millionpixel
USA

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3132
წევრი No.: 99437
რეგისტრ.: 9-September 09
|
#32091168 · 12 Jul 2012, 13:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლაზიკის მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებით
საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით ისტორიული ლაზიკის ტერიტორიაზე ფოთსა და ანაკლიას შორის კვლავ ჩაეყრება საფუძველი ახალი ქალაქის მშენებლობას რომელსაც შეუნარჩუნდება სახელი და ლაზიკა ერქმევა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება პარლამენტში უმრავლესობამ მოიწონა თუმცა უმრავლესობას ხომ ნაციონალური მოძრაობის წევრები წარმოადგენენ და ძალიანაც რომ გვინდოდეს მშნებლობის ნებართვაზე უარყოფით პასუხს მაინც ვერ მივიღებდით. მართალია ახალი ქალაქის მშენებლობით ქვეყნის ეკონომიკა გარკვეული დროის შემდეგ გაიზრდება მაგრამ რატომღაც მედლის მეორე მხარეს არავინ უყურებს. ამონარიდი მიხეილ სააკაშვილის სიტყვებიდაბ როდესაც ის მარტვილის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას მიმართავდა: “იმათ მოდი არ დაგვიჯერონ, მაგრამ ვისაც გვჯერა, მოდი ყველა გაგვატარონ, რადგან ამ დღეებში შევდივართ იქ ჭაობების დასაშრობად, შევდივართ ტექნიკით, გვაქვს გეგმები, მუშაობენ მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორები. ლაზიკა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი კი არ არის, შეუძლებელია გყავდეს ასეთი ნიჭიერი, შრომისმოყვარე, განათლებული ხალხი და ვერ განავითარო შენი სავაჭრო გზები და არ გქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საპორტო და სხვა კომუნიკაციები. შავიზღვისპირეთში არის რამდენიმე ათეული კილომეტრი, რომელიც ჯერ კიდევ არის გამოუყენებელი და ის უნდა ავამუშაოთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საინტერესოა, პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორებზე და არაფერს ამბობს ეკოლოგებზე რომელთაც უნდა დაიცვან კოლხეთის დაბლობზე გავრცელებული ფლორისა და ფაუნის ენდემური და რელიქტური სახეობები ამას გარდა ჭაობისთვის დამახასიათებელი უნიკალური ტიპის ნიადაგები რომლებიც კომპლექსური სახის ერთიან ეკოსისტემებს ქმნიან. ვასილი დოკუჩაევი (რუსული ნიადაგური სკოლოს ფუძემდებელი, მან პირველად აღწერა მსოფლიოს ნიადაგები და შეადგინა ერთიანი რუკა) როდესაც პირველად ეწვია საქართველოს, ნანახმა იმდენად აღაფრთოვანა რომ გაკვირვებისაგან წარმოუთქვამს: “საქართველო არის ნიადაგების ბუნებრივი მუზეუმი ღია ცის ქვეშ”. არ მეგულება ადამიანი ვინც ამ დიდი მეცნიერის გენიალურ სიტყვებს გააზრებულად გააცნობიერებს და შემდეგ ყოველივეს გულგრილად შეხედავს, მაგრამ საზოგადოების პრობლემა სწორედ იმაშია რომ ობიექტურ რეალობას არავინ უყურებს. ჯერ კიდევ კომუნიზმის ეპოქაში ლენინი ხალხს აქტიურად მოუწოდებდა რომ ამოეშროთ კოლხეთის დაბლობზე არსებული ჭაობები და მათ ადგილზე სამეურნეო საქმიანობა წამოეწყოთ. ლენინის ამგვარი გადაწყვეტილება განპირობებული იყო ადამიანური არასრულფასოვნებიდან გამომდინარე, ის რომ ადამიანი მტაცებლური ბუნებისაა და ყოველთვის უნდა იმაზე მეტი ვიდრე აქვს. ერთი პერიოდი კიდეც დაიწყეს ჭაობების ამოშრობა თუმცა მცირე ხნის შემდეგ დარწმუნდნენ რომ ტყუილად წყალს ნაყავდნენ და ამოშრობითი სამუშაოების ჩატარება უშედეგოდ მიიჩნიეს. რაც არ უნდა ამოვაშროთ ჭაობი, გარკვეული დროის შემდეგ იგი თავს მაინც შეგვახსენებს ამის ნათელი დადასტურებაა რუსეთში ჭაობებზე აშენებული ქალაქები რომელთაც დიდი წვიმებისა და წყალმოვარდნების დროს სერიოზული პრობლემა ექმნებათ. ჭაობში არსებული პროდუქტი მიეკუთვნება ბუნებრივ რესურსს. ტორფის გამოყენება შესაძლებელია საწვავად ასევე საკვებ პროდუქტად მეცხოველეობაში და სასუქად სამეურნეო საქმიანობაში. მართალია კოლხეთის დაბლობზე არსებული ტორფის დაზვერილი მარაგი არც თუ ისე დიდი რაოდენობითაა თუმცა მის მაღალ ხარისხზე მეტყველებს რამდენიმე მეტრის სისქის ფენა. კოლხეთის დაბლობზე არსებული ჭაობები გადამფრენი ფრინველებისთვის წარმოადგენს ერთგვარ შეკრების ადგილს (ძაბრს) საიდანაც ისინი თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავენ. ამჟამად ჭობებისა და ჭარბტენიანი მიწების ნაწილი ამოშრობილია. ჭაობები გვხვდება მხოლოდ კოლხეთის დაბლობის დასავლეთ, ზღვისპირა ნაწილში და მათი საერთო ფართობი დაახლოებით 627 კმ2-ია. ჭობები მოქმედებენ კლიმატზე, ჰიდროლოგიურ და ჰიდროგეოლოგიურ რეჟიმებზე და ამდენად წარმაოდგენენ ტერიტორიის ეკოლოგიური წონასწორობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორს.
მოკლე მიმოხილვა: ლაზიკა — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. ფეოდალური ხანის ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი პროვინცია. მოიცავდა ტერიტორიას მდ. რიონის ქვემო დინებასა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის (გვიანდელი გურია, საჯავახო-საჩინოს ჩათვლით და შავი ზღვის აჭარის სანაპირო მხარე). პირველად მოიხსენიება VII საუკუნეში ანონიმური ავტორის "სომხურ გეოგრაფიაში" ("ლაზივის" სახელწოდებით), ბიზანტიელი ავტორები დასავლეთ საქართველოს ლაზიკის სამეფოს უწოდებდნენ. პროკოპი კესარიელის (VI საუკუნე) მიხედვით, ეს ტერიტორია სრულიად დაუსახლებელი ყოფილა, ხოლო აგათია სქოლასტიკოსი (VI საუკუნე) ლაზიკის ტერიტორიაზე ასახელებს ციხესიმაგრე ტელეფისს (მკვლევარები აიგივებენ ახლანდელ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში არსებული ციხესიმაგრის ნანგრევებთან). აქვე ყოფილა ქიტროპოლია, თიხის ჭურჭლეულით სავაჭრო ადგილი. VI საუკუნის II ნახევარში ლაზიკაში შენდება ცნობილი ციხე-ქალაქი და საეპისკოპოსო ცენტრი პეტრა (ახლანდელი სოფ. ციხისძირი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი). VIII საუკუნიდან ლაზიკის პროვინციის უდიდესი ნაწილი გურიის სახელით მოიხსენიება.
ლიტერატურა: ლომოური ნ., ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968; ჯავახიშვილი ივ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979; მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 106, თბ., 1983 წელი.
