სახელმწიფო კომპანია „თბილავიამშენი“ საავიაციო სიმულატორების მწარმოებელ უკრაინულ კომპანიასთან Market-Mats-სთან ერთად ინგლისის დასავლეთში, ჰერეფორდის სამრეწველო ზონაში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის, ინოვაციების და უნარჩვევების დეპარტამენტის (BIS) მიერ 10 აგვისტოს გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, აშშ–ში განთავსებულმა ბიზნესის განვითარების საკონსულტაციო კომპანიამ Get It Group LLC-მა, რომელიც „თბილავიამშენს“ რჩევებს აძლევს ინვესტიციების ხელსაყრელად განთავსების საკითხებში, და Market-Mats-მა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც ჰერეფორდის საწარმოო ზონაში კომპანიების ორი სამრეწველო კომპლექსის განთავსებას ითვალისწინებს.
ჰერეფორდის სამრეწველო ზონა ერთ–ერთია იმ 24 ახალ ზონას შორის, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს კოალიციურმა მთავრობამ ახალი ბიზნესების და სამუშაო ადგილების შექმნის წახალისების მიზნით ჩამოაყალიბა, სადაც პოტენციური ინვესტორებს სხვადასხვა ფინანსურ შეღავათებს, შემცირებულ რეგულაციებს და სხვა წამახალისებელ პირობებს სთავაზობენ, რათა თავიანთი საწარმოები განათავსონ.
„თბილავიამშენი“ მრავალპროფილური საწარმოა, რომელიც სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების მრავალფეროვან პროდუქციას ქმნის. "თბილავიამშენი" სუ-25 ტიპის და მიგ–21 ტიპის თვითმფრინავების, ასევე "მი"ტიპის ვერტმფრენების რემონტს და მოდერნიზაციას ახდენს; კომპანია აწარმოებს ბიზნეს კლასის მცირე ზომის თვითმფრინავებისაც და ასევე უშვებს არასაავიაციო დანიშნულების სამრეწველო პროდუქციას.
„თბილავიამშენი“, რომლის პრივატიზაციაც შვიდი წლის წინ განხორციელდა, 2010 წელს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში გადავიდა, რაც ხელისუფლების თქმით, სამხედრო სარემონტო–სამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბების გეგმის ფარგლებში განხორციელდა. ამჟამად, კომპანია თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას” ნაწილია.
გაერთიანებულ სამეფოში „თბილავიამშენის“ დაგეგმილი საქმიანობის დეტალები უცნობია.
თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა ეპასუხა დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით Civil.ge-ს შეკითხვებისთვის, მათ შორის იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ინვესტიცია იგეგმება და „თბილავიამშენის“ წარმოების კერძოდ რომელი სეგმენტის განთავსება იგეგმება ჰერეფორდში, იმ მოტივით, რომ „დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება“. „თბილავიამშენმა“ ასევე არ გააკეთა კომენტარი მრავალჯერ მიმართვის მიუხედავად, ხოლო რაც შეეხება Get It Group–ს, კომპანიას ელექტრონულ წერილზე პასუხი ჯერ არ გაუცია.
გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის, ინოვაციების და უნარჩვევების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰერეფორდში „თბილავიამშენის“ და Market-Mats–ის მიერ დაგეგმილი ორი ახალი საწარმო „1 000–ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, საიდანაც 10%–ზე მეტი დამწყებები მუშა-ხელი იქნება“.
„თითოეული საწარმოო კომპლექსი, სულ ცოტა, 500 სამუშაო ადგილს შექმნის მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში, ხოლო ჩამოყალიბების შემდეგ, ეს ტერიტორიები ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას წელიწადში, დაახლოებით, £20 მილიონით გაზრდის. ამას გარდა, თითოეულ კომპლექსს ექნება ხელობის შემსწავლელი საკუთარი სკოლა და ის საწარმოს თანამშრომლების სულ ცოტა 10%–ით უზრუნველყოფს, რაც რეგიონის ახალგაზრდებისთვის მათთვის ასე საჭირო სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ბრიტანეთის ბიზნესის, ინოვაციებისა და უნარჩვევების დეპარტამენტის პრეს-რელიზსში
http://www.civil.ge/geo/article.php?id=25833როგორც ჩანს საქართველოში 100%-იანი დასაქმებაა და ახლა დროა მოძმე ბრიტანეთის უმუშევრობის დაძლევაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი...
სამხედრო მრეწველობაში სახელმწიფო ინვესტიცია, მისი საეჭვო კომერციული მომგებიანობის მიუხედავად მაინც სასარგებლო ინციატივად მიმაჩნდა, რადგან ეს ხელს შეუწყობდა საქართველოში მაღალტექნოლოგიური სამრეწველო ბაზის შექნას და შესაბამისი კადრების გამზორდას, რაც შემდგომში მომიჯნავე მაღალტექნოლოგიური სფეროების განვითარებასაც შეუწყობდა ხელს...
მაგრამ როგორც ჩანს საქართველოს მთავრობამ მოკლე გზა აირჩია და მთავარ მიზნად თავად სახედრო წარმოაბა დაისახა
ველი განმარტებებს თბილავიმშენისგან და შესაბამისი სახელისუფლებო შტოებისგან...