ინტერვიუ პადრე ვიტოლდ შულჩინსკისთანპადრე ვიტოლდ,გავიგეთ რომ ვატიკანმა შვეიცარიაში მიგავლინათ.ეს ალბათ დაწინაურებასაც ნიშნავს,უკეთეს პირობებს... -როცა ვფიქრობ, რომ ერთ კვირაში აქაურობა უნდა დავტოვო,ტირილი მინდება,ძალიან განვიცდი.ძალიან კარგად ვგრძნობ თავს აქ, გესმით? ვფიქრობ,რომ ადამიანმა ის უნდა აკეთოს რაც უყვარს.მე მიყვარს მუშაობა ამ ბავშვებთან,ამ ხალხთან. ყველას რაღაცა მიზანი აქვს ცხოვრებაში,ჩემთვის ესაა მთავარი.
თქვენი საქმიანობა საინტერესოდ გვეჩვენება, ჯერ კიდევ 1993 წელს ჩამოხვედით საქართველოში ,დახმარების მისიით. -მე კათოლიკე მღვდელი ვარ. აქ ჩამოვედი ვატიკანის საელჩოში სამუშაოდ,რომელიც 1993 წელს გაიხსნა. ვიცი რუსული,რადგან პოლონეთში,საბჭოთა წლებში, რუსულის ცოდნა იყო სავალდებულო.თავიდან არ მინდოდა აქ ჩამოსვლა; მაგრამ მაიძულეს და ბრძანებას დავმორჩილდი როგორც ჯარისკაცი. ჩამოვედი იმის იმედით, რომ რამდენიმე კვირაში დავტოვებდი ამ კოშმარს. იმ დროს საშინელება იყო.. სრული ქაოსი, მაღაზიებიც კი არ მუშაობდა. თბილისში იყო 300.000 ლტოლვილამდე, უმეტესობა აფხაზეთიდან დევნილი. მე ვხედავდი ხალხს, რომელნიც შიმშილისაგან იხოცებოდნენ. ვნახე ადამიანები, რომლებიც ქუჩაში სიცოვისაგან კვდებოდნენ; შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მე ამის თვითმხილველი ვარ. შევარდნაძემ მოგვმართა თხოვნით, რომ დავხმარებოდით. მაშინ ჯერ კიდევ გოგებაშვილის ქუჩაზე ვიყავით. ჩვენმა ელჩმა დახმარების თხოვნით მიმართა ვატიკანს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია "კარიტასს". პირველი ჰუმანიტარული ტვირთი 17 სატვირთო მანქანით მივიღეთ საფრანგეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან, არ იყო შუქი და გაზი. დავიწყეთ ამ ტვირთის დარიგება: სახლებსა და საავადმყოფოებში, აგრეთვე კათოლიკურ, მართლმადიდებლურ და გრიგორიანულ ეკლესიებში. შემდეგ მივხვდით რომ ასე-მაკარონისა და ბრინჯის დარიგებას აზრი არ ჰქონდა...ქალაქში არ იყო გაზი და შუქი. გადავწყვიტეთ გაგვეხსნა უფასო სასადილო და მოგვემზადებინა ცხელი სადილები. შევიძინეთ საბჭოური გენერატორი, რომელიც მუშაობისას საშინლად ხმაურობდა, მაგრამ რას დავეძებდით..გვქონდა საშუალება ხალხისთვის ცხელი საჭმელი მიგვეწოდებინა. გავხსენით უფასო სასადილო: ჯერ ერთი,შემდეგ მეორე,მერე მესამეც. განსაკუთრებით უჭირდათ მოხუცებსა და ავადმყოფებს. ადამიანებმა იწყეს ჩვენთან მოსვლა, ბევრი გვთხოვდა მედიკამენტებსაც.
თქვენთან მართლმადიდებლებიც მოდიოდნენ? -დიახ, დახმარების მისაღებად ყველა მოდიოდა განურჩევლად რელიგიისა. როდესაც აქეთ მოვდიოდით იოანე-პავლე მეორემ მე და ელჩს გვითხრა, გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ მართლადიდებლები გახდნენ უკეთესი მართლმადიდებლები და კათოლიკები უკეთესი კათოლიკები. ჩვენც ამ სულისკვეთებით ვმუშაობდით. ეს ჯვარი იოანე მეორემ
აჩუქა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს.მან კი მე მისახსოვრა.
