"საერთაშორისო გამჭვირვალობა" - საქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატი ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...h-maghalia.htmlსაქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატი ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებული ქართული ფარმაცევტული ბაზრის ახალ ანგარიშშია ნათქვამი, რომლის პრეზენტაციაც დღეს, სასტუმრო "რედისონში" გაიმართა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განმარტებით, მედიკამენტებზე მაღალი ფასნამატი გამოიწვია იმან, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დომინირებს სამი დიდი კომპანია – PშP, "ავერსი" და GPჩ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს ფარმაცევტული სექტორის განვითარებაში, ბაზარზე მათმა დომინირებამ ფარმაცევტულ პროდუქციაზე მოსახლეობის დანახარჯების ზრდა განაპირობა.
"ამასთან, ხშირია, როდესაც ექიმების მიერ პაციენტისთვის მედიკამენტის დანიშვნა მოტივირებულია დიდი ფარმაცევტული კომპანიების გარკვეული შეთავაზებებით, მათ შორის ფინანსურით. არის შემთხვევები, როდესაც დიდი ფარმაცევტული ქსელები თავიანთი აფთიაქების თანამშრომლებს მითითებას აძლევენ, რომ გაყიდონ ამ კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტები და რეკლამა გაუწიონ მათ", - აღნიშნა გიგაურმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე, თავისი როლის ეფექტურად შესრულების საჭირო რესურსები არ აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში ასახულია ის რეკომენდაციები, თუ რა არის საჭირო აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად; კერძოდ, ახლად შექმნილმა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის დომინანტი კომპანიების ქმედებები უნდა შეისწავლოს, ხოლო საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უნდა შეაგროვოს და გამოაქვეყნოს ამომწურავი მონაცემები ამ სექტორის შესახებ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" მიიჩნევენ, რომ მოსახლეობის მიერ ფარმაცევტულ პროდუქციაზე გაღებული ხარჯები შეიძლება შემცირდეს აუცილებელი მედიკამენტების სიის შემოღების, გენერიკების გამოყენების წახალისებისა და მედიკამენტების დანიშვნის შესაბამისი წესების სათანადოდ აღსრულების გზით.
ამასთან, საჭიროა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება ხარისხის სათანადო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით.
აღნიშნული ანგარიში ორგანიზაციამ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მოამზადა. უახლოეს მომავალში "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" კიდევ ორ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომლებიც ჰოსპიტალურ და სადაზღვევო სექტორებს შეეხება.