ბევრისთვის საყვარელი მსახიობის, დოდო აბაშიძის შვილიშვილი და ისტორიკოს ზაზა აბაშიძის ვაჟი - 12 წლის ძალიან ჭკვიანი, გონიერი და მომხიბვლელი სანდრო აბაშიძე სტუმრობდა და სახელოვანი ბაბუის ნაქონ "მერსედესზე" გულისამაჩუყებელი ინფორმაციაც მოგვაწოდა... ამბის სრულად მოსასმენად მას მალევე შევხვდი, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო, მასთან ინტერვიუ წინა ნომერში ვერ დაიბეჭდა და ახლა გთავაზობთ.
12 წლის სანდრომ თავის უბანში დამითქვა პაემანი და ლაპარაკ-ლაპარაკით შინისაკენ გამიძღვა:
- "მერსედესის" მოდელი - "ე-კლასი 280" თბილისში პირველად დოდო ბაბუას ჰყოლია. კარგა ხანს უვლია ამ მანქანით და მერე გაუყიდია. 2 კვირის წინ მე და მამა ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდით სწორედ ამ მოდელის "მერსედესის" ფოტოს და განცხადებას, რომ მანქანა იყიდებოდა. განმცხადებელს ქვემოთ დაეწერა: "ეს მანქანა ეკუთვნოდა მსახიობ დოდო აბაშიძეს". მამას ვეხვეწე, დარეკე, ჰკითხე, რას აფასებენ, ეგებ, ვიყიდოთ-მეთქი. მამამ მართლაც დარეკა და ვიღაც ბიჭმა გვიპასუხა, მე არ ვყიდი, მანქანა ერთ-ერთ მოძღვარს ეკუთვნის და დავუკავშირდები, თუკი შეძენას ფიქრობთო. მამამ აუხსნა, მყიდველი არ ვარ, დოდო აბაშიძის შვილი ვარო. მეორე დღეს დედაჩემის მშობლებთან ვიყავი და ბებია-ბაბუას ინტერნეტში იმ "მერსედესის" ფოტო ვაჩვენე. ნახევარ საათში ჩემი ძმისთვისაც უნდა მეჩვენებინა, მაგრამ ინტერნეტგვერდზე ფოტო აღარ იყო. ვიფიქრე, გაიყიდა-მეთქი და ძალიან დამწყდა გული, არადა... იმ მოძღვარს, როგორც შემდეგ შევიტყვე - მამა არჩილს (გვიმრაძეს) მამასთან დაურეკავს, შეხვედრია და უთქვამს, მინდა, მამაშენის "მერსედესი" გაჩუქოო. მალევე მამას სამსახურთან - უნივერსიტეტთან მიუყვანიათ ბაბუას "მერსედესი". მამამ მომახარა ეს ამბავი, მანქანა წამოიყვანა, მე და ჩემს ძმას გამოგვიარა და გაგვასეირნა კიდეც (ამასობაში სანდროს ეზოშიც შევუხვიეთ და ისტორიული "მერსედესიც" გამოჩნდა - ი.ხ.)
- მშვენივრად გამოიყურება. რამდენი წლისაა?
- 44 წლის. ბაბუას შემდეგ ბევრი პატრონი გამოუცვლია, მაგრამ კარგადაა შენახული: თავისუფლად დადის, ერთი ნაწილიც კი არავის გამოუცვლია, არც გადაუღებავთ - ყოველთვის ცისფერი იყო, არც სალონი გადაუკეთებიათ. ჩანს, ყველას რელიკვიასავით ჰქონდა: იცოდნენ, რომ დოდო აბაშიძის ნაქონი იყო. შეხედეთ (მიჩვენებს): სიჩქარის გადასართველი საჭესთან აქვს. ეს პირველი მანქანაა, ავტომატური ლუკით რომ გამოუშვეს. ხელს რომ მიაჭერ, ლუკი გადაიხსნება და "კაბრიოლეტად" იქცევა (მანქანას საპატიო წრე დავარტყით, სანდრო კი დაწვრილებით აღმიწერდა "მერსედესის" თითოეულ დეტალს - ი.ხ.).
- სანდრო, მამა არჩილს დაურეკე მადლობის სათქმელად?
- ჯერ არა. მამა კი იკისრებს, ალბათ, კარგ პურ-მარილს (იცინის). მერე ოდნავ გააშალაშინებს კიდეც ჩვენს "მერსედესს" და გავინავარდებთ. ცოტა მეც ვიცი ტარება. სხვათა შორის, ამ მანქანის სიჩქარეების გადართვა მამას აღარ ახსოვდა და მე ვასწავლე - ერთხელ ჩავჯექი, კარგად ავითვისე და მერე მამასაც ავუხსენი (იცინის).
- შეგიძლია, წარმოიდგინო, როგორი იყო თბილისის ქუჩებში ამ "მერსედესის" საჭესთან მჯდომი ბაბუა?
- (ფიქრობს) საჭესთან წელგამართული ზის და მიაქროლებს "მერსედესს". "პლეხანოვზე", თავის უბანში უხვევს პიპინ-პიპინით, აქეთ-იქით ბირჟაზე მდგომ უბნელებს რაღაცას გასძახებს და ხმაურით შეაჭრის თავის ეზოში. ხანდახან ნასვამიც ზის საჭესთან - ის კაცი არ არის, რამეზე უკან დაიხიოს!..
- ეს მანქანა რა არის შენთვის?
- ბრილიანტი... არა, უარესი... შეუფასებელი... რაც უნდა ვალი დამედოს ცხოვრებაში, რაც უნდა გამიჭირდეს, არასდროს გავყიდი. ჩემს შვილებსა და შვილიშვილებსაც აუცილებლად იმავეს დავუბარებ: ხელი არ ახლოთ!
დიდი მადლობა მამაო არჩილ სიხარულის ცრემლისთვის,იხაროს და იმრავლოს ყველა სიკეთის გამკეთებელმა.დოდო აბაშიძე საქართველოს სიამაყე იყო და მისი ჯიში რომ გრძელდება ყველასთვის სასიხარულოა.
This post has been edited by asuwa on 29 Jun 2012, 04:39
მიმაგრებული სურათი