ფიზიკური პირები ანგარიშის გახსნის გარეშე ბანკის მეშვეობით მთელ რიგ შემთხვევებში 1500 ლარზე მეტს ვერ გადარიცხავენ
16:52 21-03-2012
ფიზიკური პირები, ანგარიშის გახსნის გარეშე, ბანკის მეშვეობით მთელ რიგ შემთხვევებში 1500 ლარზე მეტს ვერ გადარიცხავენ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში შევიდა.
ახალი ბრძანებით დადგინდა, რომ ფიზიკური პირის მიერ ანგარიშის გახსნის გარეშე ფულადი სახსრების გადარიცხვა დასაშვებია, თუ გადასარიცხი თანხის ოდენობა არ აღემატება 1500 ლარს.
1500 ლარზე მეტი თანხის გადარიცხვა ანგარიშის გახსნის გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გადარიცხვა დაკავშირებულია საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების საფასურის გადახდასთან; კომუნალური გადასახადების გადახდასთან; ცენტრალური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდებთან და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სასარგებლოდ გადახდებთან.
ამასთან, ეს მოთხოვნები არ გავრცელდება სპეციალური სისტემების საშუალებით განხორციელებულ ფულად გზავნილზე.
ახალი რეგულაცია ძალაში, მიმდინარე წლის 15 აპრილიდან შევა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ახალი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...arickhaven.html