teonala
Rainbowmaker

      
ჯგუფი: Members
წერილები: 14860
წევრი No.: 20013
რეგისტრ.: 29-May 06
|
#30934457 · 29 Apr 2012, 22:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალექსანდრე ლორთქიფანიძე - ''ცხრაკლიტული''
ერთი მომენტი მახსენდება: 1999 წელია. მე და გია 30-31 წლისები ვართ. სიგარეტს ვეწევით შოთას ძეგლთან. რა იცის შოთამ სიგარეტის გემო. უცებ, გია დგება, კიბეზე ჩადის და ტაქსის აჩერებს. მე გაკვირვებული ვუყურებ. წინა კარს აღებს, ჯდება. „მალე მოვალ, ჩაშკა“ - ფანჯრიდან მეძახის, „ჩაშკას ნუ მეძახი, ბიჭო“ - უკვე მეათასედ ვბრაზდები. გია რომ მოვა, მაინც „ჩაშკას“ დამიძახებს. ვერ მპატიობს, რომ ლუდს ყოველთვის ჩაი მერჩივნა. ჯერ „ჩაის“ მეძახდა, მერე მიხვდა, რომ ბანალური იყო და კნინობითი ფორმა მომიძებნა, არც ჩემმა გაბრაზებებმა უშველა და არც დაფიცებამ, შემრჩა კლიჩკა. ჰო. გია იმ მომენტის მერე აღარავის უნახავს. გაქრა. დაიკარგა.
ყველაფერი კი ბევრად უფრო ადრე იწყება, ჩვენს ბავშვობაში. ჩემ კორპუსში ახალი მაცხოვრებლები გადმოდიან. მე ამას მაინცდამაინც ვერ ვაანალიზებ, მხოლოდ 4 წლის ვარ. მეგრული ოჯახია, ამას მერე ვხვდები, 3-4 წლის შემდეგ. გია უცნაური ბავშვია, გულჩათხრობილი, ეზოში იშვიათად ჩამოდის. სკოლაშიღა ვუმეგობრდები. „თოდუა“ - ამბობს მასწავლებელი. გია დგება. გია მხოლოდ მაშინ დგება, როცა მის გვარს კითხულობენ, შესვენებებისას ურჩევნია მერხთან იჯდეს, გაუნძრევლად. მერე თანდათან გვეჩვევა. მალე ვხვდები, რომ ყველა გაკვეთილი ჩვენზე უკეთ იცის. არ ამბობს. ვუმეგობრდები. ახლა უკვე ერთად დავდივართ სკოლაში. მე და გია. ვჩხუბობთ. ფუნთუშებისთვის გამოყოფილი კაპიკებით უცხოური ეროტიული ჟურნალების პოსტერებს ვყიდულობთ, არალეგალურად. ვოცნებობთ. სიგარეტის მოწევას ვიწყებთ. ვხულიგნობთ. პროტესტი გვაქვს. შუაღამისას ლენინის ძეგლთან ვფსამთ. ვაცდენთ გაკვეთილებს. ვკითხულობთ დეკამერონს და ელენე დარიანის დღიურებს. ამ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, თანმიმდევრობას მნიშვნელობაც არ აქვს. მერე გვიყვარდება. გიას - უფრო. „სისხლი გიყივის“ - ვეხუმრები გიას, მისი გოგოც მეგრელია. „შენ სისხლიც არ გაქვს“ - პასუხს მიბრუნებს და დანადასმულ თითზე თითებს მიჭერს. ჭრილობიდან ღია ფერის სისხლი მომდის. გია თითზე თითს მადებს. უკვე 14-15 წლისები ვართ. გიას მაკგოვერნი მოსწონს, მე დენიროს ვბაძავ. სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოს ვსვამთ. სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოს ორჯერ ვსვამთ. სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოს მარტო განსხვავებული სასმისით ვსვამთ. სუფრას მხოლოდ საქართველოს სახელით ვშლით..
