ხელისუფლებამ "ქართულ ოცნებას" შესაძლოა, საარჩევნო ნომერი 7 წაართვას
14:53 08.08.2012
ხელისუფლება კოალიცია "ქართულ ოცნებას" საარჩევნო რიგით ნომერთან დაკავშირებით, სიურპრიზს უმზადებს - "ქართული ოცნების" მიერ უკვე კარგად დაპიარებული და მათი პოტენციური ამომრჩევლისთვის თუ არაამომრჩევლისთვის ცნობილი საარჩევნო ნომერი – 7, შესაძლოა, კოალიციამ, როგორც ბლოკმა, ვერ მიიღოს.
"პირWელის" ინფორმაციით, შესაბამისი სქემა სახელისუფლებო პარტიაში მოიფიქრეს და მისი განხორციელების დირექტივაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიიღო. საქმე საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მეოთხე პუნქტს ეხება, რომლის თანახმად, თუ არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა შექმნეს, ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ.
სწორედ აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო ნომრად მის ფარგლებში შემავალი "კონსერვატორების" #7 აირჩია, რომელიც თავის მხრივ ზვიად ძიძიგურის პარტიას ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მემკვიდრეობით ერგო.
"საარჩევნო კანონმდებლობის ეს ჩანაწერი კი იმგვარად ინტერპრეტირების საშუალებასაც იძლევა, რომ ასეთ შემთხვევაში ბლოკში გაერთიანებულ უკლებლივ ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიღებული. პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" კი სულ ახლახანს შეიქმნა, მას არანაირ არჩევნებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია. საპარლამენტო არჩევნებში არც "თავისუფალი დემოკრატებს" აქვს მონაწილეობა მიღებული და სწორედ ეს გახდება საარჩევნო ბლოკისთვის აღნიშნული მუხლით სარგებლობაზე და #7-ის მინიჭებაზე უარის თქმის ფორმალური საფუძველი~, - განუცხადა "პირWელს" ინფორმირებულმა წყარომ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, რომელიც ირწმუნება, რომ "ამ მიმართულებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია".
ამ კონტექსტში აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნების სახით არსებობს პრეცედენტი, როცა რამდენიმე საარჩევნო ბლოკმა მასში შემავალი ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის ნომრით ისარგებლა, იმის მიუხედავად, რომ ბლოკში გაერთიანებულ ყველა პარტიას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდა. მაგალითად, 2010 წლის არჩევნების დროს ბლოკად ჩამოყალიბებულმა "ქრისტიან-დემოკრატებმა" და პაატა დავითაის პოლიტიკურმა გაერთიანებამ საარჩევნო ნომრად ქდმ-ის საპარლამენტო არჩევნების დროინდელი #10 გამოიყენა, თუმცა ამავე ბლოკში მაშინ ქდმ-ის მიერვე საარჩევნო მიზნებისათვის სახელდახელოდ შექმნილი პარტია იღებდა მონაწილებას. კიდევ ერთი მაგალითია ბლოკი "ალიანსი საქართველოსთვის", რომლის საარჩევნო ნომერი მასში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ~რესპუბლიკელების~ საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებული ნომერი - 2 იყო და ამავე ალიანსის ფარგლებში მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა პირველად ირაკლი ალასანიამ თავისი "თავისუფალი დემოკრატებით" მიიღო. 2010 წლის არჩევნებში ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთან ერთად ფორმირებული "ეროვნული საბჭო" ამომრჩევლის წინაშე კონსერვატორების 7-იანით წარსდგა და იმ დროისთვის ნოღაიდელის პარტიაც სრულიად ახალი პოლიტიკური სუბიექტი იყო.
"მაშინ საარჩევნო კოდექსის აღნიშნულ ჩანაწერს ყურადღება არ მიექცა და ხელისუფლებას არც კი უფიქრია ამ მიმართულებით საკუთარი პოლიტიკური ოპონენტებისათვის რაიმე სახის პრობლემა შეექმნა, თუმცა რაზეც მაშინ თვალი დახუჭეს, იმის ახლა განმეორებას აღარ აპირებენ", - აცხადებს "პირWელის" წყარო.
#7-თან დაკავშირებული ისტორია კი ასეთია: - აღნიშნული ნომერი "კონსერვატიულ პარტიის" სახელს უკავშირდება, რომელმაც ის 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მიიღო. მაშინ #7-ით გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკმა ისარგებლა, რომელშიც ზვიად ძიძიგურის პარტია ბლოკის სათავეში იდგა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი #7-ით "ეროვნული საბჭო" მონაწილეობდა და მანაც ბლოკის წევრი "კონსერვატორების" საარჩევნო ნომერი გამოიყენა.
ზუსტად ამავე წესითა და პრაქტიკით სარგებლობას გეგმავს ახლა "ქართული ოცნებაც", თუკი მმართველი გუნდი საკუთარ განზრახვას – უარი ეთქვას საარჩევნო ბლოკ "ქართულ ოცნების" #7-ის მიცემაზე, არ შეცვლის.
http://pirweli.com.ge/?menuid=9&id=12522