13 მაისს თბილისში სანდრო გირგვლიანის გატაცების მსგავსი ფაქტი მოხდა, ოღონდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. "საერთო გაზეთის" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, ვახტანგ ხარჩილავას ვაჟი, დავით ხარჩილავა, უცნობმა პირებმა თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს, კოჯრის ტყეში წაიყვანეს და შემდეგ იქ შიშველი დატოვეს.
"სარკეს" თავად დაზარალებულმა უამბო, რა მოხდა 13 მაისის ღამეს.
დავით ხარჩილავა:
– 13 მაისს რუსთაველზე, "მაკდონალდსის" ზევით ქუჩა რომ ადის, იქვე, 20 მეტრში, იტალიური ეზოა, იქ ვიყავი მეგობრებთან ერთად. ღამის 3–4 საათზე გამოვედი. მანამდე ერთხელ ვიყავი გამოსული, ჩავედი რუსთაველის გამზირზე მაღაზიაში, სიგარეტი ვიყიდე და ნახევარ საათში სახლში წასვლა გადავწყვიტე. გარეთ რომ გამოვედი, სიბნელეში ვიღაც იდგა, რომელმაც დამიძახა, ბიჭო, მოდი აქ, შენი დედაო. ნასვამი ვიყავი და ვუპასუხე, შენი ბიჭო ვინ არის, შენი დედაც–მეთქი. ქვედა მხრიდან მანქანის ფარები აინთო და მანქანაში როგორ აღმოვჩნდი, ვერ მივხვდი. თავი ვიღაცის მუხლებზე მედო და თავზე იარაღი მქონდა დადებული. არ ვიცი, რამდენი ხანი მივდიოდით. მერე ვიგრძენი, რომ ასფალტის გზა აღარ იყო, მანქანა ტალახიან გზაზე მიდიოდა. შემდეგ ხუთი წუთი ტყეში მატარეს, ვგრძნობდი, რომ ფოთლებსა და ბალახზე მივდიოდით. მანქანაში არანაირი საუბარი არ ყოფილა, მხოლოდ მითხრეს, ზედმეტად არ იხვანცალოო. დავემორჩილე. მივხვდი, რომ რაღაც შარში ვიყავი. ტყეში გადმომიყვანეს, დაბლა დამსვეს და მითხრეს, გაიხადეო.
– რამდენი ადამიანი იყო?
– სამი. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები, მაღლები... ორი გვერდით, აქეთ–იქით მედგა, ჩემთვის ხელკავი ჰქონდათ გაკეთებული და ვერ ვხედავდი. ერთი ჩემ წინ იდგა, მას თხელი შავი ქურთუკი ეცვა.
– რას გეუბნებოდნენ?
– მემუქრებოდნენ. ძირითადად მაგინებდნენ. ფრაზები, რაც მითხრეს, ეს იყო მამაჩემის და ბიძინას ურთიერთობაზე. მითხრეს, ხომ არ გგონია, ჩვენ არ ვიცით, მამაშენი მაგ რუსეთის აგენტთან რომ დადის და მეგობრობს, დედას გიტირებთ სამივეს, შენც, ვახოსაც და ბიძინასაცო; მამაშენმა სტატიების წერა ისწავლოს და წესიერი სტატიები დაწეროსო; რატომ ძმაკაცობ გია ფერაძესთან და სანდრო ბრეგაძესთანო.
– ეს რატომ გითხრეს?
– მე, მამაჩემს, მერაბ შათირიშვილს, ბაღათურ არაბულს, მწერლებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ჯგუფს, გვინდა, გავაკეთოთ საზოგადოებრივი, ეროვნულობასთან დაკავშირებული ორგანიზაცია და ამაზე ვთანამშრომლობთ ჰელსინკის ჯგუფთან. ამ საქმეში ძალიან აქტიურად ვარ ჩართული.
– გამოდის, რომ გამტაცებლებს თქვენზე ინფორმაცია ჰქონდათ?
– კი და ეს საუბარი მაფიქრებინებს, რომ შემთხვევითი, საყოფაცხოვრებო მომენტი არ იყო.
– რითი გემუქრებოდნენ?
– მაპატიეთ, მაგრამ უნდა გავიმეორო. მითხრეს, ტ...–ის თამაშს თავი დაანებეთ, თორემ შენი 2 წლის ქალიშვილს შენ თვალწინ გაგიუპატიურებთო. ამაზე ვუთხარი, მირჩევნია, ახლავე მომკლათ–მეთქი. განსაკუთრებით ერთი აქტიურობდა, რომელიც ჩემ წინ იდგა. სანამ პასუხს გავცემდი, ჩემ უკან ვინც იდგა, იმან უთხრა, კაი ახლა, გეყოფა, ყველაფერს აქვს საზღვარიო. ამის შემდეგ ჩემი ტანსაცმელი მიმოფანტეს, ორივე ტელეფონში ნომრები შემიმოწმეს და ელემენტები ამოიღეს. იმ ღამეს მანქანით არ ვიყავი, მაგრამ გასაღები წამყვა და ჯიბეში მედო. ისიც ამოიღეს. აღარ ვიცი, გასაღები და ელემენტები წაიღეს თუ გადაყარეს, იმიტომ, რომ ვეღარ ვნახე. მითხრეს, ხუთი წუთი მაინც არ გაინძრეო. ხუთი კი არა, არ ვიცი, რამდენი ხანი ვიყავი იმ მდგომარეობაში. მერე მოვძებნე ტანსაცმელი და ორიენტაციით წამოვედი.
