"უსაზღვრო მადა"ასოციაციამ „სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის“ ჩაატარა საწვავის ფასის კვლევა, რომელსაც პირობითად "უსაზღვრო მადა" უწოდეს. ბოლო დროს ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი საცალო ქსელში 5-თეთრიანი ბიჯებით რამდენჯერმე გაიზარდა და შეიძლება ითქვას, ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა. დიზელის არნახულად მაღალი ფასი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების აქტიურ პერიოდს დაემთხვა, რაც მძიმე ტვირთად დააწვა სოფლად დასაქმებულებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ საწვავის ფასი საბოლოოდ თითქმის ყველა პროდუქტის თუ მომსახურების ფასში აისახება.
ბექა კემულარია, ასოციაცია „სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის“ თავმჯდომარე: "დიზელის საერთაშორისო ფასის (ე.წ. "პლატცის") ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2008 წლის ივლისში და 1330 დოლარი შეადგინა. დღეს დიზელის საერთაშორისო ფასია 980 დოლარი, ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით 350 დოლარით ნაკლები. 2008 წელს დიზელის გასაყიდი ფასი საცალო ქსელში 2,20 ლარი იყო, დღეს კი, როცა მისი საერთაშორისო ფასი 330 დოლარით ნაკლებია, ადგილობრივ ბაზარზე მისი სარეალიზაციო ფასი 30 თეთრით მეტია და შეადგენს 2,50 ლარს. ფასთა სხვაობას - 330 დოლარს 1 ლიტრზე თუ დავიანგარიშებთ, 29 თეთრი გამოდის. ანუ 29 თეთრით იაფი უნდა ღირდეს დღეს დიზელის საწვავი საცალო ქსელში, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნავთობიმპორტიორებს 2008 წლიდან დღემდე თითო ლიტრ დიზელზე მადა 59 თეთრით გაეზარდათ.
2008 წლის ივლისში ერთი დოლარი 1,42 ლარი ღირდა. დღეს დოლარის კურსი ლართან მიმართებაში ასეთია: 1 დოლარი - 1,63 ლარი. 2008 წლის ფასებით დიზელის საერთაშორისო ფასი 1330 დოლარის ლარში კონვერტირების შემთხვევაში 1.888 ლარია, ამას დამატებული დღგ - 340 ლარი და ჯამში მივიღებთ, რომ 2008 წლის ივლისში იმჟამინდელი კურსით 1 ტონა საწვავის შეძენა დღგ-ს ჩათვლით 2228 ლარი ჯდებოდა. დღევანდელი კურსით ერთი ტონა დიზელის საერთაშორისო ფასი 1597 ლარია, დღგ - 287 ლარი. გამოდის, დღეს 1 ტონა საწვავის შეძენა ნავთობიმპორტიორებს 1884 ლარი უჯდებათ, ანუ 344 ლარით ნაკლები, ვიდრე 2008 წელს.
საწვავის შეძენა ხდება წონით (კგ), ხოლო მის რეალიზაციას ახორციელებენ მოცულობით (ლიტრი). თუ ზემოთ მოყვანილ მონაცემებს გადავიყვანთ ლიტრებში და 344 ლარს გავყოფთ 1 ტონა დიზელის მოცულობაზე - 1175 ლიტრზე (850 კგ/მ3), მივიღებთ 29 თეთრს. როგორც ხედავთ, 2008 წელთან შედარებით საწვავი 29 თეთრით იაფი უნდა ღირდეს და ამის სანაცვლოდ 30 თეთრით ძვირი ღირს.
ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება მიზნად ისახავდა ხელისუფლების მიერ ბიზნესების მონოპოლიზებისა და მონოპოლიური ფასების დაკანონებას, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსში შემორჩენილია 195-ე მუხლი, რის მიხედვითაც მონოპოლიური საქმიანობა არის სისხლის სამართლის დანაშაული, ხოლო, რადგან დამნაშავეს არ სჯიან, ამით თავად ადასტურებენ ამ ბიზნესში პირად დაინტერესებას, კერძოდ, ჯიბეს ისქელებენ მოსახლეობის ძარცვის ხარჯზე.
საქართველოში საწვავის ფასის ბოლო 5-თეთრიანი გაძვირებიდან 150 დოლარით არის "პლატცის" ფასი შემცირებული. გამოვთვალოთ, სარეალიზაციო ფასის რა ოდენობით შემცირება უნდა გამოიწვიოს ამ შემცირებამ. დავუმატოთ ამ თანხის 18% (დღგ), რადგან დღგ-ს მოცულობაც ეზრდებათ კომპანიებს "პლატცის" მომატებისას. მივიღებთ 288 ლარს. ახლა 288 ლარი გავყოთ 1 ტონა ბენზინის მოცულობაზე, 1350 ლიტრზე და მივიღებთ, რა თანხით უნდა შეამცირონ 1 ლიტრი ბენზინის ფასი ნავთობპროდუქტების რეალიზატორებმა. ეს კი უდრის 21 თეთრს. ანუ 1 ლიტრი ბენზინის ფასი 21 თეთრით უნდა შეამცირონ და არა 5 თეთრით. როცა ამდენივეთი გაძვირდა, მაშინ ხომ გაზარდეს ფასები 4-ჯერ 5-5 თეთრით, რაც ჯამში 20 თეთრი გამოვიდა? ახლა, როცა იმაზე მეტად შემცირდა, სავარაუდოდ, 5 თეთრით მოახდენენ ფასების კორექტირებას კლების თვალსაზრისით დაახლოებით ერთ-ორ კვირაში".
http://www.kvirispalitra.ge/economic/12304...hvro-madaq.html