ბიძინა ივანიშვილის დაცვის უსაფრთხოების ზომების განსაკუთრებულმა გამკაცრებამ ქუთაისში გამართულ "ქართული ოცნების" აქციაზე, საზოგადოებაში ეჭვი გააჩინა, რომ კოალიციის ლიდერის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს. 10 ივნისს, სცენა, სადაც ლიდერები გამოდიოდნენ, ხალხისგან ტყვიაგაუმტარი მინით იყო გამოყოფილი.
აქციაზე მოსული "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამკაცრებული დაცვის თანხლებით მიაცილეს ტრიბუნამდე. უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას წინ ბიძინა ივანიშვილის, მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის განცხადება უძღოდა, რომელიც მან ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გააკეთა.
"ბიძინას პოლიტიკაში შემოსვლა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ოჯახისთვის. ბევრი ვიფიქრეთ, გვქონდა დისკუსია, კამათიც, რადგან არსებობდა საფრთხე და ამას ყველა ვგრძნობდით, განსაკუთრებით ბიძინა, იმიტომ, რომ კარგად იცნობს ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს და იცის, რაზე არიან წამსვლელები.
ეს საფრთხე უფრო ნათლად გამოაჩინა 27 მაისის აქციამ, რადგან ამ დღის მუხტმა ყველას დაანახა, თუ რა განწყობა არის ხალხში, როგორი სურვილი აქვს საქართველოს მოსახლეობას, რამაც, შესაბამისად, საფრთხეც გაზარდა. ვცდილობ, რომ ემოციას არ ავყვე, თუმცა ვიცი, საშიშროება ძალიან დიდია", - აღნიშნა ხვედელიძემ.
თუმცა ქუთაისისგან განსხვავებით, მსგავსი ზომები თბილისში, 27 მაისს გამართულ აქციაზე არ გამოყენებულა.
როგორც "რეზონანსს" რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა უთხრა, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უკავშირდება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ივნიშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდეს.
"ამ თემით სპეკულაციას არ ვაპირებ, მაგრამ როდესაც ასეთი ხელისუფლება გყავს, არასოდეს არის ზედმეტი დამატებით უსაფრთხოებაზე იფიქრო. საფრთხე რამდენად რეალურია და საერთოდ მოსალოდნელია თუ არა, არ ვიცი.
არც ის ვიცი, რუსეთიდან არის შემოგდებული თემა, თუ სხვა მხრიდან, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. როდესაც არსებობს ასეთი ინფორმაცია, ის ხელწამოსაკრავი არ არის, ძალიან ბუნებრივია, საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქრო", - ამბობს ხიდაშელი.
მისივე თქმით, რეალური საფრთხის შესახებ არაფერი იცის.
"ეს ჩემი სფერო არ არის და ამაზე დასაბუთებულად ვერ ვილაპარაკებ. ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე ძალიან კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ, ალბათ, მათ ჩათვალეს, რომ ეს საფრთხე არსებობდა და შესაბამისი ზომები მიიღეს. მე ამაში რამე განსაკუთრებულს ნამდვილად ვერ ვხედავ", - ამბობს ხიდაშელი.
რას უკავშირდება უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და არსებობს თუ არა რეალური საფრთხე ივანიშვილის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ამის არც უარყოფა შეუძლია და არც დადასტურება.
"როდესაც უსაფრთხოების სამსახური ასეთ ზომებს იღებს, ეს პრევენციით არის გამოწვეული. საკითხი ღიაა და საჯარო არ არის, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ვერც იმაზე ვისაუბრებ ეს საფრთხე რეალურად არსებობს თუ არა. არც დადასტურება შემიძლია და არც უარყოფა", - ამბობს სესიაშვილი.
სესიაშვილისგან განსხვავებით, ივანიშვილის ლიკვიდაციის რეალურ საფრთხეს ხედავს უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.
როგორც მან "რეზონანსს" უთხრა, საფრთხე ძალიან რეალურია და ივანიშვილის შეშფოთებას სრულიად იზიარებს.
"ვისაც ეჭვი ეპარებოდა ივანიშვილის გამარჯვებაში, 27 მაისის და 10 ივნისის აქციებმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამყარდა კოალიციის გამარჯვების გარდაუვალობა. შესაბამისად, ლიკვიდაციის საფრთხეც გაიზარდა.
მე არათუ ბატონი ბიძინას შეშფოთებას ვიზიარებ, არამედ, მეტსაც ვიტყვი: ძალიან საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმება, ამიტომ უსაფრთხოების ზომების გამკაცრება აუცილებელია. პოლიტიკური პროცესები ისე გამწვავდა, ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ივანიშვილის უსაფრთხოებისთვის გამკაცრებული ზომები მიიღონ", - ამბობს ნაცვლიშვილი.
რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებას, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელი ლიკვიდაცია რუსეთიდან შემოგდეული თემა იყო და ხელისუფლების დისკრიმინაციას ისახავდა მიზნად, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ასეთ განცხადებებს სერიოზულად უკვე აღარავინ აღიქვამს.
"ასეთ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლება რას ამბობს თვითონაც არ იცის და სერიოზულად მათ ნათქვამს აღარავინ უყურებს. არანაირ ლოგიკას მათი განცხადებები არ ექვემდებარება" - ამბობს ნაცვლიშვილი.
უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის მანიად აფასებს უმრავლესობის წევრი, პარლამენტარი კობა ხაბაზი.
როგორც მან "რეზონანსს" უთხრა, ივანიშვილის ლიკვიდაციას არავინ აპირებს და ამ მითს თვითონ ავრცელებენ.
"ამ თემასთან დაკავშირებით ორი განსხვავებული მოსაზრებაა. ერთი ის, რომ ზოგიერთ ადამიანს ივანიშვილისთვის საკუთარი შეთავაზება უნდა და ამით ყურადღების მიპყრობას ცდილობს და მეორე ის, რომ ეს ჩვეულებრივი პიარია.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს მისგან სიახლე არ არის. ჩვეულებრივი მანიაა, რომლითაც ეს ადამიანია შეპყრობილი. ხალხში არგამოჩენა და მისი ცხოვრების წესი მანიაა, მეტი არაფერი. ის ან თვითრეკლამას ემსახურება, ან სერიოზული განდიდების მანია სჭირს", - ამბობს ხაბაზი.
მისივე თქმით, თუ საფრთხე ნამდვილად არის, იმ ძალებში უნდა მოიძიონ ვისაც საქართველოს დესტაბილიზაცია სჭირდება.
"მერწმუნეთ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კარგად ვიცით რა უნდა ვაკეთოთ, რას ვაკეთებთ და მომავალში რა გვაქვს გასაკეთებელი, რათა საქართველო წარმატებული და უფრო ძლიერი ქვეყანა იყოს.
ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციით მხოლოდ ის ძალა შეიძლება იყოს დაინტერესებული, ვისაც საქართველოს მომავალი და განვითარება არ აწყობს. შესაძლოა, ეს რუსეთიც იყოს, მაგრამ როგორც ვიცით, ბოლო კოზირს არ ანადგურებენ. ეს დაუწერელი წესია. ის რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ბოლო კოზირია, ამაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული", - აცხადებს ხაბაზი.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით პირველი განცხადებები ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ აპრილში გაავრცელა. როგორც ის აცხადებდა, ივანიშვილის ლიკვიდაციას ხელისუფლება გეგმავდა და ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც ის რეგიონებში გასვლას დაიწყებდა. მისივე განცხადებით, ივანიშვილს თავს 2 ადამიანი უნდა დასხდომოდა. თუ ერთი მათგანი დაცვის ან პოლიციის მიერ საპასუხო სროლისას დაიღუპებოდა, მეორე აუცილებლად წარსდგებოდა სასამართლოსს წინაშე და დანაშაულს საკუთარ თავზე აიღებდა.
თამთა კაკაურიძე
გაზეთი ”რეზონანსი”
http://www.ambebi.ge/politika/55089-mzadde...anishvilze.html