მოკლედ საინტერესო სტატიაა, რომელსაც თქვენის ნებართვით მთლიანად დავდებ აქ. ახალი არაფერია, ამ საკითხზე გახსნილა უკვე თემები, მაგრამ ბოლო წლის სტატისტიკურმა მონაცემებმა ხალხი ვითომ დააწყნარა. არადა სინამდვილეში სიტუაცია კატასტროფულია.
--------------------------------
http://presa.ge/index.php?text=news&i=11960რატომ ბერდება ქართველი ერი?!
საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის წინასაახალწლო შეფასებით, თურმე საქართველოს მოსახლეობაში გამრავლების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. საზოგადოებაში იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, როცა ქართველი ახალგაზრდები უცხოეთში გარბიან, თანაც გამრავლების ანუ ფერტილურ ასაკში, როცა მოსახლეობის ცხოვრების დონე დაბალია, დაუსაქმებელი ახალგაზრდების, ნარკოტიკების ბუმია, მთელ საქართველოს რეგიონებს მხოლოდ მოხუცებიღა შერჩენილან, საინტერესოა, ვინღა იცლის გამრავლებისთვის? ერთადერთი საიმედო ამ მხრივ უწმინდესის ნათლულებია, თუმცა ცხადია, გენოფონდს ეს ვერ გადაარჩენს, თუ ხელისუფლებამ ხალხის დასაქმებაზე არ იზრუნა.
პროფესორი, დემოგრაფი ანზორ თოთაძე წლების მანძილზე იკვლევს საქართვლოში შობადობის პრობლემებს და საჯარო რეესტრის მონაცემებს კრიტიკულად უყურებს. „მსოფლიოში შობადობით ერთ-ერთი ბოლო ადგილი გვიჭირავს. გულახდილად ვთქვათ, ხელისუფლების მოწოდებები არ ზრდის შობადობას, თუ საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებაზე არ იზრუნეს.
ერთხელ თქვეს, დე გოლმა მოუწოდა საფრანგეთს და მაშინვე გაიზარდა მოსახლეობის რიცხვიო. სინამდვილეში, ასეთი რამ არ მომხდარა. უბრალოდ, დე გოლმა ჩვეულებრივად თქვა, უნდა გავმრავლდეთო. იმ წლებში კი ალჟირი საფრანგეთის კოლონია იყო, თუმცა გამოვიდა ამ კოლონიიდან და მილიონი ფრანგი ალჟირიდან საფრანგეთს დაუბრუნდა. ამას დაემატა ეკონომიკური ბერკეტების გაძლიერება, თითქმის ხელფასის ნახევარი მოუმატეს დაბალ ფენებს. თორემ ასეთი მოწოდებებით, არაფერი გამოვა.
ევროპაშიც დაბალია შობადობის მაჩვენებელი, ამ დროს იქ ხომ ხალხი დასაქმებულია?
- მართალია, ევროპაში მაღალი ცხოვრების დონეა, მაგალითად, იმავე საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, მაგრამ ამ ქვეყნებში ყველაზე დაბალი შობადობაა. ერთი შეხედვით, გამოდის, თითქოს შობადობაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს ეკონომიკური პირობები. მაგრამ ეს არასწორი წარმოდგენაა, იქაც ეკონომიკური პირობები მნიშვნელოვანია. იქ, ისევე როგორც ჩვენთან, ახალი ბავშვის დაბადება უზარმაზარ სახსრებთანაა დაკავშირებული.
მსოფლიოში და განსაკუთრებით, განვითარებულ ქვეყნებში, ცხოვრების დაძაბული რიტმი შეინიშნება, დილიდან საღამომდე სამსახურში არიან. კაცი, რომელიც მიჯაჭვულია კომპიუტერს, ან ვთქვათ, ბანკში მუშაობს, ერთი წუთითაც ვერ გამოვა. საქართველოში ადრე ასე არ იყო, ვისაც ბავშვი ჰყავდა, სამსახურიდან ცოტა ადრე წავიდოდა. მათ ორი საათით ადრეც უშვებდნენ სამსახურიდან, ამას კანონიც ითვალისწინებდა.
