მარტის ბოლოს "გაღლეტილი" მინისტრების - ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ლუდსახარში "ზედაზენი" გაიხსნება
18:04 19.03.2012
ახალი ლუდსახარში "ზედაზენი", რომელიც უახლოეს დღეებში საზეიმოდ გაიხსნება, "გაღლეტილი" მინისტრების - ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საკუთრებაა.
როგორც "პირWელმა" სანდო წყაროსგან შეიტყო, კომპანია "ნატახტარის" გაყიდვის შემდეგ, ბიზნესმენმა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა კვლავ ლუდის ბიზნესის აღორძინება გადაწყვიტა და მერაბიშვილი-ადეიშვილის "მყარი კრიშის" ქვეშ, საკუთარ ძმასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ლუდის ახალი კომპანია შექმნა. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, საქართველოში ლუდის ბიზნესი სარფიანი და მაღალშემოსავლიანია.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, ცეზარ ჩოჩელის ძმამ, იაგო ჩოჩელმა სს "ქართული ლუდის კომპანია" რამდენიმე პარტნიორთან ერთად დააფუძნა, რომელსაც ლუდსახარში "ზედაზენი" ეკუთვნის.
"ქართული ლუდის კომპანიაში" ჩოჩელის პარტნიორები პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი, რომელიც ამავე დროს ფარმაცევტული კომპანია "პე ეს პე ფარმასა" და კლინიკათა ქსელის "ნიუ ჰოსპიტალსის" მფლობელია და შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" არიან. "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნათელა თურნავაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის პირველი მოადგილე იყო. შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" 100% კი შპს "ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" ეკუთვნის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნის მეგობრის, პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილისაა.
რაც შეეხება "ნატახტარს" - ჩოჩელებმა აღნიშნული კომპანია ცოტა ხნის წინ თურქ ინვესტორებს მიყიდეს, რომლებიც სააგენტოს ინფორმაციით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან გიული ალასანიასთან დაახლოებული ინვესტორები არიან. სხვათაშორის, ჩოჩელების მიერ "ნატახტარის" გაყიდვის შემდეგ სახელმწიფო აღნიშნული კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციით დაინტერესდა. როგორც ამბობენ, აღმოჩენილი დარღვევების გამო თურქმა ინვესტორებმა საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადეს. საგულისხმოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: თურქულ კომპანია "Efes Beer International"-სთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე, ჩოჩელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლუდის ბიზნესში შესვლის უფლება არ ჰქონდა.
როგორ გადაინაწილებენ ქართულ ბაზარს "ნატახტარი" და "ზედაზენი" უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუმცა, ქართული ბიზნესის ამ სეგმენტსაც, ისევე როგორც სხვა მსხვილ ბიზნესებს, მონოპოლიურობის და შესაბამისად, კონკურენტების ჩაძირვის დიდი ტრადიცია აქვს.
შევარდნაძის დროს ქართველი ლუდის მოყვარულების გემოვნებას "დიდი დოზით" ლუდი "ყაზბეგი" აკმაყოფილებდა და გოგი თოფაძე თავს მშვიდად გრძნობდა. "ვარდების რევოლუციის" შედეგად მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კომპანია "ყაზბეგს" ჯერ პრობლემები შეუქმნეს, მერე კი რეალიზაცია შეუმცირეს. "ყაზბეგს" სახელმწიფოს ვალებიც აქვს, რაც კომპანიის დამფუძნებელ გოგი თოფაძესთან პოლიტიკური ვაჭრობის კარგი საფუძველია. როგორც კულუარებში ამბობენ, ხელისუფლებისა და გოგი თოფაძის პოლიტიკური ურთიერთობა სწორედ "ყაზბეგზე" გადის.
ცნობისთვის, ლუდსახსარში "ზედაზენის" გახსნა მარტის ბოლოს იგეგმება. ამის შესახებ "პირWელს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ გივი ამირხანაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ახალ ლუდსახარშში 700-მდე ადამიანი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა და შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილები დასაქმდებიან.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით კი, "ზედაზენი" პირველ ეტაპზე ბაზარზე 10-მდე დასახელების ლუდს გამოუშვებს.
ლუდის ქარხანაში 75 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ახალი საწარმო ალკოჰოლური სასმელების გარდა სუსტალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, მათ შორის ხილის წვენების წარმოებასაც გეგმავს. ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 400 000 ჰექტოლიტრი ლუდისა და 300 000 ჰექტოლიტრი ლიმონათის წარმოებაზეა გათვლილი. საწარმოს ხელმძღვანელობა პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც აპირებს.
ქარხანა ჩეხურმა კომპანიამ "ZVU POTEZ"-მა დააპროექტა.
http://pirweli.com.ge/?menuid=9&id=2346