გრიგორი კარასინი: სამხრეთ ოსეთში შემოდგომაზე მოსალოდნელი ომის შესახებ ხმები ვრცელდება
რუსეთი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ საქართველოს მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „იტარ-ტასთან“ ინტერვიუში.
კარასინმა პირველ რიგში ერთი საკითხი დააკონკრეტა:
„ქართულ-ოსური (ისევე, როგორც ქართულ-აფხაზური)“, აღარ არსებობს. ამ კონფლიქტებზე საუბარი მიზანშეწონილი იყო 2008 წლის აგვისტომდე.
სამწუხაროდ, მათი მშვიდობიანად გადაჭრის მცდელობას, რასაც რუსეთი და საერთაშორისო საზოგადოება წლების განმავლობაში აკეთებდა, 2008 წელს ხაზი გადაესვა, როცა ქართულმა მხარემ შეიარაღებული თავდასხმა მოახდინა სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს სამშვიდობოებზე. შედეგად, მშვიდობიანი დარეგულირების პროცესი დაინგრა, ხოლო კონფლიქტები საქართველოში, გადაწყდა საერთაშორისო სამართლის ორი დამოუკიდებელი სუბიექტის წარმოქმნით - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების“ - განაცხადა კარასინმა, რომელიც თვლის, რომ ამჟამად ამ რეგიონების სტაბილურობა ძალიან მყიფეა, ატმოსფერო კი - დაძაბული.
გარდა ამისა, კარასინის თქმით, თბილისი საზღვრისპირა რაიონებში რეზერვისტთა ფართომასშტაბიან მომზადებასა და შეიარაღებას ახორციელებს, იყენებს ინფორმაციული დივერსიის მეთოდებს.
„სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში კი ვრცელდება ხმები შემოდგომაზე მოსალოდნელი ომის შესახებ, რაც ძაბავს ვითარებას და ამიტომ, სიმშვიდის საფუძველი არ გვაქვს“ - ამბობს მინისტრის მოადგილე, თუმცა დასძენს, რომ „ნებისმიერი ავანტიურა მარცხისთვისაა განწირული. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას, ყველანაირი აგრესიისგან, საიმედოდ იცავენ ჩვენი სამხედროები და მესაზღვრეები“ - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
ჩანჩქერი:
internet.ge