ასე რომ, დაჩქარებულმა ცხოვრების რიტმმა ჩვენშიც ბევრი რამ შეცვალა. მეორე ისაა, რომ ბავშვის აღზრდის ხარჯები ოჯახის ბიუჯეტში უცხოეთშიც და საქართველოშიც დიდ ადგილს იკავებს. მართალია, იქ მაღალი ხელფასები აქვთ, მაგრამ ბავშვის აღზრდა, მოვლა, მშობიარობა ფასიანია. ჩვენები, ქართველები რომ წავიდნენ, სულ ბავშვისა და მოხუცების მომვლელებად არიან, რადგან უცხოელი დედა უკვე ვეღარ პატრონობს საკუთარ შვილს. ბავშვს თვეში მარტო 50-70 ლარის პამპერსი უნდა.
გამრავლების მხრივ საქართველოში გამოსავალი რაშია?
- 2007 და 2008 წელს იმერეთის ყველა რაიონში მოსახლეობის კლება შეინიშნებოდა, გარდა საჩხერის, რადგან ბიძინა ივანიშვილი უხდის მათ გაზის, ელექტროენერგიის საფასურს. მაღალი ხელფასები აქვთ მასწავლებლებს, საავადმყოფოებს. საავადმყოფოში ექიმი და მასწავლებელი რომ იღებს ხელფასს, ის მერე ნაწილდება მთელ რაიონზე. საჩხერეში ერთ წელიწადში 322-ით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. მაშინ, როცა მეზობელ ჭიათურაში 150-ით მეტი მოკვდა და ბაღდადში, ზესტაფონში, სამტრედიასა თუ ქუთაისში ყველგან შობადობის კლება შეინიშნებოდა.
როდესაც კაცს აქვს 200 ლარიანი ხელფასი, ის ვერაფერს აკეთებს. მაგალითად, აშშ-ში, ახლა რომ კრიზისი იყო, 70 ათასი ბავშვით ნაკლები დაიბადა შარშან, ვიდრე წინა წელს. თქვეს კიდევაც, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო ჩვენ დაგეგმილი ორსულობა გადავდეთო, რადგან ოჯახურ ბიუჯეტში ბავშვის აღზრდის ხარჯებს დიდი რაოდენობა უჭირავს. საქართველოს სამსახურებში ჰუმანურ კანონს ვერ იღებენ, რადგან ორსული ქალების აყვანისგან თავს იკავებენ, ძირითადად ყველგან ახალგაზრდა გაუთხოვრები სურთ.
ფერტილურ ასაკში ახალგაზრდობის უცხოეთში გადინებაზე რას იტყვით?
- ეგ ცალკე დიდი პრობლემაა. საერთოდ, ბავშვთა დაბადების ძირითადი - 60% მოდის 20-29 წლის ასაკის ქალებზე. ძირითადი მშობადი კონტინგენტი სწორედ ასეთი ქალებია, მერე უკვე ნაკლებია შობადობა. თუმცა ქართველი ქალები და მამაკაცები, ვინც ემიგრაციაში შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად მიდის, ზუსტად ამ ასაკის არიან. უცხოეთში არ მიდის არც პატარა ბავშვი, არც მოხუცი. როცა ჩვენ ვამბობთ, მილიონზე მეტი წავიდა მარტო საზღვარგარეთო, ვინ არის ეს მილიონი? 20-დან 40 წლამდე ახალგაზრდა. ახლა კიდევ ინტენსიურად სურთ საქართველოდან წასვლა, მაგრამ უცხოეთმა ცოტა გააძნელა აქაურების მიღება.
ექსპერტები ქართველი ერის ნაადრევ სიბერეზეც საუბრობენ.
- ცხადია, საქართველოში დარჩნენ ბავშვები და მოხუცები. მაგალითად, რაჭაში 30%-ზე მეტი 60 წელს გადაცილებული ადამიანია, ანუ მესამედზე მეტი, იქ შობადობაც ძალიან დაეცა. ერი ბერდება, რადგან ახალგაზრდა აღარ არის და რჩებიან მხოლოდ მოხუცები. მუსულმანური ქვეყნები რომ აიღოთ, აზერბაიჯანი და სხვა, იქ შობადობა ძალიან გაზრდილია. 1000 კაცზე ჩვენთან რომ იბადება 10 კაცი, იქ იბადება 20, 30, 40 ბავშვი. ჩვენს მთელ მოსახლეობაში ცოტაა ბავშვები, ახალგაზრდები, ე.ი. ქართველი ერი დაბერებულია. მომავალშიც კიდევ უფრო დავბერდებით, თუ არ მოხდა შობადობის სტიმულირება, აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა. ამასთან, მოკვდავობაც უნდა შევამციროთ.
მაშინ რის საფუძველზე აცხადებენ, რომ საქართველოში შობადობა გაიზარდა?
- არა, ბატონო. არაფერი გაზრდილა, არც შეიძლება, რომ ამ პირობებში გაიზარდოს. თანაც სხვადასხვა მონაცემები აქვთ. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაცემით, თურმე 2007 წელს 49 ათასი ბავშვი დაბადებულა, ხოლო 2008 წელს თითქოს დაიბადა 57 ათასი. თუმცა სხვა მონაცემებით, საერთოდ, რა ხდება, ვერ გაიგებ. არასწორად მიმდინარეობს რეესტრში ჩვილების რეგისტრაცია. თანაც, რატომღაც ამას რეესტრი აკეთებს და არა სტატისტიკის დეპარტამენტი. საერთოდ, ყველა ეპოქასა და ქვეყანაში ყოველ 100 გოგონაზე იბადება 104-105 ვაჟი. ეს კანონზომიერებაა. ამათი “დათვლით” კი, ახლა თურმე იბადება 127 ვაჟი 100 გოგონაზე. ე.ი. მესამედით მეტი ვაჟი. ასე რომ გაგრძელდეს, ქვეყანა დაიღუპება, გამოდის, ბიჭები დაიბადება, გოგოები კი აღარ იქნება.
საქართველოში მართლაც მეტი ვაჟი არ იბადება?
- ვაჟების რიცხვი ჩვენში ცოტათი მართლაც გაიზარდა, მაგრამ არა 127-მდე. როცა შობადობა დაბალია და ერი იმყოფება იმ სტადიაზე, რომ არ უნდა ბევრი ბავშვის ყოლა (რადგან მათ ვერ არჩენს), ჩვენთან მაინც ვაჟის კულტია და ამიტომ გოგონებს იცილებენ. ექოსკოპიით ორთვენახევრიანი ნაყოფის სქესს ნახულობენ და მხოლოდდამხოლოდ იმიტომ უსპობენ სიცოცხლეს, რომ ისევ გოგონაა. ეს არის ძალადობა ქალზე, რაც საშინელებაა. თუ ასე გაგრძელდა, მომავალში გოგონები, საცოლეები აღარ იქნებიან, ასეთ დროს კი საზოგადოება ხდება აგრესიული, მთელ რიგ უარყოფით ცვლილებებს იწვევს, რადგან ბუნებამ სწორად დააპროგრამა.
ვაჟები ცოტა უფრო მეტი უნდა იბადებოდნენ (105 ვაჟი 100 გოგოზე უნდა იბადებოდეს), რადგან მათში სიკვდილიანობა მაღალია. მაგალითად, საქართველოში ერთ წლამდე ასაკში თუ გარდაიცვალა 1000 ბავშვი, აქედან 600-700 ვაჟია, 300 - 400 კი გოგოა. როცა მათ უნდა შექმნან ოჯახი და გაამრავლონ ერი, 18-20 წელს რომ მიაღწევენ, როგორც წესი, 100 გოგონა და 100 ვაჟი უნდა დარჩეს. ბუნებაშიც ასეა. მაგალითად, თაგვები, 105 მამრი თაგვი იბადება 100 მდედრზე. თუმცა იმის გამო, რომ მამრი თაგვი სხარტია და ძალიან სწრაფად მოძრაობს, ფრინველი, ქორი და სხვა ცხოველი უფრო ამჩნევს მას მოძრაობის გამო და ჭამს.
საერთოდ, პირველ თვეებში ვაჟი სუსტია. მაგრამ როცა ჩვენი საჯარო რეესტრი ვაჟების რიცხვს 127-მდე სწევს ყოველ ას ქალზე, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც აყალბებს, ასე არ შეიძლება, ეს გამორიცხულია. ასე არცერთ ქვეყანაში არაა მსოფლიოში. კარგი, ვთქვათ, მაინც ვირწმუნეთ, რომ მეორე შვილი ვისაც სურს, ის ბიჭს აჩენს და გოგოს იშორებს და ამიტომ მივიღეთ 127. მაგრამ პირველი შვილების შემთხვევაში რა ხდება? აქ რატომ აყალბებენ რიცხვს? დედა ხომ ყოველთვის იტოვებს პირველ შვილს, იმის მიუხედავად, გოგო ეყოლება თუ ბიჭი, მაინც აჩენს. რომ არ გააჩინოს, შესაძლოა, მერე ბავშვი საერთოდ აღარ ეყოლოს. ამიტომ საიდან მოიგონეს ვაჟებისთვის 127 რიცხვი?
საქართველოში ქალებისა და მამაკაცების შეფარდებითობა ახლა როგორია?
- ქალები ყოველთვის მეტნი არიან, რადგან ძლიერი სქესი უფრი ადრე კვდება. შრომისუნარიან ასაკშიც გაცილებით მეტი კაცი იღუპება, ვიდრე ქალი. 18-20 წლამდე რომ მიდიან, გოგონებისა და ვაჟების რიცხვი 100-100-ზეა, ასე გრძელდება დაახლოებით 15-20 წელი და მერე უკვე მამაკაცი უფრო ადრე კვდება, თანაც შესამჩნევად მეტად კვდება.
გამრავლების მხრივ ქართველი ერი კატასტროფის წინაშეა?
- კატასტროფა კი არა, საშინელებაა. მარტო შობადობა კი არაა პრობლემა, 28 ათასი ციხეშია დაჭერილი, მის უკან 5 ადამიანი მაინც ხომ დგას? და-ძმა, მშობლები, შვილები, ცოლი. ეს 5 კაცი თავისი ცხოვრებით უკვე აღარ არსებობს. კომუნისტების დროს 5 ათასი პატიმარი გვყავდა, ახლა 28 ათასამდე ავიდა. ესეც დემოგრაფიის პრობლემაა. ჩვენ პატარა ერი ვართ, 300 ათასი ლტოლვილი რომ გვყავდა აფხაზეთიდან, ევროსაბჭოს მონაცემებით, ახლა დაემატა 191 ათასი ლტოლვილი სამაჩაბლოდან. ისინი ფსიქიკურად საშინელ მდგომარეობაში არიან. ამერიკული მონაცემით, 350 ათასი ჩვენში ნარკომანი და ნარკოტიკების მომხმარებელია. ამას დაუმატეთ ლოთობა, ყოველდღიური მკვლელობები, ადამიანის გატაცებები, ავიაკატასტროფები, ეს პატარა ერზე ძლიერ აისახება, მეტიც აღარ ვართ უკვე. თითქმის მილიონამდე პენსიონერი გვყავს, მათ აქვთ მხოლოდ 90 ლარამდე პენსია, ადრე 50 ლარი ჰქონდათ. წარმოიდგინეთ, რა ქნან მათ? მათთვის ცხოვრება აღარ არსებობს, აღარაფერი უხარიათ. ისინი ცხოველებივით არიან, თუ როგორ იმყოფინონ ეს ფული, მათ ცხოვრებაც აღარ უნდათ.
ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სადაა ასეთი მძიმე მდგომარეობა?
- ვერცერთს ვერ შევადარებ, უმძიმესია ჩვენი მდგომარეობა. ყველგან ჩვენზე მეტია პენსია, ხელფასი. 2000 წელს ჩვენთან უფრო მეტი იყო პენსიები და ხელფასები, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. აფხაზეთიდან დევნილებზე გამოკვლევა ჩატარდა, მათში სიკვდილიანობა მაღალია, შობადობა – დაბალი. ამ დროს კი წინათ სამეგრელოში მაღალი იყო შობადობა. ახლა რომ გვიმტკიცებენ, შობადობა გაიზარდაო, სად გაიზარდა? ძირითადად არაქართულ რეგიონებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში. ძირითადი მატება მათზეა, თორემ ქართულ რეგიონებში სულ კლებაა. მართალია, არაქართველებიც ჩვენი მოქალაქეები არიან და მათზეც უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ ერთი რამაა, ახლა არ უყვართ ენგელსი, თუმცა მას აქვს ნათქვამი - ყველა ერი პატრონი უნდა იყოს თავისი ერისა და ოჯახისო.