მე და გია დისიდენტურ მოძრაობაში ვერთვებით. გიას მამა სტამბაში მუშაობს. საღამოობით, სამუშაო დროზე ერთი საათით მეტ ხანს რჩება სამსახურში. ამბობს, რომ მისი შვილი პოეტია და ლექსებს უბეჭდავს. მერე ჩვენ ამ ფურცლებს ყველგან ვარიგებთ: ქუჩებში, სადარბაზოებში, ეზოებში. ეს პროკლამაციებია. გიას უკვე 2 წელია უყვარს. მე ახლა შემიყვარდა. მე - უფრო. ასე მგონია. გიას მამას იჭერენ. ბევრის მამებს იჭერენ. ჩვენ გვიხარია. შეიძლება მოეკლათ კიდეც. ბოლოს გეპეიში შეგვაქვს საბუთები. მე ვზარმაცობ. სამი თვე გია მამზადებს გამოცდებისთვის, მეხმარება, მეც ვაბარებ, გია - ვერ. მისი მამა დაჭერილია. გიას სულ უფრო იშვიათად ვნახულობ. მე სტუდენტი ვარ, ახალი მეგობრები, ახალი სიტუაციები. გიას როცა ვხვდები, მეუბნება: „არა უშავს, შეიცვლება ყველაფერი“. „ჰო“ - მეც ვეუბნები. მალე გიას ოჯახი ბინას ყიდის, გარეუბანში გადადიან სადღაც. დედამისი არ მუშაობს.
მერე დრო გადის. მერე დრო გადის და გადატრიალებებია. დრო გადის და მიტინგებია. მერე დრო გადის და ომებია. დრო გადის და მე და გია ამ ყველაფერში ერთად ვერთვებით. თანმიმდევრობას მნიშვნელობაც არ აქვს. მანამდე კი მე ინსტიტუტს ვამთავრებ. 20 წლის ვარ. სამსახურში გადანაწილებაზე უარს ვამბობ. დიდი ძვრებია ქვეყანაში. უკვე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ დაუმორჩილებლობას უნდა მივყვე, ეროვნულ მოძრაობაში ვერთვები. იქ გიაცაა. ის უკვე 2 წელია იქაა. „ვერ ვიცლიდი, ლექციები და რაღაც“, - ვეუბნები. 3 წელია არ მინახავს. „ჰო, ვიცი, მეც ეგრე“ - მპასუხობს, - „ეხლა საქართველოს ჯერია“ - ამატებს. „ცოლი არ მოგიყვანია, ბიჭო?“, - ვუშინაურდები. „გაათხოვეს“ - გია იღიმის. მინდა რაღაც ვთქვა, „ვიზე“, „ბიჭო“, „როგორ“, „წამო“, „ჩემი“, - რაღაც ასეთი. ადრე უნდა მეთქვა. ამ 3 წლის განმავლობაში, როდესმე. მე იქ არ ვიყავი, თუმცა..
გია დღის გეგმას მაჩეჩებს. ვიღაცებს უნდა შევხვდეთ. გია ამბობს, რომ მნიშვნელოვანი და სახიფათო შეხვედრაა. სამნი ვხვდებით: მე, გია და ნატო. მოლდოველები არიან. თანამშრომლობას გვთავაზობენ. არაფერს ვპირდებით, მაგრამ არც უარს ვამბობთ. ჩვენ ამის გადაწყვეტის უფლება არ გვაქვს, ჩვენ ამას არავინ გვეკითხება. ნატო.. ნატო. ჰო, ისეთი არაფერი. არა, როგორ არაფერი. ნატო ლამაზია.. მეტი? არა, მეტიც - ჭკვიანია, სამართლიანი. საერთოდაც, ამ ყველაფერს ვერ ვაანალიზებ, უბრალოდ, მიყვარს. ძალიან. გიასთან ამ თემაზე არ ვსაუბრობ, შეიძლება არ მოეწონოს. ჩვენ აქ თანამებრძოლები ვართ, უკვე რამდენიმე შეხვედრაზე ვიყავით და ა.შ. მე, გია და ნატო.
