წაიკითხეთ.

თუ არ წაიკითხავთ ნურც დააკომენტარებთ...
გარწმუნებთ, ის სიტყვები, რომელიც აბაშიძემ და პრიმაკოვმა ერთმანეთს უთხრეს, "საჭირო ყურებამდე" უკვე მიტანილია 11:28 30-09-2013
რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პროფესორს, სერგეი გრიზუნოვს ესაუბრა. - ბატონო სერგეი, უკანასკნელ დღეებში რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მრავალი პასუხგაუცემელი და საინტერესო კითხვა დაგროვდა, მაგრამ კარგი იქნება თუ ჩვენს საუბარს შიდა ქართლში რუსი მესაზღვრეების მიერ ე.წ. სადემარკაციო საზღვრის მშენებლობის პრობლემით დავიწყებთ. ამ თემაზე მოსკოვსა და თბილისს სხვადასხვაგვარი ახსნა აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული მხარე მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებებისგან თავს იკავებს, მაგრამ ბატონი კარასინი ქართულ მხარეს ვითარების პროვოცირებაში მაინც ადანაშაულებს. თქვენი აზრით, რა ხდება? რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მოსაზრება, რომ ვილნიუსის სამიტის წინ, რომელზეც საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის ასოცირებული წევრობის შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ქართული მხარე პროვოკაციაში ჩაითრიოს და ამით საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებში ინტერგრირების პროცესი შეაფერხოს?
- ჩემთვის კარგადაა ცნობილი, რომ პრაღაში გამართულ ბოლო შეხვედრაზე ჩემმა თანაკურსელმა, მეგობარმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა და მეორე ჩემმა მეგობარმა, საქართველოს პრემიერის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, საკმაოდ მწვავედ და მე ვიტყოდი, პრინციპულადაც განიხილეს ეს საკითხი მოლაპარაკებებზე.
ვიდრე თქვენს კითხვაზე გავცემდე პასუხს, უნდა ვთქვა, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ორი ღირსეული ადამიანი რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარებით არიან დაკავებული. ისინი ჯერ დუმან, მაგრამ მერწმუნეთ, საქმე წინ მიდის. დიპლომატია ისეთივე კულუარული საიდუმლო საქმიანობაა, როგორც დაზვერვა.
თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში საზღვრები იშლება და ქრება. საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთს ასეული წლები ებრძოდნენ, მაგრამ დღეს მათ შორის საზღვარზე არც საგუშაგოებია, არც დროშები და არც მავთულხლართები. საქართველო და რუსეთი ცივილიზებული სამყაროს ნაწილი არიან, მაგრამ ჩვენ ძალიან ხშირად არაცივილიზებულად ვიქცევით. რუსეთი ცდილობს ახალი ბერლინის კედლების აშენებას. ის, რაც ახლა შიდა ქართლში ხდება, საბჭოური სულიერებისა და პოლიტიკის გაგრძელებას ჰგავს.
რუსეთი საბჭოთა ხელისუფლების შეცდომებს იმეორებს. საერთოდ, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა ჩემი სერიოზული კრიტიკის საგანია. საქართველოსა და რუსეთს სხვა გზა არ აქვთ, თუ არა ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ვერტმფრენების უაზრო მოძრაობების, მავთულხლართებისა და წვრილმანი უთანხმოებებისგან. ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება და დარწმუნებული ვარ, საქართველო და რუსეთი კეთილი მეზობლები გახდებიან.
- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს?
- დიახ, რუსეთი საქართველოს მიმართ ეჭვიანობას მთელი ძალით გამოხატავს. აღსანიშნავია, რომ ეს რუსეთში ანტიამერიკანიზმის გაძლიერების ფონზე ხდება. მოსკოვში ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ საქართველო აშშ-ის მარიონეტია. საქართველოსადმი ამგვარი დამოკიდებულება აშშ-სადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების გამო ვლინდება. ანუ, ამგვარი დამოკიდებულება უფრო აშშ-ს ეხება, ვიდრე საქართველოს. 2008 წლის ომმა ორი ქვეყნის ურთიერთობებს გიგანტური ზიანი მიაყენა. მაგრამ მე ვიხსენებ ბაბუაჩემის, საბჭოთა გენერლის სიტყვებს, რომელსაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული როგორც ხალხინგოლის, ისე საბჭოთა კავშირ-ფინეთისა და მეორე მსოფლიო ომში. იგი ამბობდა - შვილო, ის, რაც ძალით არის დაპყრობილი, ვინც არ უნდა იყოს, ადრე თუ გვიან, იმის დაბრუნება მოუწევს.
