napo
ქართველი

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1669
წევრი No.: 55885
რეგისტრ.: 16-March 08
|
#32117842 · 14 Jul 2012, 00:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"მიუხედავად კოსმეტიკური სამთავრობო ცვლილებებისა, არსი ერთია – როცა ერთადერთ იარაღად ჩაქუჩი დაგრჩენია, ყველა ლურსმნად გეჩვენება -პოლიტიკური ოპოზიცია, ბიზნესი, მედია. ვანო მერაბიშვილი თავად არის ამ რეპრესიული მანქანის ერთდროულად თანაშემოქმედიც და ნაწილიც, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, მიუხედავად მისი თაყვანისმცემლების ოპტიმიზმისა, მათი ვანო, ნაცმოძრაობის უკვე საკმაოდ გაცვეთილი ძრავისთვის მაღალხარისხიანი ზეთის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ჩვენ ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია წესრიგი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული სოფლის აღორძინება, რომ ქართული სახელმწიფოს ხერხემალი ვანო მერაბიშვილი კი არა, ძლიერი ქართული ოჯახია", - განაცხადა თარგამაძემ. * * * გიორგი თარგამაძის სიტყვა საარჩევნო კამპანიის გახსნაზე ქუთაისში
,,უკეთუ ორნი, ანუ სამნი შეიკრიბოს სახელითა ჩემითა, იქ ვარ მე მათ შორის!” ამბობს მაცხოვარი. მე ვამაყობ დღევანდელი დღით და იმით. რომ ჩვენ ავაშენეთ პოლიტიკრი პარტია. რომელიც არ იყიდება ფულზე, არ მიჰყვება სხვათა დინებას, არ ემორჩილება ხელისუფლების შანტაჟს და დაშინებას, არ კარგავს წონასწორობას, არ ეძებს ერთდღიან ხეირს ან სარგებელს, არ ხარბდება წამიერ ოვაციებს, არ ცხოვრობს მოფარფატე პეპელას ერთდღიანი ცხოვრებით, არამედ შრომობს ფუტკარივით, რათა ღირსეულად ემსახუროს ღმერთს, სამშობლოს და ოჯახს! გილოცავთ, დღეს მთელი საქართველო აღნიშნავს სვეტიცხოვლობას, საუფლო კვართის განუყოფლობის დღესასწაულს ერთიანი საქართველოს შემდუღაბებელი ქუთაისიდან ვუერთდებით. დღეს აქ ათასობით თანამოაზრე და თანამებრძოლი სიყვარულმა შეგვყარა, სიყვარულმა და არა სიძულვილმა, და სწორედ ამიტომაც ჩვენთან არს ღმერთი! ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები დაბადებით, მაგრამ ჩვენ ვართ ქრისტიანდემოკრატები არჩევანით. ეს არჩევანი კი ნიშნავს მუდმივ და დაუღალავ ბრძოლას თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, სოლიდარობისთვის. ჩვენ ვართ განუყოფელი, ორგანული ნაწილი ქართველი ერის, და გვაქვს დიდი სურვილი შევქმნათ მისი უკეთესი მომავალი. მომავალი, რომლის იედოლოგიური ხერხემალიც იქნება ქართული ქრისტიანული დემოკრატია, რომლის გაძლიერებითაც მიიღწევა ქართველი ერის სანუკვარი მიზანი _ ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის! ქრისტიანდემოკრატიაში ყველა პასუხია რასაც ეძებ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ოჯახსა თუ თვითმმართველობაში. ამ კითხვებიდან პირველი და უმთავრესი პასუხი კი თავისუფლებაშია. არ არსებობს სამართლიანი საზოგადოება, არ არსებობს