როცა ცივა, მე ქურთუკს ვახვევ ნატოს. გია იმავე წამს გახდილ ჟაკეტს უკანვე იცვამს. არაფერს ამბობს. როცა ცივა, ჩვენ მაინც ვიკრიბებით. როცა თბება, მე ნატოს ხელს ვკიდებ. გია ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოდის, მისი ჯიბეები გაბერილია. როცა თბება, ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. უამრავი ხალხია რუსთაველზე. ძალიან გვცხელა და გია ნაყინებს ყიდულობს სამივესთვის. მე ნატოს ვკოცნი. ჩვენ უფრო გვცხელა. გიას, ალბათ, არა, რადგან ამ მომენტში გია ნაყინს დიდ ლუკმებად ყლაპავს. ძალიან გვცხელა და ხალხი დაშლას არ აპირებს. ვმოძრაობთ, ვყვირით, ვმოძრაობთ, ვყვირით. გრილდება. ახლა უკვე ვერაფერი შეგვაჩერებს. გრილდება და მე და ნატო ორნი ვართ, ასეც საკმარისია, ასეც ვბედნიერობთ. გიას შეხვედრებზე ვხედავთ, სხვა მომიტინგეებთან ერთად. „მალე ყველაფერი შეიცვლება“ - ამბობს გია. ჩვენთვის უკვე შეიცვალა. მე და ნატო. ნატო და მე. აცივდა. მერე დათბა. მერე აცივდა. მერე მარცხნივ გავუხვიეთ. ჩიხში. ნატო ორსულადაა. ქვეყანაში ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ახლა იბერიელები ვართ, ან ივერიელები, ან ქართლოსიანელები. ჩვენ ახალი ქვეყნის შენებას ვიწყებთ. გია ახალ რეალობას ქმნის, მე და ნატო - ახალ ოჯახს. გიას მამა ციხიდან გამოდის. ჩემი მშობლები ბიზნესს იწყებენ, თურქეთში გააქვთ რაღაც ნივთები. მე, გია და მამამისი ენგურთან ვართ. მე, გია და გიას მამა სოხუმს ვუტევთ. მე გია და გიას მამა უკან ვიხევთ, გულრიფშთან. ომი მთავრდება. მე და გია თბილისში ვბრუნდებით. გიას რა უნდა ვუთხრა - არ ვიცი. „არაფერი მითხრა“ - მეუბნება. წვერი უკვე ნახევარი წელია არ მოუპარსავს. გიას დედა არ მუშაობს. ჩემები ცდილობენ. ისეთი არაფერი. „გაიგე, თავი მოუკლავს!“ - გიას ვეუბნები. „მოკლეს“ - მპასუხობს. „ჰო, ღვთისნიერი კაცი იყო, მართალი ხარ“ - ვეუბნები. „ჰო, მოკლეს“ - მპასუხობს - „ჩვენც მოგვკლავენ“ - ამატებს. „კარგი რა, გია, ჩვენ ვიღას“.. - აღარ ვაგრძელებ სათქმელს. ჩვენც რომ მოგვკლან?
ყველაფერი იცვლება და ჩვენც. ვეღარ მოგვკლავენ. კაციშვილი ვეღარ გვიცნობს. მე პატარა ბიჭი მყავს. მშობლებს ბიზნესში ვეხმარებით, ყველანი. პატარა სექცია გვაქვს აღებული მაღაზიაში. გვყოფნისსავით. ცხოვრებაზე ვწუწუნებთ და ხანდახან, სანთლის შუქისგან ფარულად გვეტირება. გიას ხანდახან მაღაზიაში ვნახულობ. მოდის ხოლმე. გაუყიდავ რაღაცებს ვაძლევთ. ერთი-ორს. ხანდახან. „ყველაფერი შეიცვლება“ - გია ამბობს. „გაიპარსე, ბიჭო, ეგ წვერი და შეიცვლება. ბასაევი ხარ, შეჩემა?“ - ვეხუმრებისავით. „მამას გამოა“ - მპასუხობს, - „ერთი თვეც და გავიპარსავ“. მამას სახსოვრად გია 5 წელი იზრდიდა წვერს. გიას ერთი თვის მერე ვხვდები. მასთან სახლში მივდივარ. ოთახში მისი მეზობლები სხედან. გიას კიდევ 5 წელი ექნება წვერი. „ყველაფერი შეიცვლება“ - ახლა უკვე მე ვეუბნები. გიას გვერდზე გავყავარ. „ჩაშკა, აქაურობას უნდა გავეცალოთ, მალე უნდა გავეცალოთ, ბიჭო, მალე“, - მხარზე მკოცნის. მეტირება და არ ვიმჩნევ. „დამშვიდდი“ - ვეუბნები.
