http://ick.ge/ka/articles/11826--3-6-.html...nMYb1c.facebookსტიქიის შემდეგ კახეთის საინფორმაციო ცენტრში სატელეფონო ზარები არ წყდება. დაზარალებულების ნაწილი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. რესპოდენტების თქმით, სახლების სახურავებს უხარისხოდ აფარებენ, ბევრ მათგანთან კი ამ დრომდე არავინ მისულა. მოსახლეობის უკმაყოფილებას პრემიერ – მინისტრი ვანო მერაბიშვილი ასე გამოეხმაურა: „სახურავების რაოდენობა საკმაოდ დიდია, დღეს, ხვალ და ზეგ ყველა სახლში შეიძლება ვერ მივიდეთ. ამიტომ, მინდა რომ მოქალაქეები გაგებით შეხვდნენ ამ მდგომარეობას. საქართველოში რაც კი იყო ხელოსანი, სპეციალისტი ვინც არის თუნუქის ხელოსანი, სახურავის ხელოსანი, ყველას მობილიზაცია გავაკეთეთ თბილისიდან, აჭარიდან, იმერეთიდან, სამაგრელოდან, ადგილობრივი კადრები. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს მთავრობამ თავდაპირველად შხამქიმიკატები დაურიგა სეტყვისგან დაზიანებული ბაღ – ვენახების შესაწამლად, შემდეგ დაარიგეს 2 ტომარა ფქვილი, 10 კილოგრამი შაქრის ფხვნილი და 3 ლიტრი ზეთი, მოგვიანებით კი 5 კილოგრამი კარტოფილი და 2 ცალი სარეცხის ფხვნილი. ამასთან, პრემიერ – მინისტრის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულთა პირველი კატეგორია აგვისტოში 1300-1500 ლარს, მეორე 800-900 ლარს, მესამე კი 300-500 ლარს მიიღებს. სტიქიით დაზარალებულ გლეხებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის აღებული საბანკო კრედიტის დაფარვა ერთი წლით გადაუვადდათ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ სახსრების მოძებნით მთავრობამ თითქმის შეუძლებელი მოახერხა. „საქართველოს უახლოეს ისტორიაში მე არ მახსენდება ამ მასშტაბის დახმარება არცერთი სტიქიური უბედურების დროს, არცერთი მსგავსი გაჭირვების დროს“, –აღნიშნა პრეზიდენტმა.
25 ივლისს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა და სტიქიით დაზარალებული გლეხებისთვის ზარალის სრულად ანაზღაურება მოითხოვა. „ხელისუფლების გაუაზრებელი და გაუგებარი მრავალმილიონიანი ჯარიმა, რომელიც მათ დამაკისრეს და რომლის გადახდასაც არ ვაპირებდი, თუ არა ეს შემთხვევა და კანონის დაურღვევლად გამოვნახე საშუალება და პირველი დაკისრებული ჯარიმა, 80 მილიონი მთლიანად გადავრიცხე იმ ანგარიშზე, რომელსაც სასამართლო მიუთითებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას აღარ აქვს სათქმელი, რომ არ აქვს შესატყვისი თანხა. ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ ეს ფული მიზნობრივად მოხმარდეს მოსახლეობას, მიუხედავად მათი განცხადებებისა, რომ ეს ფული მათ არ მოხმარდებათ, არსებობს ფული ბიუჯეტში, დამატებითი შემოსავალი გაჩნდა და კეთილი ინებონ და სრულად აუნაზღაურონ მოსახლეობას მიყენებული ზარალი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ოპოზიციური გაერთიანების ლიდერის განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოპულისტური უწოდეს. სახელმწიფო ბიუჯეტში 80 მილიონი ლარის ჩარიცხვის მიუხედავად, სტიქიით დაზარალებული გლეხებისთვის ხელისუფლებას არც საკომპენსაციო თანხა გაუზრდია და არც დამატებითი დახმარება მიუცია.
სამაგიეროდ, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან ხელფასის ორმაგი რაოდენობით პრემიები მიიღეს კახეთის გამგებლებმა, გამგებლის მოადგილეებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა. დაზუსტებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით მესხიშვილმა პრემიის სახით 6 ათასი ლარი აიღო, მოადგილეებმა 3–3 ათასი ლარი. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის გამგებლის მოადგილე დავით ბეჟაშვილმა დაუდასტურა.
– პრემიები რომ დარიგდა თქვენ რამდენი აიღეთ?
– 3 000 ლარი.
– რის გამო მოგცეს პრემია?
– დღე და ღამე ვათენებდით და ალბათ დაგვიფასეს“ – აღნიშნა დავით ბეჟაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით მესხიშვილმა პრემიის აღების ფაქტი დამალა. „მაგასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ გამგეობას, რა არის, როგორ არის და ამაზე გაგეცემათ პასუხი.
– ჩვენი ინფორმაციით, თქვენ პრემიის სახით 6 000 ლარი აიღეთ. რა, აღარ გახსოვთ?
– მე ეხლა თქვენი ხმა კარგად არ მესმის, მართლა არ მესმის, რაღაცა იჭედება ხმა, მაგრამ გეუბნებით, რომ თუ გაინტერესებთ ჩარიცხვა, გადარიცხვა და გადმორიცხვების ამბები, ეს არის ჩვეულებრივი ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებითაც შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება, რადგან მე ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს ყველა გადარიცხვა და გადმორიცხვა“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა. 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში დავით მესხიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს გურჯაანში იყრის.
ჯიგრები ხართ!!!
აი ეგრე, შემოდით ახლა ოპოებო და დაიწყეთ გინება,,,
მომეცით მე 6000 და მაგინეთ რამდენიც გინდათ

))