
შეიძლება იფიქროთ, საიდან - სადაო, მაგრამ გაავლეთ პარალელი გასული საუკუნის 50-იან წლებსა და და თანამედროვე სიტუაციებს შორის (სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა) და ნახავთ, რომ დღევანდელ მოცემულობაში და რეალობაშიც აქტუალურია ბატონი აკაკის წერილი
მაშ-ს, ასე, წერილში "ცამეტი წელი კინოში" აკაკი ბაქრაძე ასე იწყებს: " ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ სტალინი იყო უფრო დიდი, უფრო მიუწვდომელი, ვიდრე ღმერთი. პროპაგანდის მანქანა მუშაობდა დღედაღამ. ამ აზრს აჭედებდა, როგორც ლურსმანს, ყოველი მოქალაქის გონებაში. რომელიღაც მეცნიერს უთქვამს – გამუდმებულ პროპაგანდას ვერავინ ვერ უძლებსო . სწორედ ამის დასტურად გამოდგება ერთი შემთხვევა, რომელიც ყოფილმა პოლიტკატორღელმა მიამბო:
1953 წელს, მარტის პირველ რიცხვებში, საკონცენტრაციო ბანაკში უთავბოლო ფაციფუცი ატყდა. ადმინისტრაცია რეტდასხმული და შეშინებული დარბის წინ და უკან. რაღაც უსაშველოდ მნიშვნელოვანი მოხდა, მაგრამ რა?.. პატიმრები ვერაფერს ვხვდებით. ბოლოს ვიფიქრეთ, ალბათ, ისევ ომი დაიწყოო. მაშინაც ასე იყო, 1941 წლის 22 ივნისს. რამდენიმე დღის მერე ეზოში გამოგვრეკეს. არაჩვეულებრივის მოლოდინში გავინაბეთ. ცივი, სუსხიანი ჰაერი გრომკოგავარიტელის ხმამ გააპო. უცნობმა, სევდითა და ტკივილით გაბზარულმა ხმამ გვაუწყა: – მსოფლიო პროლეტარიატის ბრძენი ბელადი, მამა და მასწავლებელი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გარდაიცვალა…
და რაც მაშინ მოხდა, ამას არავინ მოელოდა. რამდენიმე ათასი კაცი, როგორც ერთი ადამიანი, გათოშილ-გაყინულ მიწაზე დაემხო და გულსაკლავად აზლუქუნდა. მათ შორის მეც. სადღაც, გონების კუნჭულში ჩარჩენილი საღი აზრი დაცინვით მეკითხებოდა: – ნუთუ შენც, სანდრო, სტირი? შენ, ვინც 17 წელიწადია იტანჯები. უპატრონოდ დაგატოვებინეს ცოლ-შვილი, სახლ-კარი. წაგართვეს ყველა უფლება, პირუტყვად გაქციეს, მაინც სტირი? შენ, ვინც ყოველ-წუთს მის სიკვდილზე ოცნებობდი, სტირი ახლა, როცა ოცნება ასრულდა?.. მაგრამ ჩემი არსება არ უგდებს ყურს ჩემ საღ გონებას. სხვებთან ერთად, დამხობილი ვქვითინებ. სხვებთან ერთად, სასოწარკვეთილი ვეკითხები ცას და ქვეყანას: – რა გვეშველება უსტალინოდ?
იმ წუთს ამ ნატანჯ, ნაგვემ, მშიერ-მწყურვალ, გაძვალტყავებულ ტუსაღთა შორის არ იყო კაცი, რომლის გონებას ანათებდა იმედის ნაპერწკალი: – დიქტატორი აღარ არის. მოვიდა თავისუფლება!.. არა, არ იყო. უზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკი, ობლად დარჩენილი უსუსური ბალღივით გულამოფსკვნილი მდუღარედ, უნუგეშოდ შესტიროდა უსასრულო ტაიგას“.
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.