თორღვა ძაგანის მუცო
16:13 04-08-2012
მეგობრებთან ერთად ხევსურეთში მივდივარ. მძღოლის ჩათვლით 12 ვართ. აღმოჩნდა, რომ ხევსურეთში ერთის გარდა, მანამდე არც ერთი არ ვართ ნამყოფი. ბუნებრივია, ყველაფერი გვაინტერესებს.
პირიქითა ხევსურეთში ალპური ზონიდან თანდათან არღუნის ხეობაში ვეშევებით და შემდეგ რამდენიმე კილომეტრზე მდინარეს მივუყვებით. მთები კლდოვანია, შერეული ტყეებით დაფარული. ალაგ-ალაგ მთებზე მინდვრებიც გვხვდება. ერთი-ორგან მთის ფერდობებზე ცხვარია შეფენილი. შატილიდან რამდენიმე კილომეტრში ერთი მგზავრი და ფეხით მოსიარულე, ზურგჩანთამოკიდებული უცხოელი ტურისტები გვხვდებიან.
. . . რამდენიმესაათიანი სიარულის შემდეგ შატილიც გამოჩნდა _ მთაზე შეფენილი ციხე-სოფელი. შატილის შესასვლელში, ხიდთან ჩამოვდივართ და შატილის ფონზე პირველ სურათებს ვიღებთ. მზიანი და კარგი ამინდია. გვიხარია, რომ იქ ვართ.
მდინარის პირისკენ ტერასებად ჩამოსულ სამ კოშკზე ხარაჩოები შორიდანვე მოჩანს, აგრეთვე - შუაწელს ზემოდან ჩამოშლილი ერთ-ერთი კედელიც. ჯერ შატილში შევდივართ და ციხე-სოფელის კოშკებს ვათვალიერებთ. ბანიან საცხოვრებელ სახლებს ზოგს ჭერი აღარ აქვს. რამდენიმე მთლიანად ჩაშლილია. სიპი ქვით ნაგებ კედლებს ალაგ-ალაგ ბალახი შეჩვევია და ყვავილებიც ყვავიან.
შატილში აღდგენითი სარეკონსტრუქციო სამუშაობი პირველ ეტაპზე მხოლოდ სამ კოშკს უტარდება. ადგილზე ოთხი მუშა დაგვხვდა, აღსადგენ კოშკებში შიდახარაჩოების მოსაწყობად ფიცრებს ეზიდებოდნენ. სამშენებელო კომპანიის წარმომადგენელი ირაკლი ანდღულაძე აცხადებს, რომ 14 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად 43-ე კოშკის კედელი ჩამოინგრა, რამაც 44-ე კოშკიც დააზიანა. მათი მთავარი მიზანი 43-ე კოშკის აღდგენაა. დასაშლელია 44-ეს კედელიც. ამას კი საკმაო დრო სჭრიდება. ანდღულაძეს ეჭვი ეპარება, რომ სამუშაოები დაგეგმილ დროს, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დასრულდეს. იგი ვარაუდობს, რომ აღნიშნული პერიოდისთვის მხოლოდ 43-ე კოშკის აღდგენას მოახერხებენ. "კოშკები სავალალო მდგომარეობაშია. სასწრაფოდ საჭიროებს გამაგრებას", _ ამბობს ირაკლი ანდღულაძე.
ხევსურების უძველეს საცხოვრებელში ორგან პატარა სასტუმროც ვნახეთ. ტურისტები შატილში იშვიათობა არ არის. იქ ჩასულებს ღამის გასათევსა და საჭმელს შატილის მოპირდაპირე მხარეს არსებული პატარა კოტეჯებშიც სთავაზობენ. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ამჟამად შატილში 20-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათგან ზამთარში ნახევარი თუ რჩება. მძიმე კლიმატური პირობების გამო ისინი ბარში ჩადიან.
შატილს წინ არღუნის ხევი ჩაუდის, ჩრდილოეთის მხრიდან კი - შატილის ხევი. ორივე ძალიან ჩქარი და ხმაურიანია. შატილის ხევთან ადგილობრივ მკვიდრ ზვიად ჭინჭარაულს შევხვდი და გავესაუბრე.
