11:58 09-08-2012
პარტიებს საარჩევნო რეკლამისთვის თანხის გადახდა წინასწარ მოუწევთ წინასაარჩევნო რეკლამისთვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის შესყიდვისთვის პოლიტიკურ პარტიებს წინასწარი ანგარიშსწორების განხორციელება დაევალებათ. შესაბამისი ბრძანება გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ 6 აგვისტოს გამოსცა, რომელიც ძალაში 12 აგვისტოდან შევა.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, ახალი რეგულაციების შემოღება წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების მიზნით გადაწყდა. ლაშა თორდიას ბრძანებაში აღნიშნულია:
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანული
კანონის 322 მუხლის, 341 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის, "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის "მ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. წინასაარჩევო რეკლამისთვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის
შესყიდვა უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.
2. საარჩევნო სუბიექტებმა, მაუწყებლებმა და გაზეთებმა ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების განხორციელებიდან არა უგვიანეს 24 საათისა", - ნათქვამია გენერალური აუდიტის ბრძანებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული განპირობებულია მაღალი საჯარო ინტერესით, მოხდეს ყველა მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტების თანაბარ და არადისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება და ამ პროცესში ფინანსური რესურსების გამჭვირვალედ გამოყენება.
"შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, გენერალური აუდიტორის ბრძანებით, განმარტა გამჭვირვალობის სტანდარტები წინასაარჩევნო პერიოდში სარეკლამო ხარჯებთან მიმართებაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური განმარტავს, რომ გენერალური აუდიტორის ბრძანებით დადგენილი რეგულაციები, ერთის მხრივ, არ აფერხებს პოლიტიკური სუბიექტებისთვის კანონით უზრუნველყოფილ უფლებას, შეუფერხებლად აწარმოონ საარჩევნო აგიტაცია. მეორეს მხრივ, აღნიშნული რეგულაციები უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების განკარგვის ეფექტურ მონიტორინგს და ამ გზით ახდენს საარჩევნო სუბიექტების ან/და მაუწყებლების მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევის რისკების მინიმიზაციას. შესაბამისად, კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერების გზით, გენერალური აუდიტორის ბრძანებით დადგენილი რეგულაციები ხელს უწყობს ლეგიტიმური ინტერესის - ფინანსურად გამჭვირვალე ჯანსაღი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებას", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...-moutsevth.html