მიხეილ სააკაშვილი: "საქართველოში არსებობს პუტინისტების ჯგუფი ბევრი ფულით, რომელსაც დასანგრევი და არასაშენებელი ობიექტების გრძელი სია აქვს"
20:44 03.08.2012

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "საქართველოში არსებობს პუტინისტების ჯგუფი ბევრი ფულით, რომელსაც დასანგრევი და არასაშენებელი ობიექტების გრძელი სია აქვს".
ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს მესტიაში სტუმრობისას განაცხადა, სადაც მან მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მისივე თქმით, "მას სვანეთი არც გუშინ გახსენებია, არც დღეს და არც გუშინწინ".
"მე აქ სხვა პოლიტიკოსებივით მხოლოდ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე არ ამოვდივარ. ის, რასაც სახელმწიფო სვანეთში დებს ბევრად მეტია იმაზე, ვიდრე ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს სხვა რეგიონში იხარჯება და ეს იმიტომ, რომ სვანეთი ჩვეულებრივი რეგიონი არ არის, ის საქართველოს გვირგვინია, სულიერი სიძლიერის გამოხატულება. ჩვენ დავამყარეთ წესრიგი და ახლა რაც უნდა გავაკეთოთ, უკან უნდა მოვიტოვოთ სიღარიბე და აქ დიდი განვითარება მოვიტანოთ, ამიტომ ჩვენ მესტიის დიდი აღორძინება დავიწყეთ. მესტია ასე მე-10-მე12 საუკუნის შემდეგ არ აშენებულა. გზის გაკეთებას ვაგრძელებთ ლარსისა და უშგულის მიმართულებით. ვიღაცეები ამბობდნენ, რომ გზა სვანეთისთვის უბედურებააო, ხალხი იქ ეგზოტიკისა და დანგრეული გზებისთვის ადისო იმიტომ, რომ ეს ხიბლავსო უცხოელსო. ალბათ, ამ სიას აჯობებდა კრიმინალიც რომ დამატებოდა. რა ჯობს, ვინმე კარგად რომ გაგძარცვავს და ცარიელ-ტარიელს გაგიშვებს?! სვანები თურმე უგზოობში, სიღატაკეში, კრიმინალში უნდა ყოფილიყვნენ და ეს იქნებოდა ნამდვილი სვანეთი", - განაცხადა სააკაშვილმა.
"საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, პუტინისტების ჯგუფი არსებობს, ბევრი ფულით, რომელსაც გარდა იმისა, რომ დასანგრევების გრძელი სია აქვს, დაწყებული ხიდებიდან, ასევე აქვს გრძელი სია არასაშანებელი ობიექტების. პირველი ნომერი ამ არასაშენებელი ობიექტების და დაცინვის საგანი არის ის გვირაბი, რაც ჩვენ გვინდა ქუთაისიდან ამ სოფლამდე ამოვიყვანოთ და რომელიც ზედა და ქვედა სვანეთს შეაერთებს. არა მხოლოდ ვერაფერს დაგვინგრევენ ნგრევის მოციქულები, არამედ აშენებაში ხელს ვერ შეგვიშლიან. ჩვენ ამ გვირაბს აუცილებლად ავაშენებთ და სვანეთს ძირითად საქართველოსთან შევაერთებთ. ეს აქ დიდი შემოსავალს მოიტანს", - განაცხადა სააკაშვილმა.
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=12230
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!