წყარო
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=14677http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...i-shemodis.htmlფიზიკურ პირებს, შესაძლოა, გარკვეული ტიპის პნევმატური იარაღის რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცეთ, მაგრამ კერძო დაცვით საქმიანობაში, პნევმატური იარაღის გამოყენება შესაძლოა აიკრძალოს. ამასთან, დასახლებულ ადგილებში, პნევმატური იარაღიდან სროლაზე ჯარიმა დაწესდება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება - “იარაღის შესახებ” კანონში შედის, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. პარლამენტში, პროექტის განხილვა კი, უახლოეს მომავალში დაიწყება.
ვინაიდან, პნევმატურ იარაღთან დაკავშირებით, აქამდე, რეგულაციები არ არსებობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახლებული მიდგომა ჩამოყალიბდება. კერძოდ, დაწესდება - მათი რეგისტრაციის წესი, საფასური და სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის დამტკიცდებისა და აკრძალვის კრიტერიუმები.
პროექტის მიხედვით, პნევმატური იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს - შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად.
კანონის დღეს მოქმედი ნორმა მითითებას ითვალისწინებს - სამოქალაქო ბრუნვაში აკრძალულ პნევმატურ იარაღებზე, რომლის პარამეტრებს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო განსაზღვრავს. თუმცა, ასეთი პარამეტრები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის და მესაკუთრეებს პრობლემები ექმნებათ - როგორც პნევმატური იარაღის საქართველოში შემოტანასთან, ასევე მის შეძენასთან, შენახვასა და ტარებასთან დაკავშირებით. ამიტომ, გარკვეული კატეგორიის პნევმატური იარაღის მფლობელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, იარაღის რეგისტრაციის შესაძლებლობას აძლევს.
სამინისტროს შეფასებით, პნევმატური იარაღის რეგისტრაცია, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს აღნიშნული ტიპის იარაღის ბრუნვის კონტროლის გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ, მათი მესაკუთრების უფლებებს დაიცავს.
კანონპროექტის მიხედვით, პნევმატური იარაღის პარამეტრებს, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაზღვრავს და დაამტკიცებს. კერძოდ, სამინისტრო სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სპორტული პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს დაამტკიცებს, რომლის ტარებაც შესაძლებელი იქნება.
ამას გარდა, სამინისტრო იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს დაამტკიცებს, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება და სამინისტროს პრეროგატივა იქნება - ასეთი იარაღის რეგისტრაციის წესის, მათი ტარების წესისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა, რომლის ტარებაც აკრძალული იქნება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის თანახმად, დასახლებულ ადგილებში, პნევმატური იარაღიდან სროლაზე, ჯარიმა წესდება.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით დგინდება, რომ დასახლებულ ადგილებში, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლისთვის, პირს 200 ლარით დააჯარიმებენ და თან იარაღის კონფისკაციასაც მოახდენენ. ხოლო ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან გატანა, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.
ამასთან, პროექტით, კერძო დაცვით საქმიანობაში, პნევმატური იარაღის გამოყენება შესაძლოა აიკრძალოს.
კანონის დღეს მოქმედი ნორმით, კერძო დაცვით საქმიანობაში მხოლოდ სამოქალაქო სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაა აკრძალული. პროექტით კი დგინდება, რომ კერძო დაცვით საქმიანობაში, პნევმატური იარაღის გამოყენებაც იკრძალება.
რახდება, პნევმატური იარაღებით ყაჩაღობები დაიწყო თუ დასახიჩრების ფაქტები იზრდება?
რას ფიქრობთ რითია გამოწვეული კანონმდებლობის შეცვლა?