"ზამთარს ძალიან ცუდად ვატარებთ, თოვლი მოდის მთაზე. გზა არ არის. ხალხი არ არის. არაფერიც არ არის. პროდუქტებს ვიმარაგებთ. ვინ ჩამოგვიტანს აბა?! ჯერჯერობით არანაირი მხარდაჭერა არ არის და მერე ვნახოთ", _ ამბობს ჭინჭარაული.
საღამოვდება. შატილში ღამის გასათევ ადგილს ვეძებთ. გვინდა, ღამე კოცონთან და კარვებში გავათიოთ. ერთ-ერთ გორაზე, კარვების ქალაქში საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაციის "დავითიანნის" წევრები არიან დაბანაკებული, საზაფხულო ბანაკი აქვთ მოწყობილი. გზად ისრაელიდან ჩამოსული წყვილიც გვხვდება. აინტერესებთ, როდის ვაპირებთ თბილისში დაბრუნებას.
"მეორე დღეა, აქ ვართ და აქედან მხოლოდ ორი მანქანა წავიდა. ყველა სავსე იყო. გაყოლა ვერ შევძელით", _ გვითხრეს მათ.
მიკროავტობუსში, ადგილის გარდა, ჩვენთან ერთად ვახშმობასაც ვთავაზობთ. ეს მოულოდნელობა მათ ახარებთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი სტუმრები - იდო ამარი და ნაამა ჰადანი საქართველოში უკვე ერთი კვირაა, მოგზაურობენ. კუთხიდან-კუთხეში ზურგჩანთამოკიდებული დადიან და საქართველოს ბუნებით ტკბებიან. ისინი ამბობენ, რომ ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და აქ თავს კარგად გრძნობენ. "ყველა თავისკენ გვეძახის: მოდით, მოდით. აქ გატარებული დრო დაუვიწყარი იქნება", _ ამბობს ნაამა.
ისინი საქართველოში ებრაულ ენაზე გამოცემული წიგნით მოგზაურობენ, სადაც ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებია აღნიშნული. ებრაელი წყვილი საქართველოში კიდევ ორი კვირით აპირებს დარჩენას, სვანეთსა და სამხრეთ საქართველოსაც მოივლიან.
სპეციალურად მოწყობილ ადგილზე კოცონს ვანთებთ, მწვადებს ვწვავთ და გრძელ სუფრას ვშლით. თამადა შალვაა. ჩვენი სტუმრები ამბობენ, რომ ეს სახელი ებრაულად მშვიდობას ნიშნავს. მათ ყველაფერი აინტერესებთ. ისე ყურადღებით უსმენდნენ თამადას, თითქოს ქართული კარგად ესმოდათ. მათ ინგლისურად ვუთარგმნით. ჩვენგან გაიგეს, რომ აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან უამრავი დევნილი გვყავს. ეს ჩვენ არ ვიცოდითო, გვითხრეს.
ღამით რამდენჯერმე იწვიმა. უცხოელი ტურისტები ღამის გასათევად კოტეჯის სასტუმროში ბრუნდებიან. ჩვენ კი ნაწილი კარვებში, ნაწილი კი მიკროავტობუსის სავარძლებზე ვიძინებთ.
დილით რამდენიმე მეგობართან ერთად ისევ შატილის კოშკებისკენ მივდივარ. მითხრეს, რომ კოშკების მაღლა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შენდება. ტაძარს უკვე სახურავი უნდა დააფარონ. საკურთხებლად თითქმის მზად არის. ეკლესიის მახლობლად დაყრილ სილაში ორი პატარა თამაშობს. იქვე სასულიერო პირი და ერთი მამაკაცი საუბრობს. მამაოს დანახვა გამეხარდა. ტაძრის მშენებლობის და იქაურების ამბავს ვეკითხები.