რუსეთში ქორებს და რუსეთის ხელმძღვანელობის ნაწილის აქვთ სურვილი, არ მოასვენონ საქართველო. ადამიანებს სამხრეებში ასეთ სიტუაცია აწყობთ, ვინაიდან მათ ორდენებისა და ჩინების მიღების საშუალება აქვთ.
- ანუ, თქვენ არ გამორიცხავთ, რომ ვილნიუსის სამიტის წინ რუსეთი უკრაინასა და საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას გეგმავს?
- სამწუხაროდ, იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც რუსეთმა სამხრეთ კავკასიის მიმართულებით გადადგა, ყველაფერი მოსალოდნელია და გამორიცხული არაფერია.
- იქნებ, ის, რაც ხდება უკავშირდება იმას, რომ რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ჟენევის პროცესის ფორმატის შეცვლის საკითხის დაყენებისთვის სერიოზულად ემზადება. მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს ჟენევის რუსულ-ქართულ კონსულტაციებში აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეების სრულფასოვნად ჩართვას, რისთვისაც რუსეთი საჭიროდ მიიჩნევს სამხრეთ ოსეთს თუნდაც ცალმხრივად ჰქონდეს დაფიქსირებული საზღვარი საქართველოსთან? ამგვარ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ რუსეთის რეჟისურით სოხუმმა და ცხინვალმა ჯერ უარი თქვეს ჟენევის კონსულტაციებში მონაწილეობის მიღებაზე, მაგრამ უცებ გადაიფიქრეს, ვინაიდან ჟენევის შემდეგი შეხვედრა ერთგვარად საიუბილეოა და ამჯერად ჟენევაში, ე.წ. ჟენევის პროცესის 5 წლისთავი აღინიშნება. ხომ არ ემზადება რუსეთი ჟენევის მორიგ შეხვედრაზე კატეგორიულად დააყენოს ჟენევის ფორმატის შეცვლის საკითხი?
- ვშიშობ, ვერ შევძლებ ჩემი ჭკვიანური პასუხით თქვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. ვერ გეტყვით, არ ვიცი. სოხუმი და ცხინვალი ისე მოიქცევიან, როგორც მათ ეტყვიან. შემთხვევითი სულაც არ უნდა იყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების ვლადისლავ სურკოვისთვის ჩაბარება.
- დიახ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების კურატორად პუტინმა კრემლში დაბრუნებული, თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური სისტემის შემქმნელი, კრეატიულობით გამორჩეული ვლადისლავ სურკოვი დაინიშნა. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს სურკოვისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების ჩაბარება? ამ პოზიციაზე მისი დანიშვნა სოჭის ოლიმპიადის ჩატარებას უკავშირდება თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში კრემლის მხრიდან ახალი სტრატეგიის ძიების მცდელობას?
- ამ დანიშვნამ ჩემზე ორგვარი შთაბეჭდილება დატოვა. ერთი მხრივ, იგი დაბრუნდა ხელისუფლებაში მას შემდეგ, როცა ხელისუფლებიდან წასვლის მიზეზი მთლად გასაგებად არ განუმარტავს. მეორე მხრივ, იგი იმ ფლანგზე გადაიყვანეს, რასაც "შავი ხვრელი" ჰქვია. დღეს აუღიარებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ის რეგიონებია, სადაც ჰყვავის კორუფცია, უმუშევრობა, სიღატაკეა და ბევრი რამ დანგრეულია. აღსანიშნავია, რომ სურკოვს დანიშვნა პირველმა კადიროვმა, როგორც ჩეჩენმა ჩეჩენს მიულოცა. არ გამოვრიცხავ ასეთ ვარიანტსაც - სურკოვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კურატორად დანიშვნა მისი არაკეთილისმსურველთა სურვილი იყო. ასეთები კი მას უმაღლეს ეშელონებში მრავლად ჰყავს. დანიშვნის საბოლოო მიზანი კი მისი დისკრედიტაციაა. ასეთი შთაბეჭდილება იმიტომაც მრჩება, რომ დღეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსების საკითხებში უფრო მეტი კითხვებია, ვიდრე პასუხები. მაგრამ, ვიმეორებ, მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება და ადრე თუ გვიან ბერლინის კედლები ინგრევა.
