http://www.icmm.ge/ka/site/articles/1602/%...91%E1%83%98.htmრეპორტაჟი ვეძათხევიდან - როგორ იხოცებიან ადამიანები
2012.05.24 | 10:48
ვეძათხევი დუშეთის რაიონის სოფელია და რაიონული ცენტრიდან 12 კილომეტრით არის დაშორებული. სოფელი მეწყერულ ზონაშია მოქცეული. იქ მცხოვრები 11 ოჯახი თვეების განმავლობაში გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
2010 წელს, სოფელში 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. „საღამოს კბილი სტკიოდა. გზა არ იყო, რომ სასწრაფო მოსულიყო. დილით მკვდარი დაგვხვდა“, - ამბობს ვეძათხევში მცხოვრები ნინო ქაფიაშვილი.
2011 წლის აგვისტოში ვეძათხევში მცხოვრები 51 წლის ნოდარ ზვიადაური კლდიდან გადმოვარდა და დაშავდა. „ექიმები აქამდე ვერ ამოვიდნენ. გზა არ იყო, მეწყერმა წაიღო. ტკივილგამაყუჩებელი ნემსი გამომიგზავნეს შპრიცში ამოღებული. გავუკეთე დაშავებულს და მაშველებმა მერე ისე გაიყვანეს“, - აღნიშნა ვეძათხევის მკვიდრმა თამარ ინაშვილმა.
იმავე წლის სექტემბერში, ვეძათხევში მცხოვრებ თამუნა ფროდიაშვილს, რომელიც ორსულად იყო, მუცელი ასტკივდა. ვიდრე თანასოფლელებმა ზურგზემოკიდებული ახალგაზრდა ქალი მეზობელ სოფელში გადაიყვანეს, სადაც მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ელოდებოდათ, ნაყოფი დაიღუპა.
2012 წლის 21 მაისს ვეძათხევში 24 წლის გარსევან გოგოჭური დაიღუპა. ვეძათხევის მაცხოვრებლების თქმით, სოფლამდე მისასვლელი გზა აღარ არსებობს და ხევის გავლით დადიან. „მეზობელ სოფელში იყო და სახლში ბრუნდებოდა. ხევზე რომ გადმოდიოდა, წყალი ადიდდა და ადიდებულმა წყალმა წაიღო. 3 დღის განმავლობაში ვეძებდით და წყალმა ნაპირზე გამორიყა“, - განაცხადა თამარ ინაშვილმა.
სოფლამდე მისასვლელი გზა ახლაც მეწყერს აქვს წაღებული. მეზობელ სოფელ დუდაურებიდან, სადაც გზა წყდება, ვეძათხევამდე 2 კილომეტრია. ბილიკი ტყეზე და ხევზე გადის. ვიდრე ბილიკს დავადგებოდით, 80 წელს მიტანებული ნაბისი ზვიადაური შეგვხვდა.
„აი, მეწყერი რომ არის შვილო, რაც დათესეს სულ გაიტანა, ზოგს სულ აღარა აქვს ნათესები, სახლები იშლება. ჩემს ბიჭს გომური რაც ჰქონდა, უფრო დაბლა ეშვება ეს ადგილები. მოდიან, ამოწმებენ, არაფერი საშველი არ დაგვადგა. ეს ზამთარი რომ იყო, მთაში არ მინახია ესეთი ზამთარი. მანქანები აქ საერთოდ არ მოძრაობს. ისეთი ნამქერი იცის, რომ ტრაქტორები ფერმებამდე ძლივს მოვიდნენ, იქამდე გახვეტეს. უპატრონო ვარ, შავ ფქვილს ვჭამ. აბა, რით ვიყიდო? ზამთარში 3 კვირამდე ვიყავი ასე, მშიერი, ერთ ნატეხ პურზე. რაიონს ვურეკე, მიჭირს, ფქვილი არა მაქვს, შეშა არა მაქვს, დამეხმარეთ მეთქი, მაგრამ ყურადღება არ მომაქციეს. მერე ერთი ბიჭი დამეხმარა ფულით და ისე მომიტანეს ერთი ტომარა ფქვილი. ბიჭებმა ზურგით გადმომიტანეს სოფელში. 6 წელია რაც ეს ადგილები იმეწყრება. მოდიან, ხან სურათებს იღებენ, წითელ ხაზზე ხართო, ვითომ მთლიანი სოფელი უნდა გასახლდეს, არაფერს კი არ გვშველიან“, - გვითხრა ზვიადაურმა.
ვეძათხევისკენ მიმავალ ბილიკს, ჩვენს წინ, მხარზე შეშამოკიდებული ქალი და პატარა ბიჭი მიუყვებოდნენ. ბავშვიც შეშას მიათრევდა. ქოხი, სადაც დედა - შვილი ცხოვრობს, სოფლის შესასვლელში დგას. შეშა ეზოში დაყარეს. ბავშვმა 12 წლის ვარო, სკოლაში არ დადის, ფეხსაცმელი არ აქვს.
„მინდა, რომ სკოლაში დავდიოდე. გაღმა დავდიოდი, ოქრუანებში, მაგრამ ფეხით სიარული ძალიან მიჭირდა, ზამთარში დიდი თოვლი იყო. ახლა ფეხსაცმელი არ მაქვს“, - გვითხრა ილიამ.
„სოციალური დახმარება მომიხსნეს. ბავშვი მშიერი იყო, ტანსაცმელიც არ ჰქონდა და ვეღარ მივიყვანე სკოლაში,“ - ამბობს ბავშვის მამა იოსებ ქაფიაშვილი.
