საზოგადოება
08:28 / 06-03-2012
"პრეზიდენტისთვის ვირტუალურად ბიძინა ივანიშვილი არ არსებობს"
28 თებერვალს პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობა და დებატები უკვე შეაფასეს პოლიტიკოსებმა, პოლიტოლოგებმა, ეკონომისტებმა თუ დიპლომატებმა. ალბათ, დროა, აზრი ფსიქოლოგებსაც ვკითხოთ, მით უმეტეს, რომ იმ დღეს საკანონმდებლო ორგანოში ძალიან ემოციური ფონი იყო, რამაც პიკს პრეზიდენტ სააკაშვილისა და "ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას სიტყვიერი დაპირისპირებისას მიაღწია.
ფსიქოლოგი მზია გომელაური მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი განსხვავებული აზრისადმი "ნულოვანი ტოლერანტობა" და ამით გამოწვეული თავშეუკავებლობაა.
- პრეზიდენტი განსხვავებული აზრის მიმართ "ნულოვან ტოლერანტობას" იჩენს, რაც ყოველთვის მისი თავშეუკავებლობით ვლინდება. ზოგადად, თავშეკავება ის არის, რომ ადამიანი იმპულსს არ აჰყვეს. ჩვენი ხელისუფალის შემთხვევაში კი, რაც მის აზრს არ ემთხვევა, "ფეთქებადსაშიში" ხდება.
- ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როგორ ახსნით საპარლამენტო დებატებისას პრეზიდენტის რეპლიკას ჯონდი ბაღათურიას მიმართ: "ტალახში გორაობა არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ამიტომ ვეტყვი მანდატურებს, წაგიყვანენ და ნამდვილ, ხარისხიან ტალახში ჩაგაწვენენ და კარგად დაგზილავენ, როგორც საჭიროა, მაშინ გაგივლით ეს ფანტაზიები".
- პრეზიდენტისთვის პოლიციელი და მანდატური ერთი და იგივეა, ანუ ის არის ადამიანი, რომელიც ძალას გამოიყენებს. ამ შემთხვევაში "მანდატური" ნიშნავდა დასჯის საშუალებას. მას ხომ არ უთქვამს, მაგალითად, მანდატური წაგიყვანს და წაგიკითხავს ლექციას, გასწავლის კარგად მეტყველებასო და ა.შ.
საერთოდ, პრეზიდენტის ლექსიკას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სიტყვების დიდი ნაწილი "ძალისმიერია" - "ჩაგრეცხავენ", "დაგზილავენ" და ა.შ.
თუ დააკვირდებით, პრეზიდენტი ყველა ოპონენტის მიმართ დაახლოებით ერთნაირ ტერმინებს იყენებს და უკვე წინასწარ ვიცით, რასაც იტყვის.
- პრეზიდენტის ლექსიკაში ბოლო დროს გამოთქმა "პოლიტიკური მუმიაც" დამკვიდრდა.
- ფსიქოლოგიაში არსებობს პარამეტრები: იდენტიფიკაცია და პროექცია.
იდენტურობა იმას ნიშნავს, რომ როდესაც რაიმე ობიექტს ძალიან აქებ, თავს მასთან აიგივებ, ანუ თავს იქებ.
პროექციის მიხედვით კი, როდესაც რაიმეს ან ვინმეს ახირებულად ლანძღავ, არაცნობიერად იმ უარყოფით თვისებებს ებრძვი, რომელთაგან თავად ვერ თავისუფლდები. არაცნობიერისას ის ვერ ხვდება, რომ მაგალითად, ჯონდი ბაღათურიაში თავის თავს ებრძვის და რასაც ჯონდის ნაკლად მიიჩნევს, რეალურად მისი უარყოფითი მხარეებია. რაც შეეხება ტერმინ "მუმიას". შესაძლოა, თავის თავს ხედავს ასეთად. არ არის გამორიცხული, გრძნობდეს, რომ აღარ არის შემოქმედებითი, ამოწურა თავი და "მუმიობისკენ" მიდის. ის სწორედ ამას ვერ ეგუება.
- გამოდის, რომ სააკაშვილმა 28 თებერვალს დარბაზის დატოვებით პროტესტი თავის "ცუდ მეს" გამოუცხადა?
- მას, უბრალოდ, არ შეეძლო ბაღათურიასთან ერთ სივრცეში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში იყვნენ დიპლომატები და სხვა სტუმრები. მსგავსი თავშეუკავებლობა ამ შემთხვევაში სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გარემოს ანგარიშს არ უწევს.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/49145-qpr...l#ixzz1oLgkszED