ერთის მხრივ რა ამოცნობა უნდა, ვინც კი ოდნავ ქრისტეანობას იცნობს, მან იცის რომ ღმერთის გეგმა მდგომარეობს ადამიანის განღმრთობაში:
*იყავით თქვენ სრულნი, როგორც სრულია მამა თქვენი ზეცათა.*.(მათე. თავი მეხუთე. 48).
მაგრამ ერთ რამეს ვერა და ვერ ხვდება კაცობრიობა! და თუ რას ამას მოგახსენებთ.
ბიბლიიდან ერთი რამე სჩანს კარგად: სადაც ღმერთია, იქ სულ პრობლემები იჩენს თავს, თანაც სასტიკი პრობლემები: შიმშილი, ომები, მიწისძვრები, წარღვნა, ხოცვა–ჟლეტა და სხვა მრავალი საშინელი რამეები. იყო ღმერთი სამოთხეში და ადამ და ევა გამოვარდა იქიდან. იყო ღმერთი ადამის შვილებთან და კაენმა მოკლა აბელი. იყო ღმერთი ისრაელთან და შიმშილები, შინა და გარე ომები არ აკლდათ, იყო ღმერთი მოციქულებთან და იოანეს გარდა დანარჩენი 11 მოწამებრივი სიკვდილით მოკვდა, მერე ქრისტეანების ჯერ ისრალში, მერე რომის იმპერიაში ხოცეს. ბიბლიური ღმერთის გარდა ყველა სხვა ღმერთის მიმდევართა ბედიც ასეთია: დევნა, კვლა; წამება, მერე რელიგიური ომები როგორც შიგნითა განხეთქილებების გამო, ასევე უფრო დიდი ომები რელიგიებს შორის. ნახეთ დღესაც, სადაც რელიგია მეტად მძლავრობს, იქ მეტად მძლავრობს პრობლემები. ანუ სადაც ღმერთია, იქ მოსვენება არაა!
რატომაა ასე?
რატომ და: ღმერთს უნდა ადამიანი განიღმრთოს, გამოვიდეს ბავშვის მდგომარეობიდან და გახდეს სრულ(წლოვანი) და დაანებოს თავი მამა(ზეციერს). ღმერთის აღიარება კაცობრიობის სისუსტის და არასრულყოფილების მაჩვენებელია.
შექმნა რა ადამიანი, ღმერთი მას მერე ცდილობს რათა ადამიანმა მიატოვოს ის!
რანაირად ცდილობს? გადახედეთ ბიბლიას, გადახედეთ კაცობრიობის ისტორიას! ის სავსეა სასტიკი გაჭირვებებით და უბედურებებით, რომლებიც თავს დაატყდა და ატყდება ადამიანებს და ამ გაჭირვებებსა და უბედურებებში მთავარ როლში ღმერთი ფიგურირებს.
ღმერთი ამით ეუბნება ადამიანებს: წადით! დამანებეთ თავი! გახდით თავის–უფალი!!! იცხოვრეთ უჩემოდ, თავად იყავით ისეთი, როგორიც მე ვარ და დამანებეთ მე თავი! მხოლოდ ამის მერე გეშველებათ! – აი ეს წარმოადგენს ღმერთის საიდუმლო გეგმას: კაცობრიობა ამაღლდეს უღმერთობამდე!
და სინამდვილეში სწორედ ეს სიმაღლე იქნება კაცობრიობის ნამდვილი ყოფნა ღმერთთან, რამეთუ თავად კაცობრიობა იქნება სრული, როგორც მამა მისი ზეციერი.
ასე რომ ღმერთის საიდუმლო გეგმა მდგომარეობს კაცობრიობის მიერ ჭეშმარიტი ათეიზმის მდგომარეობის მიღწევაში. (ცრუ ათეიზმი იყო კომუნისტური საზოგადოება, სადაც რელიგიური ღმერთი ბელადმა ჩაანაცვლა, ასევე ცრუ ათეისტია ყველა ის ათეისტი, რომელიც ღმერთს არა, მაგრამ სხვა რამეს ეთაყვანება, თუნდაც საკუთარ თავს).
ჭეშმარიტი ათეიზმი ადამიანის (კაცობრიობის) ისეთი სულიერი დონეა, როდესაც ის ღმერთს იმიტომ უარყოფს, რომ თავად ხდება სრული, ვითარცა ღმერთი. ასეთ ადამიანს (კაცობრიობას) ღმერთი როგორც მისგან ცალკე და მასზე აღმატებულად მყოფი აღარ სჭირდება, რამეთუ ის ღმერთშია და ღმერთი მასშია. თუ საქმის არსს კარგად ჩასწვდებით, დაინახავთ რომ იესო ქრისტე სწორედაც რომ ასეთი ათეისტი გახდა თავისი ცხოვრების ბოლოს – მასში შეერთდა ღმერთი და ადამიანი.
მაგრამ ადამიანებმა ქრისტეს მოძღვრება ვერ გაიგეს და იგივენაირად გააგრძელეს ცხოვრება, გააღმერთეს ქრისტე მაშინ როცა ქრისტე ღმერთი არაა, ღმერთკაცია, ეს კი სულ სხვა რამაა, ვიდრე მხოლოდ ღმერთი. იესო ქრისტეს სახით ღმერთმა მოგვცა მაგალითი თუ რა არის ჩვენი მიზანი და რა არის მისი (საიდუმლო) გეგმა – ესაა ადამიანის დამგვანება იესო ქრისტესადმი. იესოს მოწოდების თანახმად, როცა ადამიანი მამაზეციერის სისრულეს მიიღებს თავის თავში, ის მამა ღმერთის კი არა, არამედ იესო ქრისტეს ნაირი (კაცღმერთი) გახდება და ამით შეასრულებს თავის მიზანს და დანიშნულებას.
მაშასადამე, ღმერთის საიდუმლო გეგმა მდგომარეობს ადამიანში (კაცობრიობაში) ჭეშმარიტი ათეიზმის განხოციელებას, რაც მიიღწევა ადამიანის განღმრთობით.
როგორი იქნება ასეთი კაცობრიობა?
აღარ იარსებებენ ღმერთები (არც ბელადები) და რელიგიები (არც იდეოლოგიები) და ყველაფერი ის, რაც ამ ორ რამეს ახლავს.
და დამკვიდრდება ქუეყანასა ამასა გულავი:
* * *
თანდართული ვიდეო შეცდომაში ნუ შეგიყვანთ, ეგ ისე, ცოტა გასახალისებლად დავდე.
ხოლო იმ აზრის დასადასტურებლად რომ კაცობრიობის საბოლოო მომავალი ღმერთის გეგმის მიხედვით არარელიგიურია, გთავაზობთ ციტატას აპოკალიპსიდან, სადაც ახალი იერუსალიმის (ანუ ისტორიის დასასრულის ბოლო მდგომარეობის) შესახებ იოანე გვამცნობს:
*ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში* (იოანეს გამოცხადება. თავი ოცდამეერთე. 22).