„სააკაშვილის პოლიტიკური გემოვნების საკითხია, შეინარჩუნებს მაღალ თანამდებობას თუ არა. ასაკი და ენერგია ხელს უწყობს და შესაძლოა, შეინარჩუნოს კიდეც,“– აცხადებს პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი სოსო ცინცაძე. იგი მიიჩნევს, რომ პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის ლიდერის ნაცვლად, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი იქნება. „ტრიბუნა“ სოსო ცინცაძეს აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე ესაუბრა.
–ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით პატრიარქის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის გაპრეზიდენტების მილოცვას?
-პატრიარქს ალბათ ჰქონდა მოტივაცია და არგუმენტები იმისათვის, რომ მიელოცა. შეიძლება მიაჩნია, რომ უნდა იყოს რაღაც ხიდები რუსეთთან ურთიერთობისთვის. ეს ისეთი სფეროა, რომ ამის ასე განსჯა გაგვიჭირდება. ვერ მივცემ თავს უფლებას, როგორც მრევლის რიგითმა წევრმა, რამე შეფასება მივცე პატრიარქის ქმედებას – მაცხოვრის საქმეა, რიგით მოკვდავს ეს არ შეუძლია.
–სააკაშვილი ბოლო დროს აქტიურად საუბრობს რუსთთან ურთიერთობების აღდგენაზე და სავიზო რეჟიმიც კი გააუქმა, როგორ ფიქრობთ, მიულოცავს თუ არა პუტინს რუსეთის პრეზიდენტობას საქართველოს პრეზიდენტიც?
-გამორიცხულია, სააკაშვილმა მიულოცოს პუტინს. ჯერ ერთი, მილოცვების ვადა უკვე გავიდა. მეორეც, არა აქვთ ისეთი პირადი ურთიერთობა, რომ ერთმანეთს მსგავს რაღაცებს ულოცავდნენ.
- რას ნიშნავს საქართველოსთვის რუსეთის პრეზიდენტად ვლადმიერ პუტინის არჩევა?
- პუტინის გაპრეზიდენტება ჩვენთვის ნიშნავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაყინვას ამავე მდგომარეობაში. თუმცა ქვეყნად უცვლელი არაფერია და არ არის გამორიცხული, რომ აქაც მოხდეს რამე. პრინციპული გარღვევა არ არის მოსალოდნელი - არც დიპლომატიური ურთიერთობის განახლება და არც კონფლიქტის ზონების საკითხების გადაწყვეტა. ერთადერთი, შეიძლება, ქართული „ბორჯომი“ და ღვინო ბაზარზე დააბრუნონ.
რაც შეეხა მის ურთიერთობას დასავლეთთან, ამერიკას არ აწყობს ურთიერთობის გაფუჭება რუსეთთან. მათ უკვე თქვეს, რომ 2014 წელს ავღანეთიდან ჯარს გაიყვანენ. აქ კიდევ ერთი საკითხი ისაა, როგორ გაიყვანენ ჯარს - ვიეტნამის სცენარით, თუ ღირსების შენარჩუნებით? ობამას კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ მან ავღანეთიდან ჯარები ღირსების შენარჩუნებით გამოიყვანოს. ამის შესახებ ამერიკელები საიდუმლო დეტალებს რუსეთს გააცნობენ, რათა რუსეთი დამშვიდდეს, რომ ეს ოპერაცია მის წინააღმდეგ არ არის მიმართული. არც ჩიკაგოს სამიტზე უნდა ველოდოთ რამე საჩვენოს. ჩვენ წინ გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, ეს არჩევნებიც იქნება ფაქტორი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში.
