ირაკლი ტრიპოლსკის დუშეთში წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს
inShare
2012.08.10 | 11:04
გელა მთივლიშვილი
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა და საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა „ქართული ოცნების“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ტრიპოლსკის დუშეთში, ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს.
შეხვედრაზე საჯარო მოხელეები ორგანიზებულად მივიდნენ. შეხვედრის ჩაშლაში მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ირმა ჯანგირაშვილი და მარინა მთიულიშვილი; სოფელ ოძისის რწმუნებულის მეუღლე, ოძისის საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო გაბრიელაშვილი; დუშეთის სკოლა – პანსიონის დირექტორი დარეჯან თომაძე; სპორტული სკოლის დირექტორი ნიკო ჯიქურაული; სოფელ მჭადიჯვრის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი მედეა არათანაშვილი; შეხვედრის ჩაშლაში ასევე მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ შაღაშვილის დედა მაგული შაღაშვილი; დუშეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შალვა ინაშვილის სიდედრი ლუდა დუდაური და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის წევრი თინა საღირაშვილი. ერთ–ერთ მათგანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მაისურიც ეცვა.
„წადი, წადი, წადი“... „გაუმარჯოს ზურაბ ოტიაშვილს“ – სკანდირებდნენ საჯარო მოხელეები. გამგეობის თანამშრომლებს თან სხვა პირებიც ახლდნენ, მათ შორის აგვისტოს ომში გარდაცვლილი ერთ–ერთი ახალგაზრდის დედაც. შეხვედრის ჩაშლის შემდეგ გამგეობის თანამშრომლებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობასაც. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა სააგენტომ „ინფო9“ გაავრცელა.
„შეკრებილი იყო დუშეთის ერთ–ერთი უბნის მოსახლეობა. როგორც ეტყობა გამგეობამ და მათმა ხელმძღვანელობამ მობილიზება გაუკეთეს მთელი დუშეთის წარმომადგენლობას, მათ მხარდამჭერებს, მოიყვანეს აქ და მოაგზავნეს სიატუაციის ჩასაშლელად. შეგნებულად ძაბავენ სიტუაციას, პროვოკაციულ შეკითხვებს იძლევიან და აქვთ მცდელობა, რომ არიონ სიტუაცია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დუშეთის ოფისის ხელმძღვანელმა თედო კარიაულმა.
მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბესო შაღაშვილს დაუკავშირდა.
– ბატონო ბესო, რატომ მონაწილეობდნენ გამგეობის თანამშრომლები და სხვადასხვა საბიუჯეტო სამსახურების ხელმძღვანელები ამომრჩეველთან ირაკლი ტრიპოლსკის შეხვედრის ჩაშლაში?
– ჩემი თანამშრომლები არიან 6 საათამდე, მერე აღარ.
– დედათქვენიც მონაწილეობდა შეხვედრის ჩაშლაში.
– დედაჩემსაც იგივე უფლება აქვს. მე რა ვიცი სად წავა, ხომ არ ავუკრძალავ“.
დაზუსტებული ინფორმაციით, ამომრჩეველთან ირაკლი ტრიპოლსკის შეხვედრის ჩაშლის შესახებ დავალება გამგეობის თანამშრომლებმა და სხვა საჯარო მოსამსახურეებმა ზურაბ ოტიაშვილისგან მიიღეს. ზურაბ ოტიაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დუშეთის მუნიციპალიტეტში იყრის. მისი წარდგენა ოფიციალურად ჯერ არ მომხდარა. დარეჯან თომაძე, ნიკო ჯიქურაული, სოფიო გაბრიელაშვილი და ირმა ჯანგირაშვილი მისი მეგობრები არიან. მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის ზურაბ ოტიაშვილსაც დაუკავშირდა.
– ბატონო ზურაბ, სწორედ თქვენს სახელს სკანდირებდნენ გამგეობის თანამშრომლები, თქვენი მეგობრები, ამომრჩეველთან ირაკლი ტრიპოლსკის შეხვედრის ჩაშლის დროს.
– ვისაც რა უნდა იმას დაიძახებს. რა, ხომ ვერ ავუკრძალავ. არ მაქვს თქვენთან კომენტარის გაკეთების სურვილი.
– თქვენ საკრებულოს მოქმედი წევრი ხართ, ამასთან დეპუტატობა გინდათ და კანდიდატად განიხილებით. ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ შეხვედრის ჩაშლა თქვენ დაგეგმეთ და შესრულება დაავალეთ თქვენს მეგობრებს, გამგეობის თანამშრომლებს.