კოლხეთის ბიომრავალფეროვნება
კავკასია მდიდარია უძველესი გეოლოგიური ეპოქებიდან შემორჩენილი რელიქტური მცენარეული სახეობებით. კავკასიის ტერიტორიაზე შემორჩენილი მესამეული ფლორის ორი ადგილსამყოფელიდან ერთი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. წარსულში კი ეს ფლორა საკმაოდ დიდ ფართობზე იყო გავრცელებული და ერთიან არეალს ქმნიდა. დღეს კი იგი შემორჩა კოლხეთში და საქართველოს საზღვრებს გარეთ - ჰირკანის ოლქში, თალიშში (აზერბაიჯანი). კოლხეთში ამ უძველესი სახეობებიდან შემორჩენილია შქერი, ჩვეულებრივი წაბლი, ბიჭვინთის ფიჭვი, წყავი, პონტოური მუხა, ბზა, ძელქვა, ურთხელი, ძმერხლი და სხვ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კავკასიაში და მათ შორის კოლხეთის დაბლობზე შემორჩენილია რელიქტების არა მარტო ცალკეული სახეობები, არამედ ეკოსისტემებიც. კოლხეთის დაბლობში გვხდება შემდგეგი ეკოსისტემები: --- შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ არსებული სანაპირო ზოლის ქვიშის დიუნები. --- დაჭაობებული ტყეები მცენარეთა და ცხოველთა იმ სახეობებით რომლებიც შეგუებულნი არიან წყალდიდობას. --- ტორფნარები, სადაც ტორფიანი ხავსი გხვდება . --- მტკნარი წყალსატევები -ტბები, მდინარეები, რომელშიც წარმოდგენილია მცენარეების თევზების, აბფიბიების და ქვეწარმავლების ფართო სპექტრი. --- შავი ზღვა კოლხეთის დაბლობი, უპირველეს ყოვლისა ბოტანიკური თვალსაზრისით არის საინტერესო. აქ დღემდე შემორჩენილია ფლორისტული შედგენილობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები – ჭაობების, რელიქტური კოლხური ტყეებისა და ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქვიშიანი დიუნების მცენარეული დაჯგუფებებით. ამ ეკოსისტემებში შემორჩენილია ულამაზესი ფრაგმენტები ველური ბუნებისა, რომელიც მდიდარია კოლხეთის ფლორის რელიქტური და ენდემური სახეობებით. ეს არის ლაფანი, იმერული მუხა, პონტოური კანაფის მასივები, მწერიჭამია დროზერა, სამეფო გვიმრა. შავი ზღვის პირა ზოლზე მხოლოდ აქ არის შემორჩენილი ულამაზესი მოთეთრო მოვერცხლისფროდ შებუსვილი სპარსული ხვართქლა. ნაბადას ტორფიანი უბანი გამოირჩევა ჯადვარების ბიომარავალფეროვნებით. ტორფის ხავსიან უბნებს უდიდესი გარემოს დაცვითი ღირებულება გააჩნია. როგორიცაა, გლობალური და რეგიონული კლიმატის რეგულაცია, წყალშემაკავებელი და წყალმარეგულირებელი ფუნქციები. ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხარობდა ეკალღინჯები, ფოთლოვანი ხეებიდან წიფელი, მუხა, წაბლი, კოპიტი(იფანი) და ლაფნის ხეები. ამჟამად ამ მცენარეთა უმეტესობა გადაშენების პირასაა მისული გაჩეხვის გამო. რის შედეგადაც განვითარდა და გაბატონდა სწრაფადმზარდი მურყანის(თხმელა) მეორადი წარმოშობის ტყეები. კოლხეთში სამკურნალო მცენარეების გამოყენებას მოსახლეობაში უძველესი ისტორია აქვს. კვლავ მითი არგონავტებზე, გრძნეული ქალი მედეა. “მედეა წამალს პრომეთეს(ამირანი) სისხლით ნაპოხ მიწაზე აღმოცენებული ყვავილებისაგან ამზადებდა“ -- ო ასეა ნათხრობი მითში. დღესაც გამოიყენება სამკურნალოდ ისეთი მცენარეები როგორიცაა: კოთხოჯი, ზამბახი, ლაფანი, მოცვი, წყლის სამყურა, პიტნა, მატიტელა, ჩიტისთვალა და სხვა. ასევე ცნობილია სამკურნალო ცხოველების გამოყენება როგორიცაა სამედიცინი წურბელა. მცენარეებს მოსახლეობა ტრადიციულად ბუნებრივი საღებავების დასამზადებლად იყენებდა:მაგ. ზამბახს, ლაფანს და სხვა . დეკორატიული მცენარეებიდან გავრცელებულია ცხენისკბილა, ზამბახი, ყვითელი და თეთრი დუმფარა. ტყეში ველურად იზრდება ლეღვი, თეთრი და შავი თუთა, ჟოლო და მაყვალი. ეკალასა და სხვა ბალახეულებს მოსახლეობა იყენებს მხალეული კერძების დასამზადებლად. დეგრადირებული მეორადი ცენუზები საქონლის საძოვრებს წარმოადგენენ. მოსახლეობა სასილოსედ იყენებს სიმინდს, ლელს, ისლს. სასოფლო-სამეურნეო მონოკულტურებს მარცვლოვანი- სიმინდი და პარკოსნები -ლობიო და მუხუდო წარმოადგენენ. ადრე მარცვლოვანი კულტურებიდან მოჰყავდათ ისეთი ძირძველი კულტურა როგორიცაა სპელტა(ორთავა ხორბალი). XIX საუკუნის ბოლოს ტორფის ხავსიანი ჭაობის განაპირა ჭილიან მდელოებს მოსახლეობა იყენებდა ღომისა და ბრინჯის მოსაყვანად. დღეს ბრინჯი აღარ მოჰყავთ, ღომიც იშვიათობაა სამეგრელოში. ასევე მიივიწყეს ფეტვიც. ოდითგანვე ცნობილია სუნელ-სანელებლების მოყვანა პიტნა, ზაფრანა, ქონდარი და სხვა. ვაზის ჯიშებიდან ცნობილია- იზაბელა. ფოთში ეკოსისტემა ძირითადად ანტროპოგენულია და შეცვლილია ადამიანის ჩარევის გამო.ქალაქში არსებული მწვანე საფარი ძირითადად წარმოდგენილია ქალაქის ცენტრალური პარკის, მალთაყვის ტყე-პარკის, გამწვანების ზოლების , სკვერების და ქუჩების გამწვანების სახით. გვხვდება სხვადასხვა სახეობის მერქნიანი, დეკორატიული, ბუჩქი და ნახევრად ბუჩქი მცენარეები. მაგალითად: ქალაქის ქუჩებში ვხვდებით ეგზოტიკურ პალმებს, ჭადრებს, ლუგუსტრინებსა და ქაფურის ხეებს. ნაბადასა და მალთაყვაში შემორჩენილია ფიჭვის კორომები. ქალაქის პირველი განაშენიანება - გამწვანება უკავშირდება რუსეთის არმიის გადამდგარი ოფიცრის ადამ კურკოვსკის სახელს, რომელიც XIX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ჩამოვიდა ფოთში. მან გადაწყვიტა აქ პომოლოგიური ინსტიტუტის გაშენება და ჩამოიყვანა ცნობილი გერმანელი ბოტანიკოსი რესლერი. 1873 წელს კურკოვსკიმ თხოვნით მიმართა კავკასიის მეფის ნაცვალს, გამოეყოთ მისთვის დახმარება 10000 მანეთის ოდენობით ინსტიტუტის დასაარსებლად. ამ დროისათვის კურკოვსკის ფოთში ჩამოტანილი ჰქონდა 1000-მდე სხვადასხვა სახეობის ხეხილი, ბოსტნეული, წიწვოვანი და დეკორატიული მცენარეები. მან 4 ჰექტარის ნაკვეთზე გააშენა ულამაზესი ბაღი, ე.წ. კურკოვსკის ბაღი (ახლანდელი საცდელი სადგურის ტერიტორია) სწორედ აქედან გადატანილი ნერგებით გაშენდა ცენტრალური ბაღი, რომელსაც შემდეგ კურირებდა კურკოვსკის მეუღლე ბრონისლავა სმიტი. ცნობილია რომ 80-იანი წლების დასაწყისში რესლერმა დატოვა ფოთი და გადავიდა ბათუმში. ქალაქის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე, ფოთიდან წაღებული ნერგებით გაუშენებია ბათუმის ბულვარი. კურკოვსკის მიერ დარგული რამოდენიმე ძირი მაგნოლია, ჭაობის კვიპაროსი და ფიჭვი დღესაც დგას საცდელი სადგურისა და ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე. სხვა მცენარეებთან ერთად აქ დაირგო ციტრუსების უძვირფასესი ჯიშები.ამბობენ, ამ ბაღში მოკრეფილ ციტრუსის ნაყოფს ფოთის პოლიცმეისტერი აბაშიძე, საჩუქრად უგზავნიდა ქუთაისის გუბერნატორს. ნაბადას მიმდებარე ტერიტორიაზე მცირედ შემორჩენილ სფაგნუმიან-ტორფიანი ჭაობებიდაპალიასტომის ტბა საუკეთესო დასასვენებელი ადგილია მობუდარი, მოზამთრე და მიგრირებადი ფრინველებისათვის. ეს ადგილი ანაკლია-ჭურიის ტორფიანი ჭაობებისა და მის განაპირა კოლხურ ტყეებთან ერთად წარმოადგენს საყვარელ და ერთადერთ საბუდარს “ფაზანელ-კოლხად“ წოდებული კოლხური ხოხობისათვის.