„ქართული ოცნება“ ევრაზიული კავშირის შესახებ ინიციატივას „ყურადღებით გაეცნობა“
გასული წლის ოქტომბერში რუსეთის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ახალი ინიციატივით გამოვიდა. „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ წერილში პუტინი წერდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა „ევრაზიული კავშირი“ უნდა შექმნან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და აზიასთან „კონკურენციაში“ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
პუტინისგან მსგავსი ინიციატივის მოსმენა სიახლე არავისთვის ყოფილა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პუტინი პოსტსაბჭოთა სივრცეზე დაკარგული გავლენის აღდგენას ცდილობს და, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, სხვადასხვა ეკონომიკური და თავდაცვითი გაერთიანებების შექმნის მცდელობა სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება.
დასავლურმა პრესამ ახალი ინიციატივა მალევე მონათლა საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობად, თუმცა პუტინმა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას „მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა, რა თქმა უნდა, უარყო დასავლეთის „ბრალდება“.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნაზე. მიამიტური იქნებოდა, იმის ასლის გაკეთება, ან აღდგენა, რაც წარსულში დარჩა“, - ასე პასუხობს პუტინი დასავლეთს მოსალოდნელ კრიტიკას თავად სტატიაში, თუმცა რამდენიმე აბზაცის შემდეგ წერს - „ჩვენ საბჭოთა კავშირიდან დიდი მემკვიდრეობა მივიღეთ – ინფრასტრქუტურა, არსებული სამრეწველო სპეციალიზაცია, საერთო ენობრივი, სამეცნიერო და კულტურული სივრცე.
ამ რესურსების ერთობლივი გამოყენება ჩვენი განვითარებისათვის, ჩვენს საერთო ინტერესებში შედის“. ანუ შესაძლოა, მართლაც იმავე ფორმით ინტეგრაციას არა, მაგრამ რაღაც საბჭოთა კავშირის მსგავსს რომ გულისხმობს აშკარაა.
„ევრაზიული კავშირი მაღალი დონის ინტეგრაციას გულისხმობს და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ევრაზიული კავშირი, მსოფლიო და რეგიონულ მოთამაშეებთან ერთად, როგორებიც არიან ევროკავშირი, შეერთებული შტატები და ჩინეთი, გლობალურ განვითარების სტაბილურობას კიდევ უფრო განამტკიცებს...
ჩვენ გთავაზობთ ძლევამოსილი, ზენაციონალური კავშირის შექმნას, კავშირისა, რომელიც შეძლებს თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ საყრდენ სვეტად იქცეს”, - წერდა პუტინი.
ევრაზიული კავშირის იდეის სერიოზულად განხილვა საქართველოში არც არავის უცდია. გასული ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის მიერ ინიცირებულმა მსგავსმა კავშირებმა რაც მოგვიტანა, ყველას კარგად ახსოვს, შესაბამისად, რთულია, განიხილო, გაანალიზო და იმ ინიციატივის შესაძლო შედეგები გათვალო, რომლის ავტორიც პირდაპირ გეუბნება, რომ მას ეკუთვნი, შენი დამოუკიდებლობა დროებითია, შესაბამისად, შენს მიერ დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა მისთვის მიუღებელია, ანუ შენ, როგორც სუვერენულ ქვეყანას, ამ ცნების ფართო თუ ვიწრო გაგებით, არ გაღიარებს.
ასე რომ, ევრაზიული კავშირის შესაძლო სიკეთეების შესახებ საუბარი რამდენიმე აშკარად გამოკვეთილემა პრორუსულად განწყობილმა პოლიტიკოსმა თუ იკადრა. ძირითადად მათ, საქართველოს ნეიტრალურ ქვეყნად გახდომა რომ უნდათ და ერთმორწმუნეობაზე აკეთებენ აქცენტს. სხვა, შედარებით რაციონალურად მოაზროვნე პოლიტიკოსებმა თუ პარტიებმა საქართველოს კავშირში გაწევრიანება კატეგორიულად გამორიცხეს.
თუმცა, მოულოდნელად, ბუნდოვანი განცხადება „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური თემატური ჯგუფი ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ გააკეთა. (ვინც არ იცის, შევახსენებ, რომ „ქართული ოცნების“ თემატური ჯგუფები ქვეყნის განვითარების კონცეფციაზე მუშაობენ, რომელის გამოყენებაც, მათივე წევრების თქმით, ყველა პარტიას შეეძლება, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ისინი ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროგრამას ქმნის).
ჯაფარიძე ნამდვილად კარგი და ჭკვიანი დიპლომატია, თუმცა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შემდეგი რამ განაცხადა: „ქართული ოცნება" თავის უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს ინტერესების დაცვას. რაც შეეხება სხვადასხვა კონცეფციებს, მათ შორის ევრაზიული კავშირის შექმნას, ჩვენ მათ ყურადღებით გავეცნობით. მე მაინც მგონია, რომ ამ პროექტს უფრო შიდაპოლიტიკური დატვირთვა აქვს და ეს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილი უნდა იყოს“.
როგორც ზემოთ ვთქვი, ჯაფარიძის განცხადება ბუნდოვანია და იგი რამის მტკიცების საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. ჯაფარიძის განცხადების მიხედვით, საგარეო პოლიტიკის თემატურმა ჯგუფმა შესაძლოა, მოიწონოს ევრაზიული კავშირის იდეა, ან პირიქით - მასში საქართველოსთვის სასარგებლო ვერაფერი დაინახოს.
მარტივად რომ ვთქვათ, ჯაფარიძე საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას არ გამორიცხავს, თუმცა არც იმას ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კავშირის წევრი უნდა გახდეს.
ჩემი აზრით, მთავარი პრობლემაც სწორედ ამაშია. გამოცდილი დიპლომატი მსგავს განცხადებებს, ალბათ, არ უნდა აკეთებდეს. ჯაფარიძის განცხადება არ ჯდება, მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პრაგმატიზმისა და რეალობის სრულად აღქმის“ ჩარჩოებში, რადგან მან უნდა იცოდეს რეალურად რას ნიშნავს ევრაზიული კავშირი და რა მიზანს ისახავს იგი, რადგან, როგორც წესი, რუსეთის მიერ მსგავსი ინიციატივების მიზნის გასაგებად „ყურადღებით გაცნობა“ საჭირო არ არის.
თუმცა, ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ, ანალიზისა და შიდა დებატების შემდეგ, იქნებ ჯაფარიძის გუნდმა დაგვარწმუნოს, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით საქართველო სარგებელს მიიღებს. ვნახოთ, ვნახოთ... მაგრამ ჯაფარიძემ ნაციონალურ ტელეკომპანიებს სკანდალის შესაქმნელად შესანიშნავი საბაბი რომ მისცა, ფაქტია.
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=7535&Itemid=1ისე განაგლდნენ, აღარც მალავენ უკვე ვინ არიან და რა განზრახვები აქვთ
This post has been edited by Neo on 13 Feb 2012, 04:18