
საკანონმდებლო ორგანოში ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მოქალაქე გიორგი ჩიხლაძემ მოქალაქეთა მისაღებში ცეცხლმოკიდებული დოკუმენტები შეაგდო.
როგორც „პრესა.ჯი–ს“ პარლამენტის საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა უზნაძემ განუცხადა, დეკემბერში, პარლამენტს, ჩიხლაძემ ოპერაციის დაფინანსების თხოვნით მიმართა და ეს დოკუმენტები რეაგირებისთვის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეგზავნა.
მისი თქმით, დღეს, ჩიხლაძემ ყოველგვარი ახსნა–განმარტებების გარეშე, საკუთარ დოკუმენტაციას ბენზინი გადაასხა და ცეცხლმოკიდებული დოკუმენტები მოქალაქეთა მისაღებში შეაგდო.
უზნაძის განცხადებით, მოქალაქეთა მისაღებში მაგიდას ცეცხლი წაეკიდა, თუმცა, საბედნიეროდ, ცეცხლის ჩაქრობა მალე მოხერხდა.
რაც შეეხება ჩიხლაძის გაღიზიანების მიზეზს, როგორც ჟურნალისტებს მან განუცხადა, ის შვიდი წლის განმავლობაში უდანაშაულოდ ციხეში იჯდა, რის შედეგადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობა შეერყა.
ჩიხლაძის თქმით, ის წლების განმავლობაში, პროკურატურასა და სამართალდამცავ ორგანოებს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების მოთხოვნით მიმართავს, ხოლო, ჯანდაცვის სამინისტროს ოპერაციების დაფინანსების, თუმცა, მის მოთხოვნებზე რეაგირება არ ხდება.
შემთხვევის ადგილზე, მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები, რომელთაც გიორგი ჩიხლაძე შესაბამის უწყებაში გადაიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა მოხდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტის გამო, საკანონმდებლო ორგანოში ბენზინის მწვავე სუნი იგრძნობოდა. შეგახსენებთ, რომ ეს პარლამენტის მისაღებზე მოქალაქის თავდასხმის პირველი პრეცედენტი არ არის. გასულ წელს, დაახლოებით 70 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა ჩაქუჩით, მისაღებში მომუშავე თანამშრომლის კომპიუტერის მონიტორი ჩაამტვრია. ინციდენტი მოულოდნელად მოხდა, ისე რომ პარლამენტის დაცვამ რეაგირება ვერ მოსწრო.