აქ მიგრირებს და იზამთრებს შემდეგი ფრინველები: თეთრკუდა არწივი, შავი ყარყატი, დიდი თეთრი ყანჩა, ხუჭუჭა ვარხვი, თეთრშუბლა ბატი, მყივანა გედი, გარეული იხვი. ოქტომბრის თვეში აქ სამხრეთისკენ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაძრულ მტაცებლებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. სხვადასხა სიმაღლეზე და სხვადასხვა სისწრაფით ლივლივებენ კაკაჩები, ძერები, კირკიტები, ძელქორები, თეთრკუდა და ბექობის არწივები. ზოგჯერ შესაძლებელია გადამფრენი შაკის თევზზე ნადირობის დანახვა. ხოლო ზღვის ნაპირთან ტალღების მოტანილი მოლუსკებისა და უხერხემლოების ძიებაში მაღალ ფეხებზე შემდგარი მექვიშიები დარბიან. მათ უკან კი ზღვაში სხვადასხვა სახეობის თოლიები და თევზიყლაპიები ნადირობენ. ზამთარში ჩრდილოეთიდან იხვების ,ბატებისადაგედების გუნდები მოფრინავენ.ვხვდებით ჩვამებს ,წყალზე მოლივლივე კოკონებსა დამელოტებს. ძუძუმწოვრებიდან გავრცელებული სახეობაა ტურა, კავკასიური თხუნელა, გარეული ღორი(წითელ წინგშია შეტანილი), დელფინი აფალინა, და თეთრგვერდა დელფინი. პალიასტომის ტბა მდიდარია თევზით განსაკუთრებით ფარგა და კეფალი. პალიასტომის ტბა ითვლება საქართველოში ფარგის გავრცელების ერთერთ მნიშვნელოვან წყასლატევად. კეფალი კი ზღვის თევზია პალიასტომში ის აღმოჩნდა პალიასტომის და შავი ზღვის დამაკავშირებელი არხის გაჭრის შემდეგ. განიცადა ადაპტაცია და შეეგუა პალისტომის ტბის საცხოვრებელ პირობებს. კოლხეთის დაბლობში გავრცელებული 88 სახეობის თევზიდან შავი ზღვის მობინადრეა 44. მტკნარი წყლის 21. ხოლო გამსვლელია 23. სხვა თევზებიდან აღსანიშნავია ხრტილოვანი თევზები --, ატლანტიკური ზუთხი, სვია, ძვლოვანი თევზებიდან -- შავი ზღვის ორაგული, სკუმბრია, ლობანი, ქარიყლაპია. ვერცხლისფერი ბრტყელშუბლა შეგუებულია როგორც მტკნარ ასევე მლაშე წყალში ბინადრობას. გაზაფხულზე ის ზღვიდან მდინარეში შედის სადაც იკვებება ლამიან ფსკერზე ნაპოვნი ორგანიზმებითა და წყალმცენარეებით. ხოლო ქვირითობისთვის ზღვას უბრუნდება. ახალგაზრდა მთელ წელს მტკნარ წყალში ატარებენ. პალისტომის ტბა შავი ზღვის აკვატორიასთან ერთად აფრიკა-ევრაზიის წყლისა და ჭაობის ფრინველთა მიგრაციის ერთერთი მნიშვნელოვანი რეგიონია. ტენიან ტყეებში და ჭაობებში, მდინარეებში ბუდობს და იზამთრებს 194 სახეობის ფრინველი, აქედან 76 მიმომფრენია, მობინადრეა 62 და 56 მოზამთრე. ამფიბიებიდან ყურადღებას იპყრობს ვასაკა, ტბორის ბაყაყი, ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი. ქვეწარმავლებიდან გავრცელებულია წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუ.
შეჯამება: ის რასაც ადამიანი გაუაზრებლად, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად სჩადის ადრე თუ გვიან გლობალური მასშტაბის ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. რატომღაც ყველას ავიწყდება რომ დედამიწა ის ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში რომელზეც ადამინისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმის არსებობისათვის საჭირო ყველა სასიცოცხლო პირობაა შექმნილი. ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ადამიანმა უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება, მან ყური უნდა დაუგდოს დედამიწის გულისფეთქვას და მოუაროს ბუნებრივ გარემოს, წინააღმდეგ შემთხვვაში იმ შეუქცევადი პროცესების მიმდინარეობა, რომელიც ერთიან ჯაჭვადაა წარმოდგენილი დაირღვევა, რაც გამოიწვევს გლობალური მასშტაბის ეკოლოგიურ კატასტროფას, შედეგი კი ნამდვილად სავალალო იქნება.
აბა ვისაც კითხვა არ გეზარებათ....
--------------------
ადამიანის ფანტაზია ისევე ეწინააღმდეგება და უარყოფს მეცნიერების დოგმებსა და კანონებს როგორც მეცნიერება ღმერთის არსებობას.
|