ვინ არის ჩვენი მტერი ისინი, ვინც სხედან პარლამენტის დამნაშავეთა სკამზე ისინი, ვინც ბევრს და ლამაზად ლაპარაკობენ ხალხის გაჭირვებაზე, მაგრამ არაფერს მეცადინეობენ ხალხის განთავისუფლებითვის.
ისინი, ვინც არჩევის დრომდე ფიქრობენ და ლაპარაკობენ ხალხისთვის _ არჩევის შემდეგ თავის თავისთვის, თავის პატივმოყვარეობისათვის.
ისინი, ვინც ხალხს სთვლიან უვიცად მოქმედებისათვის და ამიტომ ართმევენ თაოსნობას საზოგადოებრივ მოქმედებისას; ისინი, ვინც, თუ რამე განსახორციელებული შეიქმნა ისევ ხალხის ძალას მოსთხოვენ მათზე მინდობილ ხალხის უფლებების დაცვის დაცვას; ისინი, ვინც შემდეგ ამისა ხალხს ურცხვად ეუბნებიან რომ, რაც სიკეთე მოგივიდა, მე მოგანიჭეო და რაც უფლებები მოიპოვე, მე მოგიპოვეო, თითქოს უფლების ზომა ძალა არ იყოს _ სწორედ ის ძალა, რომელიც პარლამენტის ვაჭართ არ აქვთ.
ვინ არის ჩვენი მტრებიო!?
ვინ და ისინი, ვინც ლაზღანდარობაში, თავიანთ პატივ_მოყვარეობაში და კარიერის შექმნაში გართულნი არიან, აბობოქრებენ პარლამენტარულ უაზრო, გაბერილ სიტყვების და ცარიელი აზრების ზღვას… პოლიტიკურ სისუსტის ტალღებს.
ვინ და ის ბატონები, რომლებიც იმოდენ იმედებს აძლევენ ხალხს, რომ ხალხი უნებლიეთ ეძლევა ტკბილ ოცნებებს, იძინებს ვარდის ფერ იმედების მოლოდინში, იმიტომ რომ გამოიღვიძოს საშინელ სინამდვილეში, საზოგადოებრივ ტკივილებში და იმQჯაჭვებში, რომელიც მისი ძილის წინ მას გაუკეთეს პარლამენტის მეარღნეებმა და რომელიც საშინლად გაზდილი ეჩვენება გაღვიძების დროს.
აი, ვინ არის ჩვენი მტრები!
ჩვენი მტრები არიან, ის პარლამენტის სიტყვის გმირები და აკტიორები, რომლებსაც უნდათ მსოფლიო სცენა პარლამენტის სცენაში დაატიონ, სოციალური დრამა პარლამენტის თეატრულ პიესაში მოამწყვდიონ, მსოფლიო ისტორია პარლამენტარულ ჯამბაზების გოგრაში გადაიტანონ და სოციალური ბრძოლა მინდვრიდგან, ტყიდგან, სოფლიდგან, ქალაქიდგან და ქუჩიდგან პარლამენტის ჯამბაზების სკამზედ.
ვინ არის ჩვენი მტრები?
ის მრევლის წევრები, რომელთაც თავისთვის პარლამენტი თავისუფლების ტაძრად გაუხდიათ ხალხის თვალში და თავის თვალში პოლიტიკურ ბაზრად, სავაჭროდ – სიტყვის საროსკიპოთ,
რა არის ჩვენი მტერი?
ის დაწესაბულება, სადაც საქმე ხმის უმრავლესობით სწყდება; სადაც იჩაგრება უმცირესობა და ხშირად პროგრესიული უმცირესობა;
სადაც სიმართლის სასწორი სიმრუდის საწონია, სადაც უმრავლესობა ჭეშმარიტების ქუდით ჩამქოლელია;
სადაც ჯოგური უმრავლესობა, შეურაცჰყოფს და ჰქელავს სამართლიან უმცირესობას, სთხზავს სიცრუეს და სილას არტყმევს ჭეშმარიტების და თავისუფლების მშვენიერ სახეს
აი რა არის ჩვენი მტერი?
ის დაწესაბულება, რომელიც მით უფრო გამძლე და გარყვნილი გამხდარა, რამოდენადაც გარეგნობით შემსუბუქებული სოციალური ბუნაგი პოლიტიკო_ეკონომიური მძარცველების და რომელიც წარმოადგენს ვარიაციას სოციალური ღვთის განგებისას, ვინაიდგან წარმომადგენელი და გამგებელია ხალხის სვებედისა.
ვინ არიან ჩვენი მტრები?
ისინი, ვინც თავს სოციალურ ბრძოლის გოლიათად აღიარებენ, ხალხს კი ნაცარ-ქექიად, მაგრამ დადგება თუ არა დრო განხორციელებისა, მიმართავენ ხალხის უწინდელ ნაცარქექიის და ეხლა გოლიათურ მკლავს.
ისინი, ვინც ხალხმა თავის მფარველად ამოირჩია, მაგრამ ხალხის მუდმივ დახმარებას და მფარველოვას საჭიროებს.
ისინი, ვინც ხალხში ქადაგებენ შეურიგებელ ბრძოლას მტარვალების წინააღმდეგ, მაგრამ პარლამენტის ბირჟაზე პოლიტიკურ ვაჭრობას და კანონების მრეწველობას ეწევიან კაპიტალის მაგნატებთან და პოლოტოკურ აფერისტებთან…
_ აკეთებენ რგოლებს იმ ჯაჭვისას, რომლითაც უნდათ შეჰბოჭონ გაქურდული მებრძოლნი…
_ ხალხი, რომელთაც სამსონივით ჩაძინებია, მარგამ, მოვა დრო…
ხალხის შეგნება გაიზრდება სამსონის თმასავით. სვეტები, რომელზედაც ის მიბმულია დაიწყებენ რყევას და შენობა, რომელიც მაზე დაშენებულია დაინგრევა საშინელი ხმაურობით, რომელიც მით უფრო მძლავრი და ქარიშხლოვანი იქმნება რამოდენათაც ხანგრძლივი მეუფება პარლამენტის მეარღნებისა.
ვინ არის ჩვენი მტრები?
ვინ და
ბატონები პარლამენტში _ პარლამენტი.
http://lib.a-library.info/texts/gogeliasha...eni-mtrebi.html