დიაკვანი კონსტანტინე დავითაშვილი ხევსურეთში სემინარიაში სტუდენტობის პერიოდიდან ჩამოდის. აცხადებს, რომ 2005 წელს უწმინდესის კურთხევით, სტუდენტების ჯგუფები დაიყო და საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გაიგზავნა. სემინარიელებს თან ხატები და ლიტერატურა ჩაქონდათ და იქაურების ამბებს იწერდნენ - იყო თუ არა ტაძარი, მოძღვარი, მოუნათლავი, დასაქორწინებელი და ასე შემდეგ. მამა კონსტანტინე ამბობს, რომ ხევსურეთში წამოვიდა და მის შემდეგ ეს მხარე აღარ მიუტოვებია. 2010 წლიდან იქ წელიწადში ერთხელ ჩადის. ნათლავენ, აზიარებენ, ჯვარს წერენ. დიაკვანი აცხადებს, რომ ტაძრის საძირკვლის კურთხევაც 2010 წელს მოხდა, როდესაც მთათუშეთის მოლოცვის შემდე იქ კათოლიკოს-პატრიარქი ჩავიდა. მამა კონსტანტინე იმედოვნებს, რომ ტაძრის მშენებლობა წელს დასრულდება. შემდეგ კი იქ მამათა მონასტერიც გაკეთდება და ამ კუთხეს ღვთისმსახურება და ღვთისმსახური არ მოაკლდება. დიაკვანს მრევლის შესახებაც ვეკითხები.
"გასულ წელს ზამთარში 14 ოჯახი დარჩა, მათგან 8 შატილის მკვიდრია. მუშაობს სკოლა-ინტერნატი, სადაც 10 მოსწავლე სწავლობს. ბავშვები აქ მიღმახევიდანაც დადიან. თუ ღმერთი ინებებს და ხალხი მოინდომებს, შეიძლება წელს ზამთარში აქ მეტიც დარჩეს. ძალიან მკაცრი ზამთარი იცის და გზა იკეტება. ამ ხალხს ხელი თუ არ შეუწყვეს, სტატისტიკურად აქ მაცხოვრებელთა რიცხვი უკან-უკან მიდის. ვფიქრობ, ტაძარს ზაფხულში დიდი მრევლი ეყოლება, რადგანაც სხვადასხვა კუთხეში საქართველოს ეკლესიას დიდი მრევლი ყავს. აქ რამდენჯერმე იყო წირვა და ბევრი ხალხი მოვიდა - ადგილობრივებიც და ჩამოსულებიც", _ მითხრა მამა კონსტანტინემ - გადმოცემით, შატილის კოშკებშიც და ასევე იმ ტერიტორიაზე, სადაც ტაძარი დგას, სალოცავები არსებობდა. ეკლესიიდან რამდენიმე მეტრში ნიშა ახლაც არის.
დიაკონმა მითხრა, რომ ეს ღვთისმშობლის სახელობის სახატეა და იქ ქალებს ახლოს მისვლა ეკრძალებათ. ხევსურები რომ არ გავანაწყენოთ, კადრს შორიდან ვიღებ.
შატილის კოშკებიდან ისევ ჩვენს კარვებთან მივდივართ. იქ უკვე მეგობრები მუცოში ასასვლელად გველოდებიან. არღუნის ულამაზეს ხეობას მიუყვებით. 3 კმ-ში ჩეჩნეთთან საზღვარია და გზად ქართველი მესაზღვრეები გვხვდებიან. ხეობის ნაპირებზე თითო-ოროლა საცხოვრისია. გვითხრეს, რომ აქ ძირითადად კარტოფილს თესავენ და ძროხებს ინახავენ.
მუცო შატილიდან დაახლოებით 11 კმ-ში, მიღმახევში მდებარეობს. ამ ძეგლის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე - შატილის კოშკების. მუცოში საცხოვრებელ ნაგებობებს ჭერი ფაქტობრივად აღარ აქვს და კოშკები ნელ-ნელა იშლება. სულ ბოლო კოშკამდე ავდივარ. ალაგ-ალაგ რთულია ასვლა. საკმაოდ ციცაბოა და შეიძლება ფეხი დაგიცურდეს. "ნეტავ, როგორ დადიოდნენ აქ ხევსურები?!", _ ვფიქრობ. კლდეზე აღმართული ციხე-სოფელს დამპყრობელი არ ახსოვს. სულ მაღლა სალოცავ ნიშს ვპოულობთ. მერე გავიგე, რომ ეს წმინდა გიორგის სალოცავია. იქედან მიღმახევის ულამაზესი ბუნება იშლება. მის ფონზე ჩამოშლილი ად გადაწოლილი ვეებერთელა კოშკები გულსაკლავად იმზირება.
მუცოს დასაწყისში აკლდამებია. გადმოცემით, იქ სიცოცხლეს შავი ჭირით ან სხვა რაიმე ინფექციებით დაავადებულები ასრულებდნენ. ამიტომაც იქ უამრავი ძვლებია.
მუცოს ძირში ერთადერთი, ნუგზარ დაიაურის ოჯახი ცხოვრობს. წინაპრების საცხოვრებელზე 2 წლის წინ დაბრუნდა და ორ პატარას ზრდის.
ჩვენი მისვლისას დაიაური ორ მამაკაცთან ერთად ახლად აშენებულ აბაზანას სახურავს უკეთებდა. შენობა ლიპი ქვით და ხის მორებით არის ნაშენი. მათაც გავესაუბრეთ.
დაიაურმა საუბარი აკლდამებზე და მუცოს მდგომარეობით დაიწყო. "აკლდამებში ორი თავის ქალაღაა დარჩენილი. არქეოლოგებს გამოსაკვლევად მიაქვთ. რომ ვნახო, ხომ შევჭამ. მერე მეტყვიან, კაცი რატომ მოკალიო? მოვკლავ კი არა მეტს ვუზამ! ზოგიერთი კიდევ ნანგრევებიდან ქვებს აგორებს!", _ ამბობს განაწყენებული დაიაური.
მუცოს შესახებ გვიყვება, რომ ერთი მთლიანი ციხე-სიმაგრე იყო, რამდენიმე კოშკით, სადაც ტყვეებს ათავსებდნენ. რამდენიმე ოჯახი ხშირად ერთ სახლში, თემად ცხოვრობდა. თუ შესაძლებლობა ქონდა, ახალ საცხოვრებელს აშენებდა. ასე იქმნებოდა მუცო.
"სულ 80 ნაგებობა იყო. 90-იან წლებში, აქ გზა რომ გაყავდათ, კლდეები ააფეთქეს და მუცოს რღვევაც იმ პერიოდიდან დაიწყო. დღეს ერთი მესამედია დარჩენილი. ბავშვობაში ადრე მუცოში რომ შევიდოდით, ზემოთ ასვლა გვიჭირდა, ისეთი რთულად გასაგნები იყო - გზები ერთმანეთს გავდა. ყოველ მხარეს შენობა იდგა. მთას, რამეს ვერ დაინახავდი. დაბლა სულ ქვაფენილი ეგო. ახლა რა არის მანდ?! აღარაფერი დარჩა", _ გულისტკივილით ამბობს იქაურობის ერთადერთად მობინადრე.
მისივე თქმით, მუცო თორღვა ძაგანის სახელს უკავშირდება, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს აქ ჯარით გამოიქცა. მუცოში საკუთარი მცველები - დაიაურები მოიყვანა. ადგილობრივი უძღარაულები და სხვები კი, დროთა განმავლობაში გადაშენდნენ. ძაგანს იქაურები გაუქრისტიანებია და პირველი წმინდა გიორგის სალოცავიც აუშენებია.
_ ყველაზე მეტად რას ისურვებდით ხელისუფლებისგან ან ვინმესგან?
_ აი, მუცოს აღდგენას, სხვას არაფერს.
_ მუცო რას ნიშნავს თქვენთვის?
_ ჩემთვის? შენთვის საქართველო რას ნიშნავს?
საქართველო ნამდვილად არ უნდა დარჩეს მუცოს გარეშე და იგი იქ მარტოდ დარჩენილი ერთადერთი დაიაურის სადარდებელი არ უნდა იყოს.
მუცოდან მიღმახევს კიდევ რამდენიმე კილომეტრზე მივუყვებით და კიდევ უფრო მაღლა - არდოტში ავდივართ. იქაც ღვთის ანაბარა კიდევ ერთი ოჯახი ცხოვრობს. ალბათ, ამას ქვია საკუთარი მიწის სიყვარული.
გულისტკივილით ვემშვიდობებით პირიქითა ხევსურეთს და მის ულამაზეს სანახებს. თბილისის ქუჩებიდან ძნელია, დაინახო ასეთი საქართველო...
http://www.interpressnews.ge/ge/specialuri...ganis-muco.html