ვეძათხევში მცხოვრები 7 ბავშვიდან სკოლაში 4 დადის. „ორი ბავშვი არ დადის და ერთიც საერთოდ უსწავლელია, 7 წლისაა და ვერ დაჰყავთ სკოლაში,“ - ამბობს ლამზირა კაციაშვილი.
„ჩემი შვილიშვილია, 7 წლის არის და სკოლაში ვერ დადის. სად ვატარო? ანანურის სკოლამდე ფეხით დაახლოებით 10 კილომეტრს გადიან. თქვენ რომ დაწერეთ, გამგეობამ მერე ავტობუსი კი დანიშნა, მაგრამ ავტობუსამდე რომ მივიდნენ 3 ხევი უნდა გაიარონ, როცა წვიმს ისეთი ხევი მოდის, რომ მტკვარზე დიდია, სად ჩავახრჩო ბავშვები? ადრე ხიდიც იყო და მთავრობაც გვეხმარებოდა, ეხლა მგლებს შევაჭამოთ ბავშვები?“ - აღნიშნა ნინო ქაფიაშვილმა.
- დუშეთის გამგეობიდან ყურადღებას არავინ გაქცევთ?
- გადმოგვხედავენ და მიდიან. აბა შეხედონ, ეს დანგრეული რატომაა? იმიტომ, რომ მიწა იძვრის და დაინგრა. აქ რაღა უნდა ააშენო, არაფრის აშენება არ შეიძლება, უკვე 40 წელია მიწაა დაძრული. ზამთარშიც ველთაურებამდე გზა ჩამოწმინდეს და ეგ ნაწმენდი ჩვენ მოგვაყარეს ისე, რომ ზედ ფეხითაც ვერ გადახვიდოდი, მიბრუნდნენ და წავიდნენ.
- სურსათით ან შეშით არ გეხმარებიან?
- არაფერი. ვისაც შესაძლებლობა აქვს, ზამთრისთვის ფქვილს იმარაგებს, ზოგს კი მისი შეძენაც არ შეუძლია. აქ როგორც გინდა იმუშაო, ამაზე მეტად პურს ვერ შეჭამ. გზა არ არის. ხილს გასაყიდად ვერ გაიტან, ყრია და ლპება. გავთიბავთ მინდორში ბალახს, თივა ვერ მოგვაქვს. საქონელს გაიყვან, სადღაც უნდა ჩაგივარდეს. გააკეთებენ ტრაქტორით გზას, გაწვიმდება და ისევ გაფუჭებულია. ჩემი სახლი ყველაზე გვიან ავაშენე და სულ დახეთქილია. რამდენჯერაც გალესავ, ისევ ხვლიკები და თაგვები შედიან. ამ სახლში როგორ უნდა იცხოვრო? ახალი სახლი სულ გატეხილია და სხვები ხომ სულ ნანგრევებში ცხოვრობენ.
- როგორც ვიცით, დიდი ხანია გეოლოგებმა დასკვნა დაწერეს, რომ აქ ცხოვრება არ შეიძლება. განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროზეა დამოკიდებული თქვენი განსახლება. სამინისტროდან არაფერს გეუბნებიან?
- ქალაქიდან სამი კაცი მოვიდა აქ, სურათები მოგვიტანეს, სადაც უნდა გადავესახლებინეთ. იმ სახლების ნახვა ვითხოვეთ და მასხარად აგვიგდეს, რაო, ექსკურსიაზე გინდათ წასვლა და სახლების ნახვაო? მერე თქვეს, რომ ვითომ ის სახლები არ გვინდოდა. რა გახდა 11 ოჯახის მოთავსება, რა გაუჭირდა საქართველოს? არაფერი, ჩვენზე გული არავის შესტკივა“, - ამბობს ნინო ქაფიაშვილი.
„2005 წლიდან დღემდე გვატყუებენ, სახლს გამოგინახავთო. მლეთელებს მისცეს კომპენსაცია იმიტომ, რომ ის გზა ადგილია და ყველა ხედავს და აქ როგორც მივარდნილი, არავინ მოდის. ასე უნდა ჩაიძიროს პალიასტომივით. მე აღარც ჟურნალისტების მჯერა და აღარც სამინისტროსი. კანონი არ არსებობს, არც სოციალური დახმარებაა და არც არაფერი“,- გვითხრა ბენია ინაშვილმა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, რომ ვეძათხევიდან მოსახლეობის განსახლება სამინისტროს საქმეა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ ვეძათხევის მაცხოვრებლები სხვაგან გადასახლებაზე უარს ამბობენ.
„სამინისტრომ ვეძათხევში მცხოვრებ ოჯახებს შესთავაზა სახლები ლაგოდეხსა და ახმეტაში. თავიდან 2 ოჯახი დათანხმდა, შემდეგ კი მათაც უარი თქვეს და დუშეთის მუნიციპალიტეტში მიწების გამოყოფა და ახალი სახლების აშენება მოითხოვეს, რაც სამინისტროს შესაძლებლობებს აღემატება. სამინისტროს შეთავაზება ძალაში რჩება,“ - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა თამთა პაპუაშვილმა.
„აქ არავინ მოდის, არავინ არაფერს გვთავაზობს. გეხვეწებით, გაგვიყვანეთ აქედან, ვიდრე ყველა ამოვიხოცებით“, - მიმართავენ ვეძათხევის მაცხოვრებლები ხელისუფლებას.
ნათია დანელიშვილი | მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი
მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის დონორია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF)