#23097568 · 23 Dec 2010, 01:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ის, რომ გარეგნული ელემენტები ერთმანეთს ემთხვევა, აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ქართული და ძველი გერმანული მითიური წარმოდგენები უკავშირდებოდა ერთმანეთს,
თუმცა არაპირდაპირი კავშირი არ გამოირიცხება. ამირანის მითის ანალოგია ბერძნულ მითოსში არის პრომეთე. ჩვენს წინაპრებს ისეთ შორეულ წარსულში გერმანელებთან არ ჰქონიათ რაიმე ინტენსიური ურთიერთობა. ბერძნული მითოლოგიის გავლენით, სავარაუდოდ, ლოკიმაც, ისევე როგორც სხვა ღვთაებებმა, მიიღო რაღაც ზეგავლენა. საიდან დაიწყო ამ მითიური სახის, მოვლენის (კლდეზე მიჯაჭვება და ტანჯვა) გადმოღება-გადაკეთება, რთული სათქმელია.
თუნდაც ბერძნული სამყაროს შუამავლობით იყოს რამე კავშირი, ამირანი და პრომეთეც არსებითად განსხვავდებიან ლოკისგან. ამირანი არის გმირი, ღვთისშვილი, კეთილი საწყისი, რომელიც იღწვის ადამიანებისთვის. მასზე ლეგენდები არის გმირობისა და სიკეთის ქება. პრომეთეც კეთილი საწყისია, მისი მიჯაჭვება იგივეა, რაც ადამიანის თავისუფალი გონის დატყვევება. ცეცხლის მიტანა ადამიანებამდე სიმბოლოა მათივე "მე"-ს პოვნისა, ამაღლებისა.
ლოკი არის ბოროტი საწყისი. ამირანი და პრომეთე კეთილ საწყისს არ ებრძვიან, ისინი თავიანთი სიამაყის მსხვერპლი ხდებიან. ლოკი ღუპავს ბალდერს, სინათლისა და სიკეთის ღმერთს. მისი დაბმა არის სკანდინავიელთა ღმერთების მცდელობა, დააკავონ ბოროტი, რომელიც ანგრევს ყველაფერს. ლოკის მოდგმა, მგელი ფენრირი და გველი მიდგარდი, ქვესკნელის ქალღმერთი ჰელი არიან დამღუპველი არსებები. როდესაც დადგება ქვეყნის აღსასრული, რაგნაროკი, ლოკი თავისი ნაშიერებით ხდება მიზეზი ღმერთების დაღუპვისა. ღმერთები მის ეშმაკობას და მოხერხებას იყენებენ კიდეც ხანდახან, მაგრამ მისი ნდობა არ აქვთ, რაც ბოლოს ცუდად აუხდებათ. ღმერთების დაისის დროს ის დგება ბოროტი არსებების გვერდით და ჰაიმდალთან, ღმერთების გუშაგთან და მცველთან ბრძოლაში იღუპება.
თვისებებითაც ლოკი არის ეშმაკი, ქვეშქვეშა, ღრძო. ამირანი და პრომეთე კი გმირულ ღირსებას ატარებენ, ადამიანების ქომაგები არიან. ისინი უყვარს ხალხს, ხოლო ლოკი არ უყვართ. ის მხოლოდ დამანგრეველი გრძნეულია.
არსებითი განსხვავებაა ამირანსა და ლოკის შორის, აშკარად არაა თვისობრივი საერთო ნიშნები, თუმცა ბერძნებთან ურთიერთობით შეიძლება კლდეზე დაბმის და ტანჯვის ელემენტი საერთო გამოვიდა, მაგრამ აქაც, თუ ხალხი იმედის თვალით უყურებს ამირანის ან პრომეთეს და განიცდის მათ ტანჯვას, ლოკის დაბმა მისი შეკავების მცდელობაა, რაც უშედეგოდ მთავრდება და ღუპავს ღმერთებს.
|