http://icmm.ge/ka/site/news/1902/„ქართული ოცნების“ დუშეთის შტაბის წევრები მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობენ. მათი თქმით, დუშეთის პოლიციის თანამშრომლები „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების მოპოვებას ცდილობენ.
„დუშეთის პოლიციის თანამშრომლები „ქართული ოცნების“ მაისურების მოპოვებას ცდილობენ. დანამდვილებით ვიცით, რომ პოლიციის თანამშრომელმა ზაზა ბადაგაძემ, გუშინ, მასთან კარგ ურთიერთობაში მყოფ ახალგაზრდებს დაავალა, რომ „ქართული ოცნების“ მაისურები ეშოვათ და მისთვის მიეტანათ. სხვათშორის, გუშინვე ჩვენს შტაბში რამდენიმე ისეთი ახალგაზრდა მოვიდა, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები არ არიან და გვთხოვეს, რომ მათთვის მაისურები მიგვეცა. ჩვენ მაისურები არ მივეცით. არ ვიცით, შეძლეს თუ არა პოლიციის თანამშრომლებმა ვინმესთვის მაისურების გამორთმევა. ვეჭვობთ, რომ რაღაც პროვოკაციას გეგმავენ,“ - განაცხადა დოდო ხეთაგურმა.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ზაზა ბადაგაძეს დაუკავშირდა. „არასწორი ინფორმაცია მოუწოდებიათ. მსგავსი არაფერი ყოფილა,“ - აღნიშნა ბადაგაძემ.
შეგახსენებთ, ხვალ, 1-ელ ივლისს, მცხეთაში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაა დაგეგმილი.