ისრაელი აზერბაიჯანს სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში დახმარებას გაუწევს"
ახლო აღმოსავლეთში მივლინებით მყოფი სააგენტო "АПА-ს სპეციალური კორესპონდენტი ისრაელის პოლიტოლოგს იური ბოჩაროვს ესაუბრა. "ივერონი" ამ ინტერვიუდან ამონარიდებს გთავაზობთ:
-შეიძლება თუ არა აზერბაიჯანი ისრაელის უმთავრეს პარტნიორად ჩაითვალოს სამხრეთ კავკასიაში?
-ისრაელს სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის გარდა სერიოზული პარტნიორები არ ჰყავს იმ მიზეზით, რომ სამხრეთ კავკასიაში სხვა ძლიერი სახელმწიფო ან ლიდერი არ არსებობს. თუმცა, ყველასთან მეგობრობის სურვილი გვაქვს, მათ შორის, სომხეთსა და საქართველოსთანაც. თუმცა, ამ ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობის დონე აზერბაიჯანთან ურთიერთობის დონეს ვერ შეედრება.
ამავე დროს, მაშფოთებს აზერბაიჯანული პრესის გამონათქვამები იმის თაობაზე, რომ რაც უფრო ფართოა ირანისა და სომხეთის ურთიერთობები, მით მეტად ფართოვდება აზერბაიჯანის კავშირები ისრაელთან. გამოდის, ჩვენთან ირანის ჯიბრზე მეგობრობენ. და თუ ხვალ ირანი სომხეთთან ურთიერთობას გაწყვეტს, რა, ჩვენც უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობები?
-როგორია ისრაელის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებს საქმეში? აღიარებს თუ არა ისრაელი სომხეთს სახელმწიფო-აგრესორად?
-ბაქოში ვიზიტისას ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა: "ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მომხრე ვართ, ვიმედოვნებთ, რომ კონფლიქტი სამართლიანი გზით გადაწყდება". ამ სიტყვებს ვერაფერს დავამატებ.
თუმცა მაქვს საპასუხო კითხვაც: რით დაეხმარება თქვენს ქვეყანას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება მიწების გათავისუფლებისთვის ბრძოლაში? არა მგონია, რომ ყველა იმ ქვეყნის ურთიერთობათა დონემ, რომელიც ამა თუ იმ სახით პოზიციონირებს ყარაბაღის საკითხში, ხელი შეუწყოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში სომხეთის ქვეყანა-აგრესორად აღიარებას. ღირს კი ამდენი ძალისხმევისა და სახსრების ხარჯვა მსოფლიოს თვალში სომხეთის აგრესორად წარმოსაჩენად? ვფიქრობ, მსოფლიომ ისედაც იცის, ვინ ვინ არის. თუმცა, ამგვარ სიტუაციებში უფრო ხშირად მსოფლიო ლიდერები არა სინდისითა და ჯანსაღი აზრით, არამედ თავისი პირადი ეკონომიკური და პოლიტიკური გამორჩენით ხელმძღვანელობენ. როგორც კი "დაინტერესებული მხარეები" სომხეთის იმპერიული ამბიციებისადმი ინტერესს დაკარგავენ, მაშინვე გამოინახება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამართლიანი გადაჭრის ფორმულა.
-ავტორიტეტულმა ამერიკულმა გაზეთმა "ფორინ პოლისმა" გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანმა სამხედრო აეროდრომები იჯარით გადასცა ისრაელს. ეს მართალია?
-ვისთვისაა მომგებიანი, რომ "საიდუმლო ინფორმაცია" აზერბაიჯანისა და ისრაელის ვითომდა ერთობლივი სამხედრო მომზადების თაობაზე ირანის წინააღმდეგ საზოგადოების განხილვის საგნად იქცეს? აზერბაიჯანსაც და ისრაელსაც საკმარისად ბევრი მტერი ჰყავს და საიდუმლო არაა, რომ აზერბაიჯანის სიმდიდრე და კეთილდღეობა ბევრს აღიზიანებს... ჩვენ საინფორმაციო ომის ვითარებაში ვცხოვრობთ, სადაც ვერაგობა და პროვოკაცია ძირითად იარაღს წარმოადგენს. ჩვენ ჯერ ცილს გვწამებენ, შემდეგ კი თავის მართლებას გვთხოვენ. ამ დროს თავდაცვას აზრი არ აქვს, ამ დროს თავს უნდა დაესხა.
- თუ ირანთან ომი დაიწყება, ხომ არ მოუწევს აზერბაიჯანს ისრაელის დახმარება?
აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ ირანთან მეგობრული ურთიერთობები აქვს.
-ვფიქრობ, ომის დაწყებამდე ყველა "დაინტერესებული" მხარე ყველაფერზე წინასწარ მოილაპარაკებს. შესაძლოა, ომი აქამდე იმიტომაც არ დაწყებულა, რომ მხარეები ყველაფერზე ჯერაც ვერ შეთანხმებულან. ჩემი თვალსაზრისით, ისრაელი დაინტერესებულია აზერბაიჯანის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენებით მშვიდობიანობის დროს.
ვფიქრობ, ის უფრო უნდა გაინტერესებდეთ, დაეხმარება თუ არა ისრაელი აზერბაიჯანს სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტისას. ამ კითხვაზე უფრო იოლია უპასუხო "დიახ", ვიდრე "არა".
http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-26...html?lang=ka-GE