– არ ვარ ხასიათზე, რომ კომენტარი გავაკეთო. არ ვარ იმ სიტუაციაში. რა მაძალებთ, რომ კომენტარი გავაკეთო? კარგად ბრძანდებოდეთ“.
შეგახსენებთ, რომ ირმა ჯანგირაშვილი გასულ წელს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამუშაოდ ზურაბ ოტიაშვილის დავალებით მას შემდეგ მიიწვიეს, რაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებზე არაერთი ზეწოლა განხორციელდა. ორგანიზაციას მუშაობის შეწყვეტას და რეგიონის დატოვებას სთხოვდნენ. ამ პროცესში დუშეთის სკოლა – პანსიონის დირექტორი დარეჯან თომაძე ზურაბ ოტიაშვილთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა. თომაძემ ოტიაშვილის კაბინეტში დაიბარა იმ ოფისის მეპატრონე, სადაც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრია განთავსებული და მას მედიაორგანიზაციასთან ხელშეკრულების სასწრაფოდ შეწყვეტა მოსთხოვეს. ოფისის მეპატრონემ ზეწოლის მიუხედავად უკანონო მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა, რის გამოც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. მას შემდეგ, რაც ზეწოლის ფაქტებით საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციები დაინტერესდნენ, ოფისის მეპატრონე სამსახურში დააბრუნეს.
სოფელ ოძისის საჯარო სკოლის დირექტორს სოფიო გაბრიელაშვილს აქამდეც არაერთხელ ჰქონდა ამომრჩეველთან „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლის მცდელობა. მიმდინარე წლის ივნისში, როცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზურაბ აბაშიძე და გუჯა ბურდული დუშეთის რაიონის სოფელ ოძისის მაცხოვრებლებს შეხვდნენ, შეხვედრაზე სოფლის საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო გაბრიელაშვილი მივიდა და ყვიროდა, რომ ოპოზიცია გაყიდულია და „ნაციონალურ მოძრაობას“ წინ ვერავინ ვერ დაუდგება, რასაც ადგილობრივების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
http://www.youtube.com/watch?v=CjF4CccrVDI...player_embedded ეს ახალგაზრდა მამაკაცი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი და დუშეთის სპორტული სკოლის დირექტორია. მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების ფოტოობიექტივში ის 2011 წლის 7 ოქტომბერს მაშინ მოხვდა, როცა დუშეთის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიიდან ასობით საჯარო მოსამსახურეს თბილისში, ნიკოლა სარკოზის დასახვედრად აგზავნიდნენ.
- უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით? - ჰკითხა ჟურნალისტმა გოგონამ ახალგაზრდა მამაკაცს.
- მე ვარ შენი შეყვარებული, - უპასუხა მამაკაცმა.
- თქვენი სახელი და გვარი?
- მე ვარ არსენა ოძელაშვილი.
- სად მიბრძანდებით ბატონო არსენ?
- ბაქოში.
http://www.youtube.com/watch?v=emJdjR8q2qE...player_embeddedმას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ვიდეოკომენტარის ჩაწერა დაასრულა და კამერა გამორთო, ახალგაზრდა მამაკაცმა საუბარი გააგრძელა. „ასეთი ლამაზი გოგო ხარ და მეტი საქმე არ გაქვს, რომ დადიხარ და ფოტოებს იღებ... ვინ დაგავალა? რას დადიხართ... მარტო სახეზე რომ მიღებთ ფოტოებს, სხვა ადგილზეც გადამიღეთ“, - აღნიშნა მამაკაცმა. ამის შემდეგ, ის დაახლოებით 3 მეტრში მდგომ გამგებელთან მივიდა. „მივიდა და გამგებელს უთხრა, ასე ვუთხარი ჟურნალისტებს ფოტოებს რომ იღებთ, არ გინდათ ერთი ადგილიც გადამიღოთო“, - ამბობს მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მეორე ჟურნალისტი, რომელიც ასევე დუშეთის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე სარკოზის დასახვედრად თბილისში გასამგზავრებლად გამზადებულ საჯარო მოსამსახურეებს იღებდა. ახალგაზრდა მამაკაცის ნაამბობზე გამგებელი ლაშა ჯანაშვილი ხმამაღლა იცინოდა.
http://www.icmm.ge/ka/site/articles/2260/%...94%E1%83%A1.htm