ყველა ხალხი მიყვარს, მაგრამ, თუ ქართველი აღარ იქნება, რაღად მინდა საქართველო? საშინელი მდგომარეობაა, ამას ემატება გენმოდიფიცირებული პროდუქტები, რომლებზეც არავითარი კონტროლი არაა. ადამიანები ავადდებიან. კომუნისტების დროს მთელ რაიონში მარტო ერთი აფთიაქი იყო (ახლანდელ კოსტავას ქუჩაზე), შეიძლება მეორეც ყოფილიყო სადმე, მაგრამ ახლა მარტო ჩემს ქუჩაზე, საბურთალოზე, არის 4-5 აფთიაქი. ერი აღარაა ჯანსაღი, დააკვირდით ვიზუალურად, შევდივარ, ყველა აფთიაქში რიგებია. პატარა ბავშვი ზამთარში 4-5 ჯერ მძიმედ ავად რომ არ ჰყავდეთ, არ შეიძლება. რას ვჭამთ, არ ვიცით, როგორ მოქმედებს კოკა-კოლები, საეჭვო სასმელები, არც ეს ვიცით. განათლება დაიკარგა.
ჩვენ ვართ მესამე სამყარო, რადგან უცხოეთში სხვანაირი კოკა-კოლა იყიდება, სხვა ჭურჭელშია ჩასხმული. პლასტიკატში ჩასხმული სასმელის 60% კი მერე მომწამვლელ ნივთიერებად იქცევა და პირდაპირ გადადის ორგანიზმში. ამიტომ შუშის ბოთლში უნდა იყოს ჩასხმული. ერი განადგურებულია. სამაგიეროდ, არის ერთი კასტა გაზულუქებული ადამიანების, ვისაც ფული აქვს და ყველაფერზე მიდიან, რომელთაც ერი არ აინტერესებთ და კლაბ-შოუებზე ერთობიან.
მომავალშიც შემცირდება შობადობა?
- შობადობა მომავალშიც ძალიან შემცირდება. 1980-1989 წელს, ანუ 10 წელიწადში, საქართველოში დაიბადა 456 ათასი გოგონა, ეს გოგონები მაშინ არსად წასულან, რადგან იმ დროს პატარები იყვნენ, პატარას ხომ არ წაიყვანდნენ ემიგრაციაში? მაშინ ბევრი დაიბადა, მათ უკვე 18 წელზე მეტი შეუსრულდებოდათ, ამიტომ დღესდღეობით ცოტა ამანაც წასწია შობადობა. თუმცა 1995-2004 წლებში, ისევ 10 წელიწადში, საქართველოში დაიბადა გაცილებით ნაკლები, 238 ათასი გოგონა. განსხვავება 218 ათასია.
ამიტომ 1995 წელს დაბადებული გოგონა, რომელიც 2013 წელს გახდება 18 წლის, ხომ ნაკლებს დაბადებს? ასე რომ, 2015-20 წლებში საშინლად შემცირდება საქართველოს გენოფონდი. იმ ძველებმა (1980-იან წლებში დაბადებულებმა) კიდევ რომ დაბადონ 3-3 ბავშვი, რაც გამორიცხულია, მაინც ვერ დაეწევა მაჩვენებელს და 200 ათასი ბავშვით მაინც ნაკლები დაიბადება. მომავალში შობადობა საშინელი კლება გველის, რაც ერის გაქრობის პირას მიგვიყვანს.
* * *
მოკლედ ჩემი კითხვები:
რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? უმუშევრობა, გაჭირვება? ანუ 80-იან წლებში ბევრად უკეთესი სოციალური ვითარება იყო ვითომ?
რატომ ურჩევნია საშუალო სტატისტიკურ ქართველს ახალი მანქანა (მეორე ან მესამე ოჯახში) ან უახლესი მობილური ბავშვის შეძენას?
რა გზით შეიძლება პრობლემის გადაჭრა და შეიძლება კი საერთოდ? თუ გვიანია უკვე?
არსებობს რომელიმე სხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსი პრობლემის გადაჭრა წარმატებით მოხერხდა?
Ich liebe den Geruch von Napalm am Morgen. Es riecht irgendwie wie Sieg
Sie ist nicht meine Herzallerliebste! Sie ist nur 'ne Freundin, mehr nicht! Ich helf' ihr bloß schwanger zu werden!
Ich Dich führen? Lady, guck mich an, meistens weiß ich selber nich wo ich bin!