პიროვნების თავისუფლება და დემოკრატია სუვერენიტეტისა და ეროვნული თავისუფლების გარეშე.. ამიტომაც ქართველი ქრისტიანდემოკრატების უმთავრესი საზრუნავი ეროვნული ქართული სახელმწიფოა! ნებისმიერი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც ასუსტებს ქართულ სახელმწიფოს ჩემი პირადი მტერია! ნებისმიერი ვინც იბრძვის ერთიანი, დამპყრობლისაგან თავისუფალი ქართული სახელმწიფოს იდეისთვის – მიუხედვად მისი ეთნიკური, თუ რელიგიური კუთვნილებისა - ჩემი თანამოაზრე და ღირსეული თანამებრძოლი. ჩვენ ყოველთვის ვიყავით სააკაშვილის თავგასული მთავრობის ოპოზიციაში, მწარე სიმართლეს მაშინ ვამბობდით, როცა სხვები მასთან ერთად უზურპირებული ხელისუფლების სავარძლებს ირგებდნენ, დათვურ სამსახურს უწევდნენ და ხალხს რევოლუციის ბელადის შეუცდომლობაში არწმუნებდნენ., მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვუფრთხილდებოდით იმ ზღვარის გადალახვას, რომლიდანაც ქართული სახელმწიფოს მიმართ მავნებლობა იწყება. ჩვენ არასოდეს გვითქვამს რომ თურმე ომიც ჩვენ დაგვიწყია და საქართველოა დამნაშავე. სიმართლე კი ის არის, რომ რუსეთის ჯარი დგას კედლად ჩვენი სამშობლოს გულში, სიმართლე ის არის რომ ასეულობით ათას დევნილს საკუთარი კარმიდამო მხოლოდ მიუწვდომელ ზმანებად აქვს ქცეული.. სააკაშვილი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება, დღეს მისმა სიძულვილმა და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილმა ისეთი რამ არ უნდა გვათქმევინოს, რომ ჩვენმა წინდაუხედაობამ შთამომავლობას მოჭამოს კბილი. ამის მაგილითი კი ცხვირწინ გვაქვს: გამსახურდიას სიძულვილმა და დემოკრატი მმართველის ავტორიტეტის მოპოვების სურვილმა პრეზიდენტი შევარდნაძე ოსების მიმართ ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულზე ალაპარაკა. ქვეყნის მაშინდელი პირველი პირის ეს განცხადება ცხინვალელ სეპარატისტებს და მათ წამქეზებლებს დღემდე ,,ფაშისტი ქართველების” მითის ერთერთ მთავარ დასტურად მოყავთ. დღესაც წინდაუხედაობას ვიჩენთ, როცა ზოგიერთი, საეჭვო დაჟინებით იმეორებს, რომ თურმე საქართველოა დამნაშავე იმაში, რომ საკუთარ მიწას იცავს და თაობების მიერ ნანატრ თავისუფლებაზე უარს არ ამბობს. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას რაშიც ყველა პოლიტიკური თაობის პასუხისმგებლობას ვხედავ: ზვიად გამსახურდია იყო და თავისი ტრაგიკული აღსასრულით ისტორიას შეუერთდა, შევარდნაძე იყო და თავის პოლიტიკურ მემკვიდრეობად დანაწევრებული, გაღატაკებული ქვეყანა და სააკაშვილი დაგვიტოვა, სააკაშვილი და მერაბიშვილი დღეს არიან და ხვალ აღარ იქნებიან, საქრთველო კი უკვდავია და მის მფარველობას მაღლა ღმერთი და მიწაზე ჩვენი გმირი ხალხის სიბრძნე და თავდადება განაპირობებს.. საქართველო ყველაზე მაღლა დგას: მითუმეტეს ყოველგვარ მოკლევადიან პოლიტიკურ ამოცანასა და ძალაუფლების მოპოვებისა თუ შენარჩუნების სურვილზე. ამდენად შიდაპოლიტიკურმა