GIG-100ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!
გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.
ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.
* * *
შენ მიხვდები რომ დღეს
იანვრის ცა მეტია,ვიდრე
ადამიანთა ცრუ რწმენა,
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია,ფერებზე მეტი,
მზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადრაკი ტოტებს იფხანს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება ,ცა- მეტს.
მარტი ახლოა,წვიმაზე ახლო,
იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე,
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ,
დღეს მომენატრე.
მთვრალი ვარ,გზებზე ისევ რეტია.
ფეხი მე არა,ქუჩას ერევა,
შნთან მოვდივარ,დღეს ცამეტია,
მარტის ცამეტი და მემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა
ღრუბელმა არა,გათოვდა ვაშლი;
ხვალ-ზეგ მაისის ცამეტი მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი...
ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,
ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი.
აგვისტოს ზღვაა მეტს გვპირდება ალერსს,
საღამოს მზე მყავს-ორსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ კვირით.
თარს დღეს შევრიგდით რატომღაც- ცამეტს.
კვლავ გამეღვიძა შენს თმაში დილით,
მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს;
ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით.
დეკემბრის ცამეტს შეგვცივდა,მახსოვს!
და ჩვენს ქუჩაზე ტრამვაის სიმი
თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.
შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია,ვიდრე
ადამიანთა ცრუ რწმენა,
რომ თარსი რიცხვია ცამეტი...