამ გამონათქვამს ირჩევს იმ აუდიტორიაზე გათვლით, რომელსაც სრული ინფორმაცია არ აქვს. ინფორმირებული აუდიტორია Ñძალიან მცირეა, თუმცა ჩანს, რომ რაც დრო გადის, ზედა ეშელონებში მცირე, მაგრამ გავლენიანი ჯგუფები აღარ არიან პროპაგანდის მსხვერპლნი და რაღაცეების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ. ამაზე მიგვითითებს კრიტიკული პრესის არსებობა უცხოეთში, რომლის რაოდენობა გაიზარდა. ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან ისმის კრიტიკული რეპლიკები არჩევნების, სასამართლოს, მედიის თავისუფლებისა და სხვა იმ მტკივნეული საკითხების მიმართ, რაზეც უწინ დასავლეთი დუმდა.
– ხელისუფლებაში ამბობენ, ასეთ სტატიებში ივანიშვილი დიდ ფულს იხდისო.
– ივანიშვილი საერთოდ არ ჩანდა ჰორიზონტზე, კრიტიკა რომ დაიწყო.
– რას ნიშნავს სააკაშვილის განცხადება: "მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სამხედრო თანამშრომლობა გადავიდეს ახალ ეტაპზე და რეალურად დავიცვათ საკუთარი თავი".
– ჩემთვისაც გაუგებარია, რას ნიშნავს განცხადება, რომ თავი უნდა დაიცვა რუსეთისგან. ვიკითხოთ – დღეს რუსული სამხედრო ძალისგან თავდაცვისუნარიანი არის რომელიმე ქვეყანა? თუ მრავალმილიონიან ქვეყნებს არ შეუძლიათ, რუსეთისგან თავი დაიცვან (ამერიკას ვგულისხმობ), ოთხმილიონიან საქართველოს როგორი სამხედრო პოტენციალიც უნდა გააჩნდეს, როგორ შეიძლება ამის იმედი ჰქონდეს?!
– ობამასთან რაიმე ისეთ საკითხზე ხომ არ მოხდა შეთანხმება, რამაც სააკაშვილს ეს განცხადება გააკეთებინა და იქიდან ცოტა დაფარული მესიჯით გამოგვიგზავნა? ცოტა შემაშფოთებელი განცხადება უნდა იყოს.
– მომხდარა ისე, რომ ანალოგიურ განცხადებებს მოვლენები მოჰყოლია, 2008 წლის ომს ვგულისხმობ და ალბათ თქვენც ეს იგულისხმეთ, ნინო. ყოფილა ისეც, რომ განცხადებებს მნიშვნელოვანი მოვლენები არ მოჰყოლია.
– რა შეატყვეთ, სააკაშვილი აპირებს თუ არა პრემიერობას? მისი პასუხები ამ კითხვაზე მხოლოდ ვარაუდების საფუძველს იძლევა.
– სურვილი რომ აქვს, ფაქტია, მაგრამ ვფიქრობ, გადაწყვეტილი არ აქვს. სურვილი რომ არ ჰქონდეს, მაშინ გაჭრიდა ამ კვანძს და უბრალოდ იტყოდა, არ ვაპირებო. რადგან ამას არ ამბობს, ჩანს, რომ რაღაც ხელშემწყობ ფაქტორებს ელოდება.
– რა ფაქტორები შეიძლება იყოს?
– დასავლეთის დამოკიდებულება, შიდა პროცესები, რეგიონში შექმნილი მდგომარეობა, ირანთან დაკავშირებული პრობლემები. მისი პრეზიდენტობის ვადის დარჩენილ პერიოდში ბევრი ფაქტორი შეიძლება ამოტივტივდეს. სააკაშვილი დასავლეთის შეფასებას ელოდება, ამ ფაქტორებმა კი შეიძლება ეს შეფასება შეცვალონ, ნაკლებად გააკრიტიკონ. ეს ხელ–ფეხს გაუხსნის იმისკენ, რომ სასურველი ნაბიჯი გადადგას და ამის გამო დასავლეთი არათუ გააკრიტიკებს, არამედ შეიძლება სთხოვოს კიდეც, რომ ასე მოიქცეს.
– ამერიკის დაზვერვის მასალებში ასეთი რამ გამოჩნდა კიდეც – სააკაშვილის გაპრემიერებამ შეიძლება რეგიონი კონფლიქტებისგან დაიხსნასო. ასეთ შემთხვევაში მას გადადგომა მოუწევს.
– ამას მეც ველოდები. სააკაშვილს თუ ამ საპარლამენტო არჩევნებში უნდა გამარჯვება, ამისთვის ყველაზე მომგებიანი იქნება საპრეზიდენტო სავარძლის დატოვება და პარტიის სიის სათავეში ჩადგომა. ასეთ შემთხვევაში ეს სია მოსახლეობაზე სხვანაირ გავლენას მოახდენს.
ნინო მეტრეველი
პ.ს. ვრცელი ინტერვიუა, თუმცა საინტერესო
--------------------
შარლ დე გოლი გავს დედალ ლამას, რომელიც საკუთარ სააბაზანოში შეაშინეს
|