დაპირისპირებამ ისე არ უნდა დაგვაბრმაოს, რომ ოპონენტის ნაცვლად ქვეყანა დავაზიანოთ. ჩვენ ყოველთვის გვახსოვდა და უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ სააკაშვილის მთავრობის ოპოზიციაში და არა საქართველოს ოპოზიციაში! დღეს საქართველოს კაზინოს პრინციპით მოთამაშე ხემძღვანელობა ყავს. სააკაშვილის მთავრობას, რომელიც მუდამ მაღალი რისკებით თამაშობს, ხან უმართლებს, ხან არა. თუ უმართლებს – სარგებელი მხოლოდ მისია, თუ აგებს - ქვეყანა და ხალხი იხდის. და ეს მიდგომა არ იცვლება არც დღეს. მიუხედავად კოსმეტიკური სამთავრობო ცვლილებებისა არსი ერთია – როცა ერთადერთ იარაღად ჩაქუჩი დაგრჩენია, ყველა ლურსმნად გეჩვენება _ პოლიტიკური ოპოზიცია, ბიზნესი, მედია. ვანო მერაბიშვილი თავად არის ამ რეპრესიული მანქანის ერთდროულად თანაშემოქმედიც და ნაწილიც, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, მიუხედავად მისი თაყვანისმცემლების ოპტიმიზმისა, მათი ვანო, ნაცმოძრაობის უკვე საკმაოდ გაცვეთილი ძრავისთვის მაღალხარისხიანი ზეთის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ჩვენ არ გვინდა ეს მთავრობა კვლავ მართავდეს ქვეყანას, რადგან არ გვინდა კაზინოს კაპიტალიზმი: სანამ გაგიმართლებს იგებ და იგებ ყველაფერს. ერთ დღესაც იღბალი ზურგს შეგაქცევს და შენთან ერთად გაკოტრების უფსკრულში სხვასაც ჩაიყოლებ, ისე, როგორც მაგალითად სამშენებლო პირამიდებისადმი სახელმწიფოს უყურადღებობამ და უპასუხისმგებლობამ ათასობით ქართული ოჯახი სიმწრით ნაგროვები კაპიტალის გარეშე დატოვა. ჩვენ გვინდა სოციალური საბაზრო ეკონომიკა. სადაც რისკები მაქსიმალურადაა დაზღვეული და სადაც მანამდე გაჩერებენ, სანამ შენი საბედისწერო შეცდომები დიდ დანაშაულად გადაიქცევა.
ჩვენ ვამბობდით. რომ მნიშვნელოვანია წესრიგი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული სოფლის აღორძინება, რომ ქართული სახელმწიფოს ხერხემალი ვანო მერაბიშვილი კი არა, ძლიერი ქართული ოჯახია. ისინი ამბობდნენ რომ საქრთველოს არ ჭირდება სოფლის მეურნეობა, რომ ქრისტიანდემოკრატები მოძველებული კატეგორიებით ვაზროვნებთ, რომ უნდა ავაშენოთ ნახევარ მილიონიანი ქალაქი და სოფლებიდან ხალხი იქ ჩამოვასახლოთ. შედეგიც სახეზეა - ქვეყანაში არსებული დოვლათის ერთი მეათედიც კი ვერ აღწევს ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტ ოჯახშებში. აი რატომაა ყველაზე ღარიბი ქართული სოფელი, აი რატომ გარბის ქართველი საქართველოდან. ჩვენ ვამბობდით, რომ სკოლების ოპტიმიზაცია დაუშვებელია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად დაცლის ქართულ სოფელს, რომ სკოლა აცოცხლებს სოფელს და არა პირიქით. სააკაშვილის მთავრობა გვეუბნებოდა რომ ჩვენ ვერ ვერკვევით სკოლის რეფორმის აუცილებლობაში და ყველა მოსწავლეს ყვითელი ავტობუსი მოემსახურებოდა. შედეგად: დღეს ბავშვები კილომეტრებს გადიან ფეხით, რათქმაუნდა ისიც მხოლოდ იქ სადაც ახალგაზრდა ოჯახები სოფლად