სამართალდამცველებმა ვალერი გელბახიანი დააკავეს
20/02/2012 11:10
სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს სამართალდამცველებმა ვალერი გელბახიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული ვალერი გელბახიანი, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა, ხოლო დღეს, 20 თებერვალს ვალერი გელბახიანი დაკავებულ იქნა სომხეთ-საქრთველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ვალერიან გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული - შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. კერძოდ: ვალერი გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება. სამოქმედო გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფების მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არჩევნების ჩაშლის მიზნით ძალადობრივი პროვოკაციების მეშვეობით უნდა მომხდარიყო თითქოსდა უკმაყოფილო ხალხის ქუჩაში გამოყვანა და დაწყებულიყო მასობრივი არეულობები.
პარალელურად, დიდი ოდენობით თანხების შეთავაზების გზით უნდა მომხდარიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადმობირება, შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავება, რასაც მოჰყვებოდა სხვა სახელისუფლო რგოლების ფუნქციონირების მოშლა. ამ მიზნით, მ. გაბუნია რამდენჯერმე შეხვდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსს ერეკლე კოდუას. ამ უკანასკნელმა საქმის კურსში ჩააყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, რის შემდეგაც დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენისა და ქმედების აღსაკვეთად დაიგეგმა შესაბამისი ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიება. 2007 წლის დეკემბრის თვეში მ. გაბუნია და ვ. გელბახიანი კვლავ შეხვდნენ ე.კოდუას, აუხსნეს საკუთარი დანაშაულებრივი განზრახვა და შეპირდნენ რამდენიმე მილიონ დოლარს, სანაცვლოდ კი ე.კოდუას უნდა დაეკავებინა შინაგან საქმეთა მინისტრი.
ვ.გელბახიანმა ე.კოდუას უთხრა, რომ წინასწარ ჰყავდა მომზადებული დაახლოებით 80 000 კაცი ხალხის ქუჩაში გამოყვანისა და მასობრივი მანიფესტაციების მოსაწყობად, საარჩევნო უბნების დასარბევად და ქვეყანაში მასობრივი მღელვარების გამოსაწვევად, მიმდინარე პროცესების ესკალაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. ყველა აღნიშნული საკითხი შეთანხემბული იყო პრეზიდენტობის კანდიდატ ა. პატარკაციშვილთან. 2007 წლის 23 დეკემბერს ა.პატარკაციშვილის თანხმობით ე. კოდუა ლონდონში შეხვდა ამ უკანასკნელს, სადაც განიხილეს საქართველოს ხელისფლების დამხობის გეგმის დეტალები და ე.კოდუას კონკრეტული დავალება შინაგან საქმეთა მინისტრის ნეიტრალიზების გეგმის ჩათვლით, სანაცვლოდ კი ე. კოდუა მიიღებდა ფინანსურ და პოლიტიკურ გარანტიებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
* * *
გიორგი თარგამაძე ვალერი გელბახიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
11:19 20-02-2012
დღეს დილით ქართველმა სამართალდამცავებმა ვალერი გელბახიანი დააკავეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ვალერი გელბახიანმა საქართველო-სომხეთის საზღვარი დღეს დილით გადმოკვეთა შვილთან – ირაკლი გელბახიანთან ერთად, თუმცა სადახლოს გამშვებ პუნქტზე დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია კი გიორგი თარგამაძეს თავად გელბახიანის ოჯახის წევრებმა მიაწოდეს.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, გელბახიანმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ მისი დედა არის მძიმედ ავად, რომელიც საჩხერის საავადმყოფოში იმყოფება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ვალერი გელბახიანმა საქართველოში ჩამოსვლა.
თარგამაძის ინფორმაციითვე, ამ დრომდე ვერ ხერხდება ირაკლი გელბახიანთან დაკავშირება. თარგამაძის განცხადებით, ამ დრომდე სამართალდამცავ სტრუქტურებს არანაირი პრეტენზია გელბახიანის ვაჟთან არ ჰქონიათ და ის არც ძებნაში იმყოფებოდა.
"ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებული პოლიტიკური დევნა, მუხანათობა და არა სამართლიანი ქმედება", - აღნიშნა თარგამაძემ.
იგი მოითხოვს, რომ მოხდეს ვალერი გელბახიანის დაუყონებლივი გათავისუფლება, რადგან ის მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა საბოლოოდ სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს.
როგორც ცნობილია, ვალერი გელბახიანი 2007 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან იყო დაკავშირებული, თუმცა თარგამაძის განცხადებით, გელბახიანს ბრალი წაყენებული არ ჰქონდა და ის ძებნაში იმყოფებოდა იმ მოტივით, რომ არ თანამშრომლობდა სასამართლოსთან. 4 წლის განმავლობაში ვალერი გელბახიანი საქართველოში არ იმყოფებოდა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...s-ithkhovs.html