- თქვენ გამორიცხავთ, რომ მისი დანიშვნა სოჭის ოლიმპიადასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში მოსკოვის ახალ სტრატეგიას უკავშირდება?
- რაც უფრო ახლოვდება სოჭის ოლიმპიადის თარიღი, ცივილიზებული სამყაროს თვალში მით უფრო ცუდი იმიჯი ექმნება ქალაქ სოჭს. ეს არ უკავშირდება მხოლოდ წყალდიდობებსა და სტიქიის ნამოქმედარს. ბევრმა ხელოვანმა და პოლიტიკოსმა უკვე დაიწყო სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების კამპანია. იმის გათვალისწინებით, რომ სურკოვი გამოცდილი იმიჯმეიკერია, შესაძლოა, ნაწილობრივ მის ფუნქციებში სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული საკითხები შედიოდეს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ.
რაც შეეხება ახალ სტრატეგიას, არ ვიცი აქვს თუ არა რუსეთს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ერთი სტრატეგია. კრემლს რამოდენიმე კოშკურა აქვს და ყველა კოშკურაში პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ხედვა არსებობს. მიმაჩნია, რომ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში ჩამოყალიბებული და ერთი სტრატეგია არ აქვს.
- ვითარებაში, როცა ქონებრივ საკითხებზე მომუშავე რუსულ-აფხაზურმა კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც აღნიშნული კომისია ქართული ეროვნების რუსეთის მოქალაქეების პრეტენზიებს, აფხაზეთში ქონების დაბრუნების განცხადებებს არ განიხილავს, როცა აფხაზეთის პირველი პირი, ანქვაბი აცხადებს, რომ სოხუმში ქართველები იმ შემთხვევაში არ დაბრუნდებიან თუ მათ საქართველოს მოქალაქეობაზე თქვეს უარი, აფხაზეთში ვიზიტად მყოფმა პუტინმა სოხუმის ხელისუფლებას ქართველთა უძრავი ქონების გაყიდვის ხარჯზე ადგილობრივი ბიუჯეტის შევსება ურჩია, დუგინი საქართველოში ჯერ მეგრელების და შემდეგ კი სვანების გამოყოფას პროგნოზირებს, სავარაუდოდ, კრემლის რა გეგმის რეალიზაციას შეეცდება სურკოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში?
- დუგინის მსგავს ადამიანებს ვურჩევდი, იმაზე მეტად იფიქრონ, თუ რა ხდება თავად რუსეთში და თუ რამის გაკეთება შეუძლიათ, იმ პრობლემებს დაუთმონ მეტი დრო, თუ რა ხდება რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, სათათრეთსა და ბაშკირეთში. ყურადღება არ მიაქციოთ ამ ტიპის განცხადებებს. რუსეთი დღეს ხვალინდელ რუსეთში დემოკრატიის ბედის ტანჯულ ძიებაშია. ამ თემაზე დისკუსიები მიმდინარეობს. ჩვენ გვიყვარს საუბარი იმაზე, რომ რუსული დემოკრატია დასავლური დემოკრატიისგან განსხვავდება და მას თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ რაშია განსხვავება, როგორც წესი ადამიანები ვერ აკონკრეტებენ. ყველა საუბრობს, რომ ჩვენ ისეთები არ ვართ, როგორც ისინი, მაგრამ კონკრეტულად როგორები ვართ, ჩვენ არ ვიცით. ამიტომაცაა, რუსულ საზოგადოებაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში სხვადასხვა მოსაზრებები და მიდგომები რომ არსებობს.
ჩვენთან თითქოს ყველას ესმის, რომ ჩვენ გვაქვს საზოგადოებრივი იდეალი. საჯაროდ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთი თანამედროვე, მსოფლიოში დამოუკიდებელი, ავტორიტეტული და გავლენიანი სახელმწიფოა, რომელსაც აქვს მაღალგანვითარებული ეკონომიკა, კონკურენტუნარიანი მეცნიერება, ცხოვრების მაღალი დონე და ჩვენ მრავალეროვანი ქვეყანა ვართ, რომელშიც განსაკუთრებულ როლს რუსი ხალხი ასრულებს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს უმნიშვნელოვანესი ღირებულებები და ვართ საზოგადოებრივი იდეალის გარეშე. და ამ იდეალის მიღწევა პრაქტიკულად არარეალურია. მხედველობაში მაქვს ალტერნატიულ საფუძველზე ხელისუფლების ცვლილება, ოპოზიციაზე, როგორც პოლიტიკური სისტემის უმნიშვნელოვანეს შემადგენელზე წარმოდგენის ქონა და ხელისუფლების განაწილების სისტემის არქონა.