–ბევრი ექსპერტი საუბრობს იმის შესახებ, რომ რუსეთში პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტება ამ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის შემდგომ განმტკიცებას გამოიწვევს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
-რუსეთში ისედაც მტკიცედ არის ავტორიტარიზმი და მეტი რაღა უნდა იყოს? ოპოზიციის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტები მრავლია და კიდევ არის მოსალოდნელი. თუ განვიხილავთ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს, MTV-ს ფილმთან დავავშირებით, რომელშიც დოკუმენტურად ნაჩვენებია, რომ თითქოს დასავლეთი აფინანსებს ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობებს, დასკვნის გაკეთება აქედანაც შეგვიძლია. ფილმმა საშინელი პროტესტი გამოიწვია რუსეთის საზოგადოების ყველა ფენაში. ისეთი დიდი სიყალბეა მასში ჩადებული, რომ ხალხმა აღშფოთება ვერ დაფარა. წესით, ამ ფაქტის მერე ხელისუფლებას უკან უნდა დაეხია, მაგრამ გუშინ MTV-იმ ფილმი კიდევ ერთხელ გაუშვა, რაც იმის მანიშნებელია, რომ კრემლი უკან დახევას არ აპირებს.
ერთი მხრივ, რუსეთს სურს ნორმალური უეთიერთობა დასავლეთთან, მას ეს ჰაერივით სჭირდება, სხვანაირად რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზაცია ვერ მოხდება. მეორე მხრივ, კი დასავლეთს ბრალს დებს, თითქოს ის აფინანსებს ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ არის სფეროები, რომლებშიც რუსეთისა და დასავლეთი აზრი თანხმდება. ასეთი საკითხია მაგალითად, ირანის ბურთვული პროგრამა და ავღანეთი. ერთადერთი, რაშიც ვერ თანხმდებიან ეს არის საქართველო.
–რა ძირითადი თავისებურებებით ხასიათდება ავტორიტარული რეჟიმი და ავატორიტარი მმართველები? შეიმჩნევა თუ არა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებაში ავტორიტარიზმის ნიშნები?
- ავტორიტარიზმი არის პიროვნების თვითმმართვლელობის, მისი უფლებების გაფართოვება. დე გოლის დროს გაცილებით მკვეთრი იყო ავტორიტარიზმი, ვიდრე ეს დღეს საქართველოშია. დე გოლოს საფრანგეთში არჩევნები არ ყალბდებოდა. არავინ აყენებდა ეჭვქვეშ მის ლეგიტიმურობას. რუსეთში კი დუმის არჩევნები საშინელება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვსა და პეტერბურში წააგეს, მთლიანობაში მაინც გაყალბებული იყო. რუსეთში ალტერნატივა არ არსებობდა.
საქართველოში ავტორიტარულ რეჟიმზე ლაპარაკი ძნელია, იმიტომ რომ გამოჩნდა ისეთი ფიგურა, როგორიც არის ივანიშვილი. რუსეთში ანეგდოტური არჩევნები იყო. სადაც არჩევნების შედეგები წინასწარ არის ცნობილი იქ ავტორიტარიზმის მძაფრი სუნი დგას. მიუხედავა იმისა, რომ ივანიშვილის პარტია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, ცნობილი არ არის ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში.
იუველირის სასწორზე აწონვა იმისა, თუ რა არის ტოტალიტარიზმი ან რა არის ავტორიტარიზმი, ძალიან ძნელია. ერთია ავტორიტარულ-ტოტალიტარული არჩევნები და მეორეა – დარღვევები არჩევნებში. ვერავინ იტყვის, რომ ამერიკაში დემოკრატიული არჩევნები არ არის, მაგრამ შვილი ბუშის არჩევისას საშინელი დარღვევები მოხდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტის საკითხი სასამართლომ გადაწყვიტა.
–მიხეილ სააკაშვილი პრინციპულად იკავებს თავს სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისგან. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- ეს ჩვეულებრივი ამბავია. შემიძლია უამრავი შემთხვევა დაგისახილოთ, როცა პოლიტიკოსი ბოლო წუთამდე არ ამხელს გეგმებს. ყველაზე ცნობილი მაგალითი საფრანგეთში მიტერანის გაპრეზიდენტების დროს მოხდა. მისმა პარტიამ არჩევნებში წააგო და, შესაბამისად, ხალხს ეგონა, რომ ის თავის კანდიდატურას აღარ დააყენებდა. მიტერანმა ფრანგული საზოგადოება ნევროზულ მდგომარეობაში ჩააგდო - ბოლო წუთამდე არ იყო ცნობილი, იღებდა თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. საბოლოოდ, მან გაიმარჯვა. მოხდა ისე, რომ საფრანგეთმა მხარი არ დაუჭირა სოციალისტებს, მისი ლიდერი კი პრეზიდენტად აირჩია.