..ეს სურათიც იოანე მეორის ნაჩუქარია; ამ მიწის შესაძენი ფულიც, სადაც ახლა ეს შენობა დგას და სადაც ახლა თქვენ იმყოფებით, რომის პაპისგან მივიღეთ. შემდეგში რეგულარულად ვღებულობდით მისგან თანხებს შენობების ასაშენებლად. ის მართლმადიდებლური ეკლესია შემოსასვლელში რომ ნახეთ ჩვენი აშენებულია. აქ მოდიან მოხუცები, ბავშვები, მათ საჭმლისა და წამლების გარდა სულიერი საზრდოც სჭირდებათ - ადამიანი მარტო ხორცი და ძვალი არ არის. მე ძალიან მინდოდა რომ აქ სალოცავი ყოფილიყო, სალოცავი ღარიბი ხალხისა, რომლებიც ყოველდღიურად მოდიან. წამლებს ვღებულობდით გერმანიიდან, ერთი გერმანელი ჟურნალისტის დახმარებით, რომელიც დიდხანს აგროვებდა მოსახლეობაში საქართველოში გამოსაგზავნი წამლების ფულს. ნელ-ნელა გავხსენით პატარა პოლიკლინიკებიც.
ამ სამედიცინო ცენტრებში უფასოდ გაქვთ დახმარება? -დიახ ყველაფერი უფასოდ გვაქვს. დღეს უკვე არსებობს სახელმწიფო დახმარების პროგრამები. ამიტომ დახმარების რიცხვი შევამცირეთ. ადრე იმას ვაკეთებდით რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა და არ აკეთებდა. დღეს გვაქვს ახალი პროექტი: ავადმყოფი და უპატრონო ხალხის მოვლა სახლებში. გვყავს ბრიგადები რომლებიც ასეთ კონტიგენტს ემსახურებიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. უმეტესობა ლოგინად ჩავარდნილია. მათ სჭირდებათ: საჭმლისა და წამლის მიტანა, დაბანა, თეთრეულის გამოცვლა, სახლის დალაგება. ადამიანი არ უნდა კვდებოდეს სიბინძურესა და მოუვლელობაში. თბილისში ასეთი ავადმყოფი 300 გვყავს, გორში-100, ქუთაისში ამდენივე, ოზურგეთში-50 მდე. რუსთავში ერთი წელია რაც ვართ და 40- მდე ავადმყოფი გვყავს. ამ პროექტში ცოტა სახელმწიფოც გვეხმარება. წელს თბილისის მერიამ 50 000 ლარი გამოგვიყო. ეს ბევრი არ არის მაგრამ დასაწყისისთვის კარგია, რადგან საფრანგეთისა და გერმანიის კარიტასმა, რომელიც 15 წელია გვეხმარება, შეგვიმცირა დახმარება...ცოტა ადგილობრივი მთავრობაც დაგეხმაროთო. მომავალ წელს თბილისის მერია გვპირდება მეტ დაფინანსებას. ვნახოთ. გვეხმარება გორის მერიაც. 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ დახმარება საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, ამერიკიდან, რა თქმა უნდა პოლონეთიდან. ძალიან ბევრს გვეხმარებოდა ვატიკანი.
ესე იგი, ესპანეთიდანაც გაქვთ დახმარება? -დიახ, ესპანეთის კარიტასი გვეხმარება. სამედიცინო პუნქტებში, ჩვენ ვეხმარებით ისეთ ხალხს რომელთაც არ ეძლევათ სახელმწიფო დახმარება. მთავრობას აქვს სოციალური დახმარების პროგრამა და ურიცხავს ფულად დახმარებას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთ, მაგრამ ყველა ღარიბი ადამიანი ვერ ხვდება მაგ პროგრამაში..თუ ადამიანს ძველი ტელევიზორი აქვს სახლში უკვე გაჭირვებულად აღარ ითვლება და აღარ აძლევენ დახმარებას. რა ქნას იმ მოხუცმა რომელსაც 100 ლარი აქვს მხოლოდ პენსია? ცალკე გადასახადებიც აქვს გადასახდელი ...გაზი, შუქი. მოხუცს წამლებიც სჭირდება და კვებაც. მაგალითად დღეს ბაზარში ცოტაოდენი ხილი ვიყიდე, ცოტა ბოსტნეული და 50 ლარი დავტოვე...სამწუხაროა ისაც, რომ გერმანელი ჟურნალისტი, რომელიც წამლებით გვეხმარებოდა გარდაიცვალა.
ქართველი ბიზნესმენები თუ გეხმარებიან? -ეგ საქმე მეტად ძნელად მიდის, ვშიშობ ქართველი ბიზნესმენები არ არიან ჯერ მენტალურად მზად ...და კიდევ ალბათ იმიტომ რომ ჩვენი ოფისი ვატიკანშია. ჩვენ ვეხმარებით 500 მდე გაჭირვებულს (ადრე 800-მდე ადამიანს ვეხმარებოდით) მათგან არ ვიცი რამდენია კათოლიკე შეიძლება ათი,ან ხუთი ან არცერთი. ჩვენ ვეხმარებით ყველას, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს პატრიარქთან, საქართველოს საპატრიარქოსთან. ჩვენი მისიის ტერიტორიაზე აგებულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მართლადიდებელი, ქართველი მღვდელი სწირავს. მე ვამაყობ ამით,რადგან საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს პატრიარქს ვთხოვე რომ ჩვენთან გამოეგზავნა მართლადიდებელი მღვდლები, კითხვაზე თუ რად გვინდოდა ისინი,მე ვუპასუხე, რომ ყოველ თვე 10-15 ადამიანი გვიკვდება ისინი ძირითადად უპატრონოები არიან. ამის მოსმენისას პატრირქს თვალებზე ცრემლი მოადგა და გამოგვიგზანა მოძღვრები რომლებიც დადიან სახლებში ლოგინად ჩავარდნილებთან.
გარდა საკვების ადგილზე მიტანისა, თქვენს მისიას აქვს ძალიან კარგი სასადილოც. -დიახ, მაგ სასადილოს მოწყობაში დიდი წვლილი იაპონური დახმარებისაა. 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ ვამზადებდით სადილს 4-5 ათასი ადამიანისთვის და ვაგზავნიდით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მახსოვს ომი რომ დაიწყო, ქალაქში ვიყავი. თბილისში მერიასთან შეკრებილი ბევრი ხალხი დავინახე. ჯერ ვიფიქრე რომ მიტინგი იყო,შემდეგ მითხრეს რომ ომის ზონიდან გამოქცეული ლტოლვილები არიანო. მე გადავწყვიტე მერიაში შესვლა და გარკვეული დაბრკოლების შემდეგ კიდეც შევედი და ვთხოვე ჩემთვის მხოლოდ სია და მისამართი მოეცათ დასახმარებელი ხალხისა. უამრავი ლტოლვილი ცარიელ-ტარიელი მოემართებოდა თბილისში. ჩვენ გვაქვს საცხობი, სადაც 52 კაცი მუშაობს. დავიწყეთ გამოცხობა: პურების, ხაჭაპურების, ლობიანების, მოვხარშეთ ათასობით კვერცხი, ვიყიდეთ ხილი და დავიწყეთ დარიგება. ვეხმარებოდით ორნახევარი წელიწადი, შემდეგ შევავამცირეთ ჰუმანიტარული დახმარება. ყოფილმა მინისტრმა კობა სუბელიანმა შემოგვთავაზა საბავშვო ბაღების აშენება ლტოლვილთათვის; ჩვენც დავთანხმდით. გორში, მერიის მიერ გამოყოფილ მიწაზე ავაშენეთ საბავშვო ბაღი. ბაღი ავაშენეთ შავშვეთშიც.
.
რა კატეგორიის ხალხი მოდის თქვენთან? -ძირითადად მარტოხელები, რომელთაც ძნელად გადააქვთ მარტოობა. ჩვენ მათ აქ ვუმასპინძლდებით, აგრეთვე დაგვყავს კინოში, თეატრში, კონცერტზე. ესენია მოხუცი ქართველი ინტელიგენციის წამომადგენლები, რომლებიც ახლა უსახსრო და ღარიბნი არიან. მაგალითად, ჩვენ გვყავს ქალბატონი, რომელიც ადრე სიმფონიურ ორკესტრში უკრავდა, მისი მოსწავლეები არიან ყველგან, იაპონიიდან ამერიკამდე. ის კი მიუსაფარი და ღარიბია, ამჟამად. მეწაღეს შეუძლია თავი ირჩინოს ახლაც, მას კი არა. გვყავს პიანისტი ქალი, რომელიც ადრე კონცერტებზე გამოდიოდა, ახლა კი არავის ჭირდება იგი. წინა კვირას ჩვენ გადავიხადეთ 90 წლის ბებიას იუბილე, რომელმაც მოსკოვიდან ბერლინამდე გზა ბრძოლით გაიარა, ახლა იგი აღარავის სჭირდება. მაპატიეთ რომ მეტირება…რა ვუთხრათ ამ ხალხს? ვუთხრათ რომ იარონ კომპიუტერისა და ინგლისურის კურსებზე? ისინი ხომ ისეთ ასაკში არიან, რომ მათ მხოლოდ კვება, წამლები და მოვლა სჭირდებათ. არცერთ მათგანს არა აქვს არც დაბანის, არც გათბობის საშუალება. აქ მოდიან დასაბანად. ეს ადამიანები ხშირად მეკითხებიან: პადრე ვიტოლდ რას ნიშნავს იყო თავისუფალი? საბჭოთა წლებში ჩვენ სამუშაო გვქონდა, პატივს გვცემდნენ, გვქონდა შუქი, წყალი, სამედიცინო მომსახურება, მაგრამ ამბობენ რომ არ ვიყავით თავისუფლები. დღეს კი შეგვიძლია ერთ დღეში ავიღოთ პასპორტი, მაგრამ სად და როგორ წავიდეთ უფულოდ? აქ არის ხალხი რომელთაც ჰყავთ შვილები რუსეთში, ყაზახეთში მაგრამ არ აქვთ ფული რომ დაურეკონ მათ, გამგზავრებასა და შვილების მონახულებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
როგორ ფიქრობთ,რატომ აღმოჩნდა ეს ხალხი ასე გარიყული? -საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველას ესმოდა რომ წინსვლა იყო საჭირო, მაგრამ როგორ? რუსