მოდით ჩამოვწეროთ ჩვენს ქვეყანაში არსებული სამკურნალო კურორტების შესახებ.
ამ განყოფილებაში ბევრი სამედიცინო პერსონა იკრიბება და საინტერესო იქნებოდა მათი აზრი და ინფორმაცია კონკრეტული კურორტების შესახებ,
რომელი რა დაავადებების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის არის და ა.შ
აგრეთვე საინტერესო იქნებოდა პირადი გამოცდილება-შთაბეჭდილებების გაზიარება.
მაგალითად დავიწყოთ ასო ა-დან
1. ახტალა
საქართველოში ერთადერთი ფსევდოვულკანური სამკურნალო ტალახის საბადო ახტალა გურჯაანში,
ცივ გომბორის ქედის ჩრდილო - აღმოსავლეთ კალთის ძირში, ახტალის ქვაბულში მდებარეობს. ტალახი 250 მეტრი სიღრმიდან ამოდის.
ახტალის ტალახის სამკურნალოდ გამოყენება ხდება ვანების და ელექტრული ტამპონების სახით.
გამოიყენება ამოვარდნილობებისა და მოტეხილობების შემდგომ პერიოდში;
პერიფერიული ნერვული სისტემის, რადიკულიტის, ფლექსიტის, იშიაზის, პოლიუმიელიტის ნარჩენი მოვლენების,
ცერებრალური დამბლით გამოწვეული პარეზების, მუცლის ღრუს შეხორცებითი, ქალის სასქესო ორგანოთა, კანის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ტალახის პროცედურები განსხვავდება. მამაკაცებს ტალახით სავსე აბაზანებში აწვენენ, ქალებს კი ტალახწასმულ ზეწრებში ახვევენ.
ტალახი ცხელია და პროცედურა 15 წუთი გრძელდება. ტალახის პროცედურებთან ერთად გამოიყენება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპიული მკურნალობა აპარატურით.
http://ick.ge/ka/photogalleries/2382-2010-...2-10-44-33.html



* * *
2. აბასთუმანი
დაბა ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში, ადიგენიდან 25 კმ-ზე, ახალციხიდან 28 კმ-ზე.
აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება.
ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზიდული ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, სადაც დომინირებს ფიჭვი. ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მერყეობა აბასთუმანში სრულიად უმნიშვნელოა. დღისით არ ცხელა, საღამოს კი გრილა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37°C, მინიმალური კი -32 C
აბასთუმანში არსებული თერმული წყლების გამო იგი კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად მიიჩნევა. აგრეთე არის ტუბსანატორიუმები და ასტროფიზიკური ობსერვატორია