როდის იტყვის სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, მისი საქმეა. ერთი რამ კი ცხადია, ის მესამე ვადით პრეზიდენტი ვერ გახდება. ეს დიდი წინსვლაა ქართული დემოკრატიისთვის.
–თქვენი ვარაუდით, დარჩება თუ არა სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ ხელსისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე?
-არ არის გამორიცხული. ეს მისი პოლიტიკური გემოვნების საკითხია შეინარჩუნებს მაღალ თანამდებობას თუ არა. ასაკი და ენერგია ხელს უწყობს და შესაძლოა, შეინარჩუნოს კიდეც. დემოკრატიის განვითარებაზე მხოლოდ ეს ფაქტორი ვერ იმოქმედებს, ის ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, ჟურნალისტების პროფესიონალიზმსა და პრინციპულობაზეც კი. ნებისმიერ შემთხვევაში, სააკაშვილი აღარ იქნება ის რაც არის - დღეს ის ქვეყნის ლიდერია, პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავების შემთხვევაში კი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი იქნება.
დღეს პარტიის ბედი მიბმულია სააკაშვილზე, შემდეგ უკვე სააკაშვილის ბედი იქნება მიბმული პარტიაზე. პარტია წააგებს არჩევნებს? – სააკაშვილი აღარ იქნება პრემიერი. სრულყოფილი, უწიკვლო დემოკრატია მსოფლიოში არ არსებობს. ყველაფერი შედარებითია, საქართველოში გაცილებით ნაკლებ დონეზეა ვიდრე ევროპაში, მაგრამ გაცილებით მაღალია, ვიდრე შუა აზიაში. ინგლისში ქრისტიანებს ჯვრის ტარება აუკრძალეს, ეს დემოკრატიაა? არადა, ვინ იტყვის ინგლისზე, რომ არადემოკრატიულია?
–ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ბიძინა ივანიშვილი წარმოჩინდება როგორც პოლიტიკური საფრთხე. თქვენი შეფასებით, რამდენად მყარია ხელისუფლების არგუმენტები იმ ბრალდებისთვის, რომელსაც ივანიშვილს უყენებენ – ვგულისხმობთ პუტინთან კავშირისა და მზაკვრული პოლიტიკური გეგმების შესახებ ბრალდებებს?
-მე არა ვარ ივანიშვილის მომხრე და არ მომწონს მისი პოლიტიკაში მოსვლა იმიტომ, რომ ის არ არის პოლიტიკოსი. მე ძალიან მეშინია პოლიტიკაში დილეტანტების მოსვლის. მიუხედავად ამისა, მის აგენტობაზე ვერაფერს ვიტყვი. ამის პრეროგატივა მხოლოდ სასამართლოს აქვს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ვიღაცებს შეუძლიათ პარლამენტში როყიოდ წამოიძახონ, მაგრამ ამით არაფერი წყდება.
ივანიშვილის წინააღმდეგ ეს ცუდი არგუმენტია, მას აქვს სხვა უამრავი ნაკლი. მაგალითად ის რომ, დილეტანტია და შეიძლება ქმნიდეს ყალბ მოლოდინს – ეს კი ძალიან საშიშია. როდესაც ქმნი ყალბ მოლოდინს და ჩვენს ცხვარ საზოგადოებას აჯერებ, რომ შენ მესია ხარ და მხსნელი ხარ, ეს ძალიან საშიშია.
დიდი შანსია, რომ ივანიშვილმა ვერ მოიგოს არჩევნები. 15-20 ადამიანს ალბათ გაიყვანს პარლამენტში, მაგრამ ეს ხომ გამარჯვება არ არის? ხალხი, ვინც ელის, რომ ბიძინა პრემიერი გახდება, ხელს ჩაიქნევს ყველაფერზე და იტყვის, რომ არჩევნები მისი საქმე არ არის, რაც ნიჰილიზმს, ანუ გულგატეხილობას გამოიწვევს. მაშინ კი შესაძლოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 40 წელი იყოს მმართველი პარტია.
