#31084673 · 9 May 2012, 05:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცხრა ძმა ხერხეულიძე, მარაბდის ბრძოლაში (1625 წლის 1 ივლისი) გმირულად დაღუპული მებრძოლები. გადმოცემით, დაკრძალული არიან იქვე, სოფ. ძველი მარაბდის განაპირას წმ. მარინეს ეკლესიის მახლობლად. ცხრა ძმა ხერხეულიძის მამაცური თავდადების ამბავი ფართოდ არის ასახული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში.
მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ ყიზილბაშები უკუაქცია, მაგრამ გამოცდილმა მთავარსარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა არ დათმო ბრძოლა. ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ-ბენდე-ხანიც მივიდა მაშველი რაზმით... ქართველები შედრკნენ. ამას ზედ დაემატა ერთი საბედისწერო შემთხვევაც: მტრის ხელით მკერდშელეწილი დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი. „განჴდა ჴამდა ჰგონეს ყოველთა კახთ-ბატონის სიკუდილი და ივლტოდენ კახნი და ქართველნი“,მეფის სიკვდილი ხომ ომის დასასრულს ნიშნავდა. გვიან მიხვდნენ ქართველები საბედისწერო შეცდომას. შეთხელდა ივერიელთა რიგები. გულგანგმირულნი დაეცნენ: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსნი — რუსთველი და ხარჭაშნელი.
ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ - ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.
გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა.
ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები — რუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა მათი და ერთადერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი... საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და მამულისათვის თავდადებული მამულიშვილები.
ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველნი, მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი (ჩვ.წ აღ–ით 1625).
|