1998 წელია. იმის მერე, გია ბინას ყიდის, მერე ქირით ცხოვრობს. ვხვდებით ხოლმე, ვლაპარაკობთ. „მე ხო ვიცი, ნატო გიყვარდა“ - ვეუბნები. ხმას არ იღებს. „მაშინვე ვხვდებოდი, გეთქვა, ბიჭო, კი არ მეწყინებოდა“ - ვეუბნები. გია სიგარეტს აქრობს. „გაგიჟდი, ჩაშკა, რაებს იგონებ?“. ახალ ღერს უკიდებს. ერთ დღეს საპარიკმახეროში შევდივართ. გიას დიდი წვერი აქვს. წვერი მე უნდა გავიპარსო. „იდეა მაქვს, ჩაშკა“ - მეუბნება - „უნდა წავიდე აქედან, სადმე, შორს. ვაფშე, დებილი გავხდები“. ვიცინი. „ეე, გია, ატრაკებ რა“, - ვეუბნები. „არა, მართლა, ტო. სადმე უნდა წავიდე, გეუბნები“. მე სარკეში ვიყურები - თმაც შესაჭრელი მაქვს. გია გვერდით მიჯდება. „ჩაშკა, ენა რო მოვიჩლიქო? დებილად რო გავასაღო თავი? აი ნახე, ტო“. გია გამომეტყველებას იცვლის. ჯერ მეცინება, მერე ცოტა მეშინია. გიჟის თვალები აქვს. საპარიკმახეროში ვიღაც ქალი მანიკურს იკეთებს. გია ჩემკენ ტრიალდება, უცნაურად მიღიმის. „ცასკა, რისი გესინია ვაფსე, ტო, ნახე რა სესანისნავია ცხოვრება“. მე უემოციოდ ვუყურებ. გია ისევ ენას იჩლიქავს: „ცასკა, ნახე რა ნასაა“ - ქალზე მითითებს, - „ესეთი ნასა უნდა სეიყვარო და ხელის გულზე ატარო. ცხოვრება მსვენიერია, ცასკა, ტო“. „უბერავ, რა“ - ვეუბნები და ზურგს ვაქცევ. გია იქვე ჯდება. სახლამდე უხმოდ მივდივართ. „აბა სენ იცი“ - გია ისევ უკბილოდ ხუმრობს. „წესიერად დამელაპარაკე, ბიჭო“ - ვუბრაზდები. „ჰო, კაი, კაი, ჩაშკა, არაფერი ისეთი, ვიხუმრე რა“. მემშვიდობება.
მე და გია ხშირად ვხვდებით რუსთაველზე, კაფეში. ვზივართ და სკოლის პერიოდს ვიხსენებთ. მე და გია ხშირად სიგარეტს ვეწევით შოთას ძეგლთან. შოთამ რა იცის სიგარეტის გემო..
მერე დიდი დრო გავიდა. შვილიშვილებისოდენა დიდი დრო. მოწიფული ასაკისოდენა დიდი დრო. გაჭაღარავებისოდენა დიდი დრო. წვიმს ახლა. აღდგომაა. ჩემები მონასტერთან ამოვიყვანე. დავათვალიერებინებ, ლამაზი ადგილებია. ბავშვებს სუფთა ჰაერიც უხდებათ. ჩვენ დროს ყველგან დავყავდით ხოლმე ექსკურსიებზე. ეხლანდელ ბავშვებს არაფერი უნახავთ. კაი დრო იყო მაშინ, მშვიდი. სადღეგრძელოებს თითქმის აღარ ვსვამ. ვისკის წრუპვა მირჩევნია. ეხლა მამაოს ვნახავთ და დავბრუნდებით უკან, კაი სუფრას გავშლით რესტორანში. აღსანიშნავი ამბავია აღდგომა, აბა. „დაგვლოცე, მამაო“. გვლოცავს. „ზეთი გვინდა შევწიროთ მონასტერს, სად წავიღოთ?“. მამაო გვერდითა კელიაზე გვანიშნებს. „ხვიჩა იკითხეთ იქ, იმას მიეცით. ღმერთმა შეგიწიროთ“. ავდივართ. ოთახში სიბნელეა. „ხვიჩა არის აქ?“ - ვკითხულობ - „ზეთი უნდა შევწიროთ მონასტერს“. სიბნელიდან კაცის ფიგურა იკვეთება, ჩვენკენ მოდის. „სემოდით, ღმერთმა სეგიწიროთ, კარგია ზეთი. ცუმად ოღონდ, ცხრაკლიტულია ეს, აქ ანგელოზები ცურცულებენ. სემოდით, სემოდით“. მამაკაცი ზეთებს გვართმევს. მე მიწამ მიმიკრო. ფეხს ვერ ვიცვლი. მაინც ვბედავ. არა, ვერ. არა, მაინც. ვერ. უნდა გავბედო. ვეუბნები - „გია?“. მამაკაცი ზეთებს იქვე აწყობს. ჩემკენ მშვიდად მოდის, თითქოს თვალებში მიყურებს, თავს დაბლა ხრის, ისევ თვალებში მიყურებს და მიღიმის. „ხვიცა ვარ მე, სეგესალა“, - მეუბნება. მერე ბრუნდება და იქვე, ქვის საწოლზე წვება. თვალი ეჩვევა სიბნელეს. მე კელიიდან გამოვდივარ. ზურგსუკან სალოსის გალობა მესმის. ეხლა ქალაქში ჩავალთ და კაი სუფრას გავშლით. აღსანიშნავი ამბავია აღდგომა, აბა.
--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს, დამიჯერეთ, განშორება აღარ იქნებოდა ... Verbringe deine Zeit nicht mit jemandem, der sie nicht mit dir verbringen möchte I like being a mess. It's who I am. ის, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს...
|