ივანიშვილმა, თავისი გამოჩენით, ჯერჯერობით მმართველ პარტიას, ბოდიში და, ფეხებიც ვერ მოჭამა, სამაგიეროდ, ოპოზიციას დედა უტირა. ბიძინა გახდა მონოპოლისტი ოპოზიციაში. ზოგი იძულებული გახდა, საეჭვო პოზიცია დაეკავებინა, ზოგი – მიეტმასნა. დღეს კუკავასა და დავითაშვილს სერიოზული ელექტორატი ვერ ეყოლება, ახლა ივანიშვილმაც რომ გაუცრუოს ხალხს იმედი, საშინელება მოხდება. ეს იმედგაცრუება კი მაღალი პროცენტით მოსალოდნელია. აი ამის მეშინია მე.
ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც მოიტანა ივანიშვილმა. სხვა არგუმენტები მის წინააღმდეგ არადამაჯერებელია და ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. რომც იყოს რუსეთის აგენტი, საქართველოში მეხუთე კოლონას ვეღარავინ შექმნის იმიტომ, რომ რუსეთმა თავად აღმოფხვრა ამის საშიშროება ძალადობრივი პოლიტიკითა და შეიარაღებული კონფლიქტებით. აქ ხიდირბეგაშვილის (“საქინფორმის“ რედაქტორი, რომელმაც პუტინს გაპრეზიდენტება მიულოცა. რედ.) გარდა აღარავინ იტყვის გაუმარჯოს რუსეთსო.
რეალურად არჩევნებამდე 6 თვე დარჩა. ივანიშვილი კი თითქოს დიდი სამეცნიერო კონფერენციისთვის ემზადება – შეკრიბა პროფესიონალები (მაგ. თედო ჯაფარიძე, მინდია უგრეხელიძე – ორივე უმაღლესი დონის პროფესიონალია), და წერენ რაღაც ტრაქტატს, თითქოსდა, სამეცნიერო კონფერენციაზე გასატან რაღაც კანონს. ამ დროს კი პარტიაც არ აქვთ შექმნილი. წინასაარჩევნო კამპანიები ასე არ ტარდება და ასე არჩევნებს არ იგებენ.
- როგორ შეაფასებდით ბოლო დროს კონტროლის პალატის მიერ განხორციელებულ დაკითხვებს? აშშ–ის ელჩმა ჯონ ბასმა და სხვა დიპლომატებმა ეს ფაქტი საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკეს...
-ვერაფერს გეტყვით, არ დავინტერესებულვარ. არც ინფორმაცია მაქვს. მხოლოდ ის ვიცი რომ, პოლიტიკაში ფული აუცილებელია, მაგრამ არ შეიძლება ფულმა გადაწყვიტოს ყველაფერი. არ ვიცი, რამდენად არის ეს ქმედებები სამართლიანი. კანონიერება ალბათ დაცულია, მაგრამ ყველა კანონი სამართლიანია? შრომის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენთან არის, სამართლიანია? ამის ანალოგი კოდექსი ინგლისში 17-ე საუკუნეში იყო.
ჯონ ბასმა მოითხოვა, რომ იყოს უფრო მეტი გამჭირვალობა. როგორც ჩანს, ამ კანონს აქვს ხორკლები და ცოტა დახვეწა სჭირდება. ბეჟაშვილმა, პრაქტიკულად, აღიარა, რომ ეს კანონი ყოველდღე იხვეწება, მაგრამ, შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს არჩევნების შემდეგაც. სჯობს, რომ ასეთი კანონის შემოღების აუცილებლობა არ იყოს, ვიდრე ის, რომ ჯერ აუცილებლობით გამოწვეული კანონი შემოიღო და მერე იმსჯელო, როგორია ეს კანონი.
დღეს ყველა ამბობს, რომ როცა დიდი ფული ჩნდება, საჭიროა რეგულირება. ევროპის ქვეყნებში ეს საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა. ამერიკაში კი ამის აუცილებლობა 140 წლის წინ დადგა. ძნელი საკითხია - მე ჩემი ფული მაქვს და რაშიც მინდა იმაში დავხარჯავ. ამერიკაში ეს პრობლემა მოგვარებულია - იქ მილიარდერები არჩევნებს აგებენ და რიგირთი ადამიანები იგებენ.
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=8207&Itemid=1 This post has been edited by ანუნაკი on 20 Mar 2012, 00:08
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!