კიდევ შემორჩნენ. ჩვენ ვამბობდით, რომ პატრულის რეფორმა კარგია, მაგრამ თუ ეფექტურ პოლიციას, თემიდას სასწორზე, ძლიერი სასამართლო არ აწონასწორებს, მივიღებთ მხოლოდ ტოტალური კონტროლისა და დროებითი სტაბილურობის მექანიზმს. მივიღეთ კიდეც რეპრესიის მანქანა და არა ადამიანის უფლების დამცველი ინსტიტუტი. ჩვენ ვამბობდით რომ საშუალო ფენის გარეშე დემოკრატიის განვითარების ეკონომიკური წინაპირობა ვერ შეიქმნებოდა. ნაცმოძრაობა შეგნებულად ზრდიდა უფსკრულს ერთ მუჭა მდიდრებსა და უმუშევარ ღარიბთა არმიას შორის და დღეს სწორედ ამ უფსკრულში შეიძლება გადაიჩეხოს და ქვეყანაც თან გადაიყოლოს. ჩვენ ვამბობდით, რომ ზედმეტად დიდ ინვესტიციას ვდებთ ფიზიკურ კაპიტალში, მაშინ როცა საოცრად ხელმომჭირნეები ვართ ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების მხრივ. ახალგაზრდა მასწავლებლების, ექიმების მოტივაცია წარმოუდგენლად დაბალია. როცა მე და ჩემი მეგობრები ვამბობთ რომ მასწავლებლის ხელფასი არ უნდა იყოს 900 ლარზე ნაკლები, რომ ყველა სტუდენტი უნდა იყოს გადასახადის მინიმუმ 50% ის სტუდენტური სასწავლო გრანტით უზრუნველყოფილი - გვეუბნებიან, ქვეყანას ძვირი დაუჯდება ქრისტიანდემოკრატიული განათლება.. მოდით ის ვიანგარიშოთ რა უჯდება საქართველოს ,,ნაციონალური” გაუნათლებლობა?! ყველა საუბრობს იმაზე რომ არსებული ვითარება უნდა შეიცვალოს და მხოლოდ ქრისტიანდემოკრატებს გვქონდა და გვაქვს პასუხი კითხვაზე თუ როგორ. პოლიტიკაში - ძალაუფლების გადანაწილებისა და დაბალანსებული პარლამენტის გზით, ისე რომ არცერთ ძალას არ ქონდეს იმდენი რესურსი რომ ოპონენტი გაანადგუროს, ეკონომიკაში - სიღარიბის დასაძლევად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად - ტარიფების შემცირების, მონოპოლიების დანგრევის, სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური სახელმწიფო ხელშეწყობის მეშვეობით. დღეს აქ ოპტიმისტები ვართ შეკრებილი, რადგან ვინც პესიმისტი იყო საქართველოდან დიდი ხანია წავიდა. პესიმიზმი ეს განწყობაა, ოპტიმიზმი კი ნება. სწორედ თქვენ და თქვენნაირი აქტიური, ძლიერი ნების მქონე ადამიანები ქმნიან ძლიერ დინებას უპასუხისმგებლობით, ირაციონალიზმითა და რადიკალიზმით გაჯერებულ ქართულ პოლიტიკაში, ძლიერ ნაკადს რომელსაც ქართული ქრისტიანდემოკრატიული პოლიტიკა ქვია!
,,ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიღწევნება." დღესაც ექოსავით ისმის დიდი ქართველის ნიკო ნიკოლაძის სიტყვები. დღესაც გვჭირდება შეხსენება იმისა, რომ პოლიტიკა ადამიანების გაერთიანების ხელოვნებაა და არა მათი შუბლებით დაჯახების, რისი ამაზრზენი მაგალითები ამ დღეებშიც ვნახეთ. ამიტომაც არის პატრიარქის გუშინდელი ქადაგება ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად საყურადღებო და ანგარიშგასაწევი: საქართველო ყველაზე მაღლა დგას და თუ ქართველ პოლიტიკოსებს მისთვის სიკეთე გვინდა ქართველები ერთმანეთს არ უნდა დავაპირისპიროთ!
ამიტომ დღეს, სვეტიცხოვლობას, ჩვენი საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნის დღეს, თანამედროვე ქართული ქრისტიანდემოკრატიის ციტადელიდან, ქუთაისიდან მივმართავ მთელს საქართველოს და მოგმართავთ თქვენ: ქრისტანდემოკრატია - ეს არის გამოსავალი ქვეყნისთვის. -გინდათ, რომ საქართველოში დამთავრდეს ერთპარტიული მმართველობა და ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ დაიმკვიდროს ადგილი ევროპის დემოკრატიულ რუქაზე? -გინდათ, რომ საქართველო არამარტო სასტუმროებით დაემსგავსოს ცივილიზებულ სამყაროს, რომ ყველა სოფელთან მივიდეს ნორმალური გზა, სასმელი წყლის მარაგით უმდიდრეს საქართველოში მოსახლეობა უწყლობით არ იტანჯებოდეს? გინდათ ცხოვრობდეთ არა სააკაშვილის მიერ დამზადებულ რეკლამაში, არამედ რეალურ მოწესრიგებულ გარემოში? -გინდათ საავადმყოფოს მხოლოდ უკიდურეს ვითარებაში არ აკითხავდეთ და წამალს მამასისხლად არ ყიდულობდეთ, გინდათ ექიმებსა და ექთნებს ნორმალური ანაზღაურება ქონდეთ და მათ კვალიფიციურობაშიც ეჭვი ნაკლებად გვეპარებოდეს? -გინდათ სოფელი ისე მოვაძლიეროთ, ქალაქს და მთელ ქვეყანას იქით ეხმარებოდეს, სასუქისა და პესტიციდების სუბსიდირებით, ახალი ტექნოლოგიებისა და ცოდნის შემოტანით, კოოპერატიული მეურნეობის გრძელვადიანი კრედიტებით წახალისებით სოფლად შემოსავალი გავზარდოთ, ჯერ ქართული ბაზარი დავიბრუნოთ და თან ექსპორტიც აღვადგინოთ? _გინდათ თელასისა და ენერგოპროს აქციების გამოსყიდვით, ეფექტური ენერგეტიკული პოლიტიკით კომუნალური ტარიფები გავაიაფოთ და ამით თქვენს ოჯახებსა და ბიზნესს მნიშვნელოვანი შეღავათი მივცეთ? _გინდათ ჩვენს შვილებს ქონდეთ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, მშობლებს დასაქმება, ხოლო პენსიონერებს, მათ შორის ომისა და შრომის ვეტერანებს დამსახურებული დაფასება და პატივისცემა? _გინდათ გვყავდეს კარგად გაწრთვნილი, თანამედროვე, მობილური პროფესიონალური არმია და არა წვევამდელებით დაკომპლექტებული საბრძოლო ძალა, რომელსაც საბრძოლო ამოცანის შესრულება უჭირს? -გინდათ ყველა ტრადიციული რელიგიის პატივისცემითა და აღმსარებლობის უფლების დაცვით, მართლმადიდებელ ქრისტიანობას მიენიჭოს თანასწორთა შორის უპირატესი რელიგიის სტატუსი, ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსება გაიზარდოს, რათა კიდევ უფრო უკეთ შეძლოს მისი აქტიური სოციალური ფუნქციის შესრულება და ხალხის თანადგომა? და თუ გვინდა მაშინ ამისთვის უნდა ვიბრძლოთ არჩევნების გზით, ჩვენს ცხოვრებას თავად მივცეთ ის კალაპოტი, რომელშიც თავს უკეთ ვიგრძნობთ. თუკი ვიმოქმედებთ ერთად, პირობას გაძლევთ: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით პასუხს ყველა კითხვაზე, ვერასოდეს მოვაგვარებთ ყველა პრობლემას, ან განვკურნავთ ყველა ჭრილობას, ჩვენ გავიმარჯვებთ უიმედობასა და უპასუხისმგებლობაზე და ავაშენებთ ერთიან საქართველოს ყველა თაობისთვის, სადაც ჩვენ შვილებს ექნებათ ხარისხიანი და ხელმისწავდომი განათლება, მშობლებს დასაქმება და პენსიონერებს ღირსეული სიბერე და დაფასება! ამ ბრძოლაში მივდივართ და ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ! ღმერთმა დალოცოს საქართველო!!!
|