დროა საზოგადოებამ საბოლოოდ ჩამოხსნას ნიღაბი ჩვენს ხელისუფლებას და მისი რეალური სახე დაანახოს იმათაც კი, რომლებსაც მატერიალური დაინტერესების გამო უწევთ მოითმინონ ისეთი რამეები, რომელიც ნებისმიერი ცივილური საზოგადოებისათვის მიუღებელია. მე არ მესმის საკუთარი ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით უარი თქვა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე და ვიღაცის მონა გახდე, თუნდაც ეს ვიღაცა პრეზიდენტი იყოს. ბატონო პრეზიდენტო!
დავიწყოთ იქედან, რომ საბჭოთა სისტემის რღვევისა და მის ფონზე წარმოქმნილი დღევანდელი კატაკლიზმების ფონზე თქვენ და თქვენი მეგობრები, თუ საძმო, თუკი ასეთები გაგაჩნიათ, ყოველთვის თბილად იყავით და დღესაც ასევე კომფორტულად გრძნობთ თავს -- ან საზღვარგარეთ იყავით გადახვეწილნი სასწავლებლად, ანდა წამყვანი თანამდებობანი გეკავათ პარლამენტში, სამინისტროებსა თუ ინსტიტუტებში და დაკავებულნი იყავით გრანტების მოპოვება-გადანაწილებით თუ მიტაცებით. აბა სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ საგრანტო კონკურსებში ყოველთვის ერთი და იგივე სახელებისა და სახეების მქონე თქვენთვის სასურველი ადამიანები „იმარჯვებდნენ“ და იმარჯვებენ დღესაც... მე თქვენ ირგვლივ შემოკრებილ ერთობას ადრე სხვებივით „გრანტიჭამიებს“ ვეძახდი და როცა მხცოვანი, გასაცოდავებული, ნაშიმშილევი და დაჩიავებული თქვენივე მასწავლებლები, რომელთაც იმისი ილაჯიც კი არ შერჩენოდათ, რომ ჩვენსავით (შედარებით ახალგაზრდებივით) ერთდროულად რამდენიმე ადგილას ემუშავათ და ფიზიკური განადგურების საფრთხე აეცილებინათ თავიდან და შიმშილისაგან დაოსებულნი კვდებოდნენ უმაღლესი სასწავლებლის კიბეებსა თუ აუდიტორიებში... გვარებისა და სახელების დასახელებისაგან თუნდაც იმიტომ შევიკავებ თავს, რომ მათ დანატოვარ მემკვიდრეთა ღირსებას და სახელს ჩრდილს ვერ მივაყენებ და ნაიარევს ვერ განვუახლებ... თქვენნაირი „გრანტიჭამიები“ მაშინაც უწყლო უდაბნოს ოაზისში ცხოვრობდით და შესაბამისად, უფრო უკეთ ხართ დღესაც... საერთოდ არ გაწუხებთ ის ფაქტი, რომ თქვენს მიერ ხელმოწერილი ბრძანებების წყალობით, უმაღლესი სასწავლებლების თუ სკოლების გაუქმება-შეერთების თაობაზე, მივიღეთ ათასობით უმუშევარი ადამიანი, ხოლო ათიათასობით მათ უკან მდგომი ოჯახის წევრები ფაქტობრივად შიმშილით სასიკვდილოდ იქნა განწირული. ერთი დაინტერესდით და მოიკითხეთ სასწავლო დაწესებულებებში კადრების ოპტიმიზაციით უმუშევრად დარჩენილთაგან რამდენი გადარჩა ცოცხალი...ანდა, რამდენ ხანს გაძლო უფუნქციოდ დარჩენილმა პედაგოგმა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ... დიახ, ეს სწორედ ის ხალხია, რომელთაც გასული საუკუნის ავადსახსენებელ 90-იან წლებში საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე თავის მხრებზე ატარეს მშობლიური უნივერსიტეტის თუ სკოლის პატივი და ღირსება და ხშირად ფეხით უვლიათ ათეულობით კილომეტრი, მაგრამ ლექცია-სემინარები არ ჩაუგდიათ, განა იმისათვის, რომ ხელის ერთი მოსმით თქვენი დამქაშებისათვის ჩაგეგდოთ ხელში და იოლი ბიზნესის წყაროდ გადაგექციათ სასწავლო პროცესი. ერთი იმ „ჭკუის კოლოფის“ თავში ჩამახედა, ვინაც განათლების სფერო „ფუფუნების რანგში“ აიყვანა და ამით მოტივაცია დაუკარგა ახალგაზრდობას!!!... ანდა, ასე დაჟინებით რომ გაიძახით მექრთამეობა იყო და მექრთამეობაო, კი ბატონო, არ გამოვრიცხავ, პირდაპირ ვიტყვი, პირადად მე არ ვიყავი ამ „მარაქაში“ გარეული და ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა სხვებს მივანდოთ, ვინაც კომპეტენტურია, მაგრამ ერთ საკითხზე კი ნამდვილად მაინტერესებს თქვენი აზრი: თუ იცით, რამდენი სტუდენტი იღებს ასპროცენტიან გრანტს სწავლების დასაფინანსებლად? ხოლო დანარჩენი ყოველწლიურად ოჯახის ბიუჯეტიდან იხდის სწავლის საფასურს 2200-დან 2900 ლარამდე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, შესაბამისი პროცენტული განაკვეთით, არაფერს ვამბობ ე.წ „პრესტიჟულთა“ რანგში აყვანილ თქვენი და თქვენი ოჯახის პატრონაჟის ქვეშ მყოფ უნივერსიტეტებზე, იქ ისეთი ფასებია, რომ... მოკლედ, თქვენ უფრო კარგად უწყით ფასების თაობაზე... ახლა დავუბრუნდეთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს, ე.ი. 4 წლის განმავლობაში გრანტის არმქონე სტუდენტი საბაკალავრო დიპლომის ასაღებად სახელმწიფოს უხდის 9000-დან 12000-მდე ლარს. ე.ი. თითოეული სტუდენტის ოჯახის ბიუჯეტიდან მინიმუმ 9000 ლარი მაინც გადის, მაგრამ ეს თანხა ილექება არა რომელიმე კონკრეტული მექრთამის ოჯახში, არამედ შედის ბიუჯეტში, რომელსაც თქვენ განკარგავთ... ახლა მეორე საკითხი, რა შეიცვალა სტუდენტისათვის, უფრო ზუსტად აბიტურიენტისათვის? არაფერი, უბრალოდ ადრე არსებული ქრთამის გადამისამართება მოხდა ოფიციალურ დონეზე, მაგრამ რამდენჯერმე გაძვირებული ფორმით, რადგან ჩემს მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად უმაღლეს სასწავლებლებში ჩაწყობით მოწყობილებზე მოარული ჭორებით 10000-იანი გადასახადი თითზე ჩამოსათვლელ პრესტიჟულ იურიდიულ და სამედიცინო სპეციალობებზე იყოო, ახლა კი ეს თანხა მინიმალური გადასახდელია ყველასაგან... ანუ რა გამოდის? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება...ფული სახელ და მისამართ შეცვლილი ფორმით ცივილური გზებით თქვენს „გამჭირვალე“ ბიუჯეტში შედის, მაგრამ მას ქრთამი არ ჰქვია, არამედ ჰქვია სწავლის საფასური, რის გამოც ათასობით უფულო სტუდენტს შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი სწავლის ქირის გადაუხდელობის გამო და რომ არა არჩევნების მოახლოება და რეალურად მოაზროვნე სტუდენტების თავგამოდება, დღესაც შეჩერებული ექნებოდათ მათ ეს უფლება, რატომ იყო ასეთი საგანგაშო ეს ვითარება? იმიტომ, რომ ამ კატეგორიაში ძირითადად მოხვდნენ ის თითზე ჩამოსათვლელი სტუდენტები, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ სწავლა, მაგრამ არა აქვთ ფულის გადახდის საშუალება!!! რა თქმა უნდა, არავინ ლაპარაკობს 100 პროცენტზე... ესაა თქვენი ხალხზე ორიენტირებული მთავრობა? რა ვიცი, მე ასე ვერ ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ კარგსაც ვხედავ, თქვენი გუნდის მიერ გაკეთებულს, მაგრამ იმდენი გულშემატკივარი და მეხოტბე გყავთ ტელევიზიებით დაწყებული და სახელმწიფო მოხელეებით დამთავრებული, რომ ჩემი ადგილი მათ რიგებში არ არის. ამასთანავე, შესანიშნავად ვიცი და ვხვდები, რომ სახელმწიფოს მართვა ყველაზე უძნელესი საქმეა და ვინც ამაზე პრეტენზიას განაცხადებს, მას დღე-ღამეში ორი 24 საათიანი დროის რეჟიმში უნდა უხდებოდეს მუშაობა... თქვენ და თქვენი იდეოლოგიური სულის ჩამდგმელებს კარგად აქვს დამუშავებული სოროსის ცნობილი შეგონება: პოლიტიკაზე თუ ორი ადამიანი საუბრობს, ერთი აუცილებლად ჩვენი უნდა იყოს, ხოლო თუ სამი, მაშინ მინიმუმ ორი ჩვენი მომხრე უნდა იყოს, ხოლო თუ სამივე ჩვენი იქნება, ამას არაფერი სჯობიაო... მიმოიხედეთ, ბატონო მიხეილ, ირგვლივ, ხომ არ გეცნოთ გარემო და ერთ დღეს თქვენს გვერდით მყოფი მეგობრების ვითომდა ოპოზიციონერობა წინასწარ დადგმულ სპექტაკლს ხომ არ მოგაგონებთ!!! მაგრამ არა უშავს, „კეისარს კეისრისაო“, ნათქვამია და არც არავის შერჩენია და არ შერჩება სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგება... არსთა გამრიგე მუდმივად მსაჯულად გვიდგას...
http://gamoigvidze.blog.com/