თელავი (ICK) - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თელავის სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თელავში ორშაბათს გაიმართა. ჯამში პროექტისთვის 120 მლნ ლარია გათვალისწინებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომისთვის დასრულდება. პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყობა ასევე 6 სკვერი და ნადიკვარის პარკი. მთიანად გამოიცვლება საკანალიზაციო სისტემა.
გუშინ გახსნილი ძეგლიც ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია. „მიწათმოქმედი გიორგი“ - ასე ეწოდება მონუმენტს, რომლის ავტორიც ახალგაზრდა თელაველი მოქანდაკე სულხან ათუაშვილია. ძეგლი კრეატიულადაა გადაწყვეტილი და ღამე მისი ხილვა (იხილეთ მეორე ფოტო) დიდ ეფექტს იძლევა.
ძეგლის გახსნა სააკაშვილმა ითავა და თავიდან დანანებით აღნიშნა, ღამით ნახვა კი მინდა, მაგრამ სამწუხაროდ, დასარჩენად ვერ მოვიცლიო. „თელავის რეაბილიტაცია დაწყებულია! მაგრამ ამ ძეგლით არამარტო ამ პროცესს, არამედ ქართული მიწათმოქმედების აღორძინებას დაედება სათავე. ამ მიწას ბევრი განსაცდელი გამოუვლია, მაგრამ დღემდე მაინც მოაღწია. კახელი მიწათმოქმედის მარჯვენა ერთნაირი წარმატებით უმკლავდებოდა როგორც მტრის შემოტევას, ასევე ვაზის მოვლასაც. ძალიან მალე იგრძნობენ თელაველი, გურჯაანელი, ქიზიყელი, ახმეტელი გლეხები, რომ სახელმწიფო მათზე დგას და ძირითადი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის აღორძინებაა“ - აღნიშნა ძეგლის გახსნისას პრეზიდენტმა.
პრეზიდენტს კი მოეწონა ძეგლი, მაგრამ რიგით თელაველებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია:
მამუკა (43 წლის, ინჟინერი): „მე დიდ ექსპერტად არ გამოვდგები, მაგრამ მაინც ვიკითხავ: რა უგავს ამას კახელისას? მე რუსს უფრო ვამსგავსებ“.
თეონა (21 წლის, სტუდენტი): „სააკაშვილის სიტყვებს ვუსმინე გუშინ, მიწათმოქმედების აღორძინება ამ ძეგლით უნდა დავიწყოთო. სიმართლე გითხრათ, დავიღალე ამდენი დაპირებით. რაც ამ ძეგლში დაიხარჯა, იმ ფულით ტრაქტორები ეყიდათ და სოფლად დაერიგებინათ, აჯობებდა“.
იაგო (30 წლის, გამგეობის წევრი): „ბრწყინვალე ძეგლია, მე ვიტყოდი, ხელოვნების ნიმუშიც. მიხარია, რომ ბატონ მიხეილსაც მოეწონა. იმედი მაქვს, ეს ძეგლი თელავის ისეთივე ღირსშესანიშნაობა გახდება, როგორც მეფე ერეკლეს სასახლე, ა. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში, ძველი შუამთის მონასტერი და მისთანანი“.
ICK - კახეთის საინფორმაციო ცენტრი
http://www.ick.ge/Information Center of Kakheti


P.S. თემა იხსნება
libero-ს თხოვნით