- ამას წინათ, თბილისი-მოსკოვის ვიდეოხიდში მონაწილეობისას თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველო ევრაზიული კავშირის ფარგლებში გარკვეულ პროექტებში მონაწილეობს. საქართველო მტკიცედ ახორციელებს ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკას და ხომ ვერ დააზუსტებდით ევრაზიული კავშირის ფარგლებში რა პროექტებში მონაწილეობს საქართველო?
- ამ თემაზე ახლა თავში არაფერი ჭკვიანური არ მომდის. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენთან 27 ოქტომბრისათვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მთავარი ისაა, რომ რუსეთისგან განსხვავებით საქართველოში არის გარემო, რომელიც დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში თითქმის პირველი ქვეყანაა, სადაც ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით მოხდა. თქვენ გყავთ საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია, პარლამენტი, რომელშიც შინაარსიანი კამათი მიმდინარეობს სხვადასხვა საკითხებზე, თქვენ გაქვთ რუსეთისგან განსხვავებით ბევრად უფრო დამოუკიდებელი სასამართლო, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ცოცხალი ჟურნალისტიკა, რომელიც ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება.
ჩემი აზრით, თუ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდა, ეს განაპირობებს იმას, რომ საქართველო ცივილიზებულ მსოფლიოში ღირსეულ ადგილს დაიკავებს და მრავალ საერთაშორისო პროექტებში მიიღებს მონაწილეობას.
- მათ შორის ევრაზიული კავშირის პროექტში, რომლის პრინციპები და კონტურებიც კი ბოლომდე გარკვეული არ არის?
- რა თქმა უნდა. მიმაჩნია, რომ არ იქნებოდა სწორი, თუ საქართველო მთელი თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას მხოლოდ ერთ მიმართულებაზე გააკეთებდა.
- ბატონო სერგეი, კი მაგრამ როგორ? ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი სხვადასხვა ღირებულებით და ეკონომიკურ პრინციპებს ეფუძნება და, შესაბამისად, ორივე კავშირში საქართველოს მონაწილეობა რეალისტურად არ გამოიყურება?
- ქართველები რომ ჭკიანები ხართ, ამაზე საქართველოს ისტორია და თქვენი კულტურა მეტყველებს. ამ საკითხზე ჩემგან განსხვავებით სწორ პასუხს ქართველი ხალხი გასცემს.
- 27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. როგორია ამ არჩევნებთან დაკავშირებით რუსული მოლოდინები? თქვენი აზრით, ვის გულშემატკივრობს კრემლის მმართველი პუტინი - მარგველაშვილს თუ ბურჯანაძეს?
- მე კარგად ვიცნობ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეგორული ურთიერთობები გვაქვს. იგი მოსკოვში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მას კრემლთან და თეთრ სახლთან აქვს პირდაპირი დიალოგი. მე გაცილებით ნაკლები ვიცი პრეზიდენტობის ძირითადი კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის რუსულ კავშირებზე. მაგრამ იმ ინფორმაციით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, მას გამარჯვების მეტი შანსი აქვს. არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და ამ თემაზე აჯობებს ჩვენ არ ვიმკითხაოთ.
რუსეთში მრავლად არიან საკმაოდ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა მოსკოვთან საერთო ენა გამონახოს. - გასულ კვირას, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის პირადი წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის პარლამენტის რამოდენიმე კომიტეტში ყოფნისას ცნობილი გახდა, რომ აბაშიძეს კვიპროსზე შეხვერდა ჰქონდა ევგენი პრიმაკოვთან. მართალია, ბატონი პრიმაკოვი აქტიურ პოლიტიკაში არაა, მაგრამ ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს სწორედ "პლეხანოველი პრიმაკოვი კურირებს". თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს პრიმაკოვ-აბაშიძის კვიპროსზე, ქალაქ ლიმასოლში შეხვერდა?
- მიმაჩნია, რომ აბაშიძე-პრიმაკოვის შეხვედრა ძალიან სასარგებლო იქნებოდა. მეტიც, ვფიქრობ, რომ ამგვარი შეხვედრები საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ზურაბ აბაშიძეს ალბათ ბევრი ექნებოდა. აბაშიძე თავისი ქვეყნის პატრიოტია. პრიმაკოვი გახლავთ ადამიანი, რომელსაც კოლოსალური გამოცდილება, ცოდნა და კავშირები აქვს. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლისთვის თანამოსაუბრედ პრიმაკოვისნაირი ადამიანის ყოლა, დიდი წარმატებაა. ყოჩაღ, აბაშიძე!
- რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ყველაზე რთული და მტკივნეული თემა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებია. თავად ბრძანეთ, რომ მოსკოვში არავინ იცის ამ საკითხებზე რა შეიძლება იყოს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ კითხვაზე პასუხი ბატონ პრიმაკოვს ჰქონდეს?
-
მიუხედავად იმისა, რომ იგი ფორმალურად ხელისუფლებაში არაა, პრიმაკოვი აგრძელებს რუსულ პოლიტიკაში ყოფნასა და მასზე გავლენის ქონას. მის აზრს ითვალისწინებენ. გარწმუნებთ, ის სიტყვები და ინფორმაცია, რომელიც აბაშიძემ და პრიმაკოვმა ერთმანეთს უთხრეს და მიაწოდეს, "საჭირო ყურებამდე" უკვე მიტანიალია. ამასთან ერთად, უნდა ვთქვა, რომ დღევანდელ რუსეთში რუსულ-ქართული ურთიერთობების თემა ყველაზე განხილვადი საკითხი არაა. ამას წინათ გამართულ ვალდაის ფორუმზე, რომელშიც მონაწილეობას რუსი და დასავლელი ექსპერტები იღებენ, პრეზიდენტმა პუტინმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კერძოდ, მან თქვა, რომ იგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რითაც ხელისუფლებაში ყოფნის ბრეჟნევის რეკორდს მოხსნის. რუსული საზოგადოება ახლა იმ იდეებს განიხილავს, რომელიც ამ ფორუმზე პუტინმა გააჟღერა. მან ბრძანა, რომ ჩვენი ამოცანაა თანამედროვე ცივილიზებული სახლმწიფოს აშენება, რომლის გამაერთიანებელი რუსული მართლმადიდებლობა იქნება. გამოდის, რომ რუსეთი თვითმპყრობელობისკენ მიდის. საუბარია რუსეთში არქაული, აგრესიული ფუნდამენტალიზმის თვითმპყრობელობის დაბრუნებაზე, რომელიც ღიად დაუპირისპირდება ლიბერალიზმისა და დემოკრატიის მცნებებს. დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ეს გვაღელვებს.
ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც რეალური პოლიტიკით და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებით არიან დაკავებული, ეს უნდა გაითვალისწინონ.
- ბატონო სერგეი, ბოდიში, მაგრამ რა უნდა გაითვალისწინონ? პრეზიდენტ პუტინის ეს განცხადებები ხომ უფრო მეტად არგათვალისწინების საბაბს იძლევა, ვიდრე - გათვალისწინების? ჩვენ ეს ყველამ ერთად ერთხელ ხომ გავიარეთ...
- სამწუხაროდ, ეს ასეა და ეს ჩვენთვის მტკივნეულია. რამოდენიმე დღის წინ ტელევიზიაში გადაცემა "პოედინოკის" ჩაწერაზე პროხანოვის კამპანიაში გახლდით. მე იქ ვთქვი ფრაზა, რომელიც შემდეგ ამოჭრეს, მაგრამ ახლა თქვენთან საუბარში გავიმეორებ და გეტყვით.
სამწუხაროდ, რუსეთში მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის რადიკალიზაციის პროცესი და ამას ხელს უწყობს პროხანოვის მსგავსი პიროვნებების საჯარო სივრცეში აქტიურობა. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ პარლამენტის შემდგომ შემადგენლობაში შესაძლებელია აღმოჩნდეს პროხანოვის მთელი ფრაქცია. ეს ის გახლავთ, რისგანაც ჩვენ ვცდილობდით დაგვეცვა რუსეთი, როცა ჩვენ ჩვენსავე ბერლინის კედელს ვანგრევდით. ძალიან ვწუხვარ, რომ რუსეთში ის პერიოდი ბრუნდება.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi...-mitanilia.html
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...