– სად იყავით წაყვანილი?
– კოჯრის ტყეში. დავიწყე ფეხით ჩამოსვლა. თითქმის ივანიშვილის რეზიდენციამდე ფეხით ჩამოვედი. რამდენიმე მანქანამ ჩამოიარა, არავინ გამიჩერა. ბოლოს ერთმა გამიჩერა, ვთხოვე, თუ ქალაქში მიდიხარ, გამიყოლე–მეთქი. რუსთაველის მეტრომდე მიმიყვანა. მისთვის არაფერი მითქვამს. პირდაპირ მივედი ჩვენს ოფისში, ჭოველიძის ქუჩაზე. დაახლოებით დილის 10–ის ნახევარი იყო.
– სახეზე ვერ დაინახეთ თავდამსხმელები?
– სიბნელე იყო, მანქანაში ვერც ერთის სახეს ვხედავდი. რომ გადავედით, მერე სამივეს ნიღბები ეკეთა.
– რა მანქანა იყო?
– სედანის ტიპის, თეთრი ფერის არ იყო – მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
– ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ?
– არა, ხელი არ დაუკარებიათ. ფეხზე მაქვს იარა. მანქანაში რომ მსვამდნენ, ვიგრძენი, რომ ძალიან მეტკინა, ალბათ რამეს მივარტყი.
– მერე რა მოხდა?
– ჰელსინკის ჯგუფის ოფისში მივედი და იქიდან დავრეკე სახლში. მამაჩემი მოვიდა, მერე მერაბ შათირიშვილი, სანდრო ბრეგაძე, გია ფერაძე და შალვა ხაჭაპურიძეც მოვიდნენ. იმ დღეს ისეთ ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, არანაირი განცხადების გაკეთების თავი არ მქონდა. დიდი სტრესი მივიღე, მთელი დღე ვიწექი. მომევნო დღეს განცხადება გავაკეთე, მოვყევი, რაც შემემთხვა.
– "ქართული ოცნების" წევრებს გააგებინეთ?
– სანამ განცხადებას გავაკეთებდი, ყველას შევატყობინე. ჩვენი ორგანიზაცია, რომლის დაფუძნებასაც ვაპირებთ, ხელისუფლებასთან არ ასოცირდება, მაგრამ არც "ქართულ ოცნებას" წარმოვადგენთ. არ ვიცი, რატომ თქვეს ფრაზა ვახტანგ ხარჩილავას და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობაზე.
– მამათქვენი და ბიძინა ივანიშვილი მართლა მეგობრობენ?
– მეგობრობის თაობაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თანამშრომლობენ. დეტალები არ ვიცი, "საერთო გაზეთის" ფურცლებს რომ გადახედავთ, არის სარეკლამო სიტუაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით.
– თქვენი ორგანიზაცია, რომელსაც აფუძნებთ, "ქართულ ოცნებასთან" არანაირ კავშირში არაა?
– არა. აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანიზაციის გაკეთება გვინდა საზოგადოებრივი მოძრაობის სახით.
– ამიტომ არ ჩათვალეს "ქართულ ოცნებაში" ამ ფაქტის გამო განცხადების გაკეთება საჭიროდ?
– ალბათ, არ ვიცი.
– მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლეთ? სამართალდამცავებს არ მიმართეთ?
– საქართველოში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადების შეტანა მხოლოდ დროის ხარჯვაა და არანაირ შედეგს არ იღებ. ამდენად, ვამჯობინე, რაც მოხდა, ამაზე მხოლოდ საზოგადოებისთვის მეცნობებინა.
– იქამდე ან მას შემდეგ თქვენზე თვალთვალი არ შეგიმჩნევიათ?
– სიმართლე გითხრათ, არც დავკვირვებივარ. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული სოციალურ ქსელებში, ოპოზიციურ სტატიებს ვწერდი. რამდენიმე ადამიანმა ხუმრობით მითხრა, რა იყო, რამდენს იღებ ამაშიო. ვუპასუხე, რას მეუბნებით, ამის მჯერა და ამიტომ ვწერ–მეთქი. სხვა არაფერი შემიმჩნევია.
– არც თქვენი განცხადების შემდეგ შეგინიშნავთ რაიმე?
– ქუჩაში მარტო აღარ დავდივარ, სულ ვინმე მახლავს გვერდით. არ ვიცი, ვის გააღიზიანებს ან არ გაიღიზიანებს ჩემი განცხადება, ამიტომ ფრთხილად ვარ. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვიცი, ის ადამიანები ვინ იყვნენ. ისინი იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული შეიარაღებული ადამიანები.
http://sana.ge/address/news/cat/7/id/15411...რნენ%22