კოალიცია „ქართული ოცნების“ წნორის შტაბის უფროსის მალხაზ ლაზარიაშვილის განცხადებით, 29 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, დაუდგენელმა პირმა კოალიციის წნორის შტაბს ესროლა. იმ დროისთვის შტაბში მყოფი ნოდარ კუტიბაშვილი აცხადებს, რომ ტყვია კედელმა აისხლიტა და აივანზე მყოფ ბავშვს და მამაკაცს რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა.
„ჩემს სამუშაო ოთახში ვიყავი, ვმუშაობდი. მაგიდა ფანჯრის გვერდზე დგას. ჩემთან ერთად ნუგზარ ბეგიაშვილი და ამავე სახლის პირველ სართულზე მცხოვრები ქალბატონი იყვნენ. ვსაუბრობდით. საუბრის დროს ტყვიის გავარდნის ხმა გავიგეთ, გეკოდან რომ ისვრიან, აი, ზუსტად ისეთი ხმა ჰქონდა. ფანჯარასთან ახლოს კედელს მოხვდა, რომელმაც აისხლიტა და ტყვია აივნის მიმართულებით წავიდა. აივანზე ჩვენი ერთ-ერთი წევრი დიმიტრი კუტიბაშვილი და პატარა ბავშვი იდგნენ. ტყვიამ მათ სახის წინ გაუარა. სროლის ხმაზე ქალბატონს შეეშინდა და გარეთ გავარდა. დაინახა, რომ სკოლის კართან მანქანა იყო გაჩერებული, ბადრიჯნისფერი „გოლფი“, რომელიც მაშინვე წავიდა დიდი სისწრაფით. ბავშვმა გვითხრა, სკოლის ეზოში მამაკაცი დავინახე, რომელსაც ხელში თოფი ეკავაო. მე ჩავედი პოლიციაში და განცხადება დავწერე. წამიყვანეს სიღნაღში, პოლიციაში. შემოვიდა პროკურორიც, დამკითხეს. მერე მოიყვანეს სხვა წევრებიც, ვინც ამ ფაქტს შეესწრო. ისინიც დაკითხეს“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნოდარ კუტიბაშვილმა.
ნუგზარ ბეგიაშვილი, „ქართული ოცნების“ წნორის შტაბის წევრი: „ნამდვილად ტყვიის ხმა იყო. თავიდან გვეგონა, რომ ბანერს დაუმიზნეს, მაგრამ ბანერი დაზიანებული არ აღმოჩნდა. როცა გავიხედეთ, გამვლელი არავინ არ იყო. სკოლის პირდაპირ მანქანა იყო, რომელიც სწრაფად დაიძრა და წავიდა. დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ნამდვილად ტყვიის ხმა იყო“.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას სიღნაღის პოლიცია აწარმოებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით სიღნაღის პოლიციასა და პროკურატურაში კომენტარი არ გააკეთეს.
http://ick.ge/ka/articles/10707-2012-04-30-16-51-20.html