ძალიან საინტერესო სოფელია, ამ ბოლო დროს უფრო ქატუალური გახდა, ხშირად პოულობენ ძველისძველ ნივთებს, ჩემი სოფელია და მეთითონ ვიცი უძველესი ნაგებობები აი როგორიცაა კოშკი რომელიც ჩემ უბანში დგას

)

შიდა ქართლში, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს სასაფლაოზე დგას კოშკი, რომელიც გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება. გეგმით კავდრატულია. კოშკი (7,3 X 7,3 მ) ხუთსართულიანია. ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. დაზიანებულია: ჩაქცეულია სართულშუა გადახურვა, ჩამონგრეულია ზედა სართულის კედლები, პირველი სართული მიწით და ქვებით არის ამოვსებული. კოშკში შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ამავე სართულზე აღმოსავლეთ კედელში ბუხარი და ორი სათოფურია, ჩრდილოეთ კედელში - ორი სათოფური. დასავლეთ კედელი ყრუა. მესამე სართულზე, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში - ორ-ორი სათოფურია, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში - თითო. მეოთხე სართულზე ოთხივე კედელში თითო სათოფურია, მეხუთეზე - ორ-ორი. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობა.
კოშკი-სამრეკლო დგას ჯავახიშვილების უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კოშკზე სამრეკლო დაუშენებიათ მოგვიანებით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 5,6 მ), სამსართულიანი, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველი სართული ყრუა, მის კედლებში ორი სწორკუთხა ნიშია. მეორე სართულზე ერთი წრიული ნიში და ექვსი სათოფურია, მესამეზე - ოთხი სწორკუთხა ნიში და ექვსი სათოფური. ყველა სათოფური სწორკუთხაა, გადახურულია არქიტრავით. აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობით ამოყვანილი სამრეკლოს თაღები საკმაოდ მასიურ რვა სვეტს ეყრდნობა და გადახურულია ხის კონსტრუქციებზე მოწყობილი თუნუქის პირამიდული სახურავით.
ეხლა ერთკვირიანი გათხრები მიმდინარეობს და შემდეგი წლიდან მთელი სოფლის გამოკლვლევას აპირებენო, დარწმუნებული ვარ რომ ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენენ, ამბობენ შეიძლება ისტორია შეცვალოსო და რავი.
სოფელი ხოვლე მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის რაიონში, მდინარე ხევხმელას (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. კასპიდან 26 კილომეტრის მანძილზე.
ისიდორიანთ ეკლესია მდებარეობს მდინარე ხევხმელას დასავლეთით, სოფლის სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (13,4 X 7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და ქვიშაქვაც. შენობა დაზიანებულია: დანგრეულია ზედა ნაწილები და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმლის კვალი არ შეიმჩნევა. აფსიდის ჩრდილოეთ მხარეს ნიშია, მარჯვნივ - მცირე ზომის სათავსი. გრძივი კედლები და შეისრული კამარა წყვილი პილასტრით და შეისრული საბჯენი თაღითაა დანაწევრებული. ინტერიერში შეიმჩნევა მოხატულობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ქვიშაქვის რამდენიმე საპირე ქვა.
კვართის წმ. გიორგის ეკლესია დგას მდინარე ხევხმელას დასავლეთით, სოფლის სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შენობა დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა და კონქი, კრამიტი ჩრდილოეთ ქანობზე მთლიანად აყრილია, ხოლო სამხრეთ ქანობზე მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ჩამოცვენილია ლავგარდნის ქვები ოთხივე მხარეს, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე გარედან მიწაა მიყრილი. ეკლესიას შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავული ორი შესასვლელი აქვს - ერთი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში, მეორე - დასავლეთ კედელში (ამოშენებულია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე გვერდზე - სწორკუთხა ნიში. ასეთივე სარკმელია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილში. დარბაზის დასავლეთ კედელში სარკმლის თაღი ებჯინება კამაროვან გადახურვას. გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია.
წითელი საყდარი დგას სოფლიდან ორ კილომეტრზე, მდინარე ხევხმელას მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია. იგი გარედან წითელი თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული (აქედან მომდინარეობს სახელწოდება). შენობა დაზიანებულია: მონგრეულია ზედა ნაწილები, მთლიანად დანგრეულია ეგვტერი, კარიბჭის კედლები ერთი მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი, საპირე ქვები ამოცვენილია. შესასვლელი ორი იყო - დასავლეთით და სამხრეთით.
ეკლესიას სამხრეთიდან ეგვტერი, დასავლეთიდან კი კარიბჭე ჰქონია მიშენებული. სამივე ნაწილი გარედან სწორკუთხა გეგმაში იყო ჩასმული. ფასადები უხვად ყოფილა მოჩუქურთმებული.
წმ. გიორგის საყდარი დგას სოფლიდან 5 კილომეტრზე, მდინარე ხევხმელას მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება VI-VII საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (7,8 X 7,7 მ), ნაგებია თლილი მოწითალო, ხორბლისფერი ქვით. სამხრეთიდან მიშენებული აქვს დაბალი ეგვტერი. ეკლესია დაზიანებულია: არა აქვს სახურავი და ლავგარდანი, ჩანგრეულია ეგვტერის კამარისა და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. ეკლესიაში შესასვლელი ეგვტერიდანაა. მეორე შესასვლელი ეკლესიის დასავლეთ კედელშია. ორივე შესასვლელი განიერია, გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანი. როგორც ეკლესიის, ისე ეგვტერის აფსიდები ნალისებრია, ასეთივე ფორმა აქვს კონქების თაღებსაც. ორივე სათავსის საკურთხეველში თითო განიერი სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით.
ეკლესიაში დაცულია სამმალიანი კანკელი, რომელიც ორი, სხვადასხვა ხანის, ფრაგმენტისაგან შედგება. კანკელი პირველად XI-XII საუკუნეებში დაუდგამთ. მისგან შემორჩა მხოლოდ ექვსი პროფილირებული სვეტი და გაშლილი ფოთლების რელიეფით მორთული კაპიტელი, რომელიც მოგვიანებით, შეკეთების დროს ეგვტერის კონქის კონსოლად გამოუყენებიათ. მეორე კანკელი თაბაშირით აღუდგენიათ XIV საუკუნეში. მარყუჟებით შეკრული ფესტონებიანი თაბაშირის თაღები გაუკეთებიათ და შიგ დაუდგამთ თაბაშირისვე ფილები, რომლებზეც ამოჭრილია გეომეტრიული წნულის მედალიონები და ჩარჩო. როგორც ჩანს, ეს კანკელიც დანგრეულა და მისი ხელმეორედ აწყობის დროს ზოგი ნაწილი თავის ადგილას არ ჩაუსვამთ.
ეკლესიის დასავლეთ კედელზე და აფსიდში შემორჩენილია მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. სტილისტური ნიშნებით მოხატულობა XII საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს.
ფასადების დეკორიდან შემორჩენილია აღმოსავლეთ სარკმლის თავსართის ფრაგმენტი. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე, გვიანდელი შეკეთების დროს, რუხი ფერის დაუმუშავებელი ხის ფილები ჩაუსვამთ.
წმ. თევდორეს ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით 300-400 მეტრზე, სასაფლაოზე. მოსახლეობა მას კვირიკწმინდასაც უწოდებს. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (8,7 X 4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვა და აგურიც. შენობა დაზიანებულია: დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე ამოვსებულია მიწით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარი გარედან არქიტრვულია, შიგნიდან - თაღოვანი. არქიტრავი ქვიშაქვისაა, თაღი მწვანე ფერის ტუფის თლილი კვადრებითაა ნაწყობი. ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული ჰქონია კარიბჭე, რომლის მხოლოდ დასავლეთ კედლის ნაწილია შემორჩენილი.