ჩემი სტატია დასავლურ ცივილიზაციაში შობის დღესასწაულისა და ქრისტიანობის როლზე. აქვე აღმოსავლელი მართლმადიდებლების იმ ნაწილს, ვინც 7 იანვარს აღნიშნავთ შობას, დაგვიანებით გილოცავთ მაცხოვრის განკაცებას.
და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა
(იოანე, 1:14)
სეკულარულ სამყაროში, სადაც ღმერთი თითქოსდა უნდა მომკვდარიყო, ყოველ წელს ხელახლა იბადება. გვწამს თუ არა საუკუნეების წინ, ბეთლემში დაბადებული ჩვილის ღვთაებრივი წარმომავლობის, მიგვაჩნია თუ არა ის კაცობრიობის მხსნელად, შობა ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას არ კარგავს.
ამას, არა მხოლოდ ყოველწლიურად მრავალ ქვეყანაში საშობაო გაყიდვებით გამოწვეული ეკონომიკური გამოცოცხლება განაპირობებს. არც ის, რომ ბეთლემის თემატიკა შთაგონების წყაროდ იქცა ხელოვნებისა და მუსიკის მრავალი ნიმუშისთვის. დღესასწაულის ნამდვილ მასშტაბებს ვერც მისი აღნიშვნის საყოველთაობა აღწერს. შობის დღესასწაულის არსი, ისევე როგორც ზოგადად ქრისტიანობა, დასავლური იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულის დღევანდელი კომერციალიზებული ფორმა რელიგიისთვის პრობლემურია, თავად ამ პრობლემურობასაც სათავე ქრისტიანობაში აქვს. რომ არა ქრისტიანული ეთიკა, კაპიტალიზმის სული არ გაჩნდებოდა.
თუმცა უმთავრესი, რაც ევრო-ამერიკულ ცივილიზაციას გამოარჩევს, ყოველი ცალკეული პიროვნების ღირსების პატივისცემაა. სწორედ ცალკეული ადამიანის ღირსების რწმენა დაედო საფუძვლად ისეთ ინსტიტუციურ მახასიათებლებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, კანონის წინაშე თანასწორობა, ძალაუფლების შეზღუდვა და სხვადასხვა შტოს შორის გადანაწილება.
ადამიანის ღირსების პატივისცემა, სათავეს პიროვნული ღმერთის შესახებ ქრისტიანული სწავლებიდან იღებს, რომელიც სამყაროს გარეთ იმყოფება და ადამიანს საკუთარ ხატებად და მსგავსებად ქმნის. ანტიკური კულტურისთვის, პიროვნების ცნება საერთოდ არ არსებობდა. პანთეისტურ სამყაროში, სადაც ღმერთი ბუნების ძალაა და ყველაფერს მოიცავს, პიროვნული ავტონომიისთვის ადგილი აღარ რჩება. ქრისტიანთა ღმერთი ადამიანს არჩევანის თავისუფლებას ანიჭებს და მას გარემომცველი სამყაროს ბატონად ადგენს.
თუმცა, ქრისტიანობისთვის პიროვნების ღირსება პატივსაცემი არა მხოლოდ იმიტომაა, რომ ის ღმერთის ხატება და მსგავსებაა. სახარებაში ვკითხულობთ – საუკუნეების წინ, ბეთლემის ბოსელში, ღმერთი ადამიანად იქცა. ქრისტეშობის დღესასწაულში, ყოველივეს შემოქმედი ღმერთის განკაცებით, თითოეული ადამიანის მნიშვნელობა ახალ სიმაღლეზე ავიდა. განკაცების შესახებ ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ღმერთს კაცობრიობა იმდენად ღირებულად მიაჩნია, რომ ერთ მათგანად, ისტორიის ნაწილად ქცევას არ თაკილობს. განკაცების ქრისტიანული რწმენა ამ მხრივ, ადამიანური რასისა და მისი თითოეული წარმომადგენლის ფასეულობის შესახებ რწმენისგან განუყოფელია.
ამასთან, ბეთლემის ისტორია, სადაც ღმერთი ადამიანის გამოსახსნელად თავს იმდაბლებს და ბოსელში, ბნელ ღამეს განკაცდება, მოწმობს, რომ ის პატივს სცემს ადამიანთა თავისუფალ ნებას. ყოვლისშემძლე შემოქმედს შეეძლო ისინი წამიერად „გაესათნოვებინა”, ძალისა და შიშის გამოყენებით იძულებული გაეხადა ცოდვაზე უარი ეთქვათ, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია – ბოსელში შობის, ჯვარზე სიკვდილისა და საფლავიდან აღდგომის – სადაც ის ადამიანთა თავისუფალ პასუხს ელოდება.
დასავლური ფეოდალიზმის პირობებშიც კი, მიუხედავად ერთპიროვნული ძალაუფლებისა, სამართალი მაინც ღმერთიდან მომდინარეობდა და არა ხელისუფლისგან. ეს მონარქიას თავის აბსოლუტიზმში გარკვეულ საზღვრებს უწესებდა. ისტორიულად, პაპისა და საერო ხელისუფლების დაპირისპირებამ ხელი შეუწყო პლურალური გარემოს ჩამოყალიბებას. ამ სივრცეში შესაძლებელი გახდა საგანმანათლებლო, ეკონომიკური და ტექნიკური პროგრესის წარმოშობა. უკანასკნელის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ გარემოში, სადაც ადამიანს ფასი ადევს და მისი შრომის ჩანაცვლებაზე ფიქრობენ. მონათმფლობელ საზოგადოებაში ტექნიკური პროგრესი არავის სჭირდება.
„ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილი არიან როგორც თანასწორი არსებანი, რომ მათ ღმერთმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა; რომ ამ უფლებათა განსამტკიცებლად იქმნებიან მთავრობები, რომლებიც თავიანთ კანონიერ ძალაუფლებას იღებენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი განაგებენ” – 1776 წელს მიღებულმა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციამ ღმერთი სამართლის გარანტორად აღიარა.
დასავლური სამყაროს ამ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტში, უზენაესი ადამიანის თავისუფლების დარაჯია. კანონის მყარ გარანტად ვერცერთი პოლითეისტური ღმერთი იქცეოდა. მხოლოდ ერთ, აბსოლუტურ გონს, რომელმაც სამყაროს დასაბამი მისცა და მსგავსი არ მოეძებნება, შეუძლია მიანიჭოს ადამიანს იმგვარი თავისუფლება, რომელსაც ბუნებითსა და თავისთავადს ვუწოდებთ. მონოთეისტურ ღმერთს არ ჰყავს კონკურენტები – სამყაროს თანადამფუძნებლები, რომლებიც სისტემატურად ცვლიან პოზიციებს. ის ერთი და უცვლელია – შეუცვლელია მისი სამართალიც.
ღმერთის რწმენა დაეხმარა ამერიკელ ხალხს, ინდივიდუალური თავისუფლების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს როლის მინიმუმამდე შეზღუდვაში. „ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო, აღჭურვილი ძალით, რომელიც შეძლებს ებრძოლოს მორალისა და რელიგიისგან აღვირახსნილ ადამიანურ ვნებებს... ჩვენი კონსტიტუცია შეიქმნა მხოლოდ მორალური და რელიგიური ადამიანებისთვის”, – წერდა ამერიკული რევოლუციის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, ჯონ ადამსი. სახელმწიფოს მიზანი დამფუძნებელმა მამებმა გაიაზრეს, როგორც ღვთის მიერ ადამიანისთვის მინიჭებული თავისუფლების უზრუნველყოფა, ძალადობისგან დაცვის გზით. ადამიანებისთვის საკმარისია ჰქონდეთ თავისუფლება. მათ არ სჭირდებათ მზრუნველი სახელმწიფო, რომელიც ცოდვის აღმოფხვრაზე იზრუნებს. „სათნოების ტირანია” – რომელიც ადამიანთა გაუმჯობესებას სახელმწიფო მანქანით ცდილობს, დასავლური კულტურის უზენაეს ფასეულობებს ხელყოფს.....
გაგრძელება:
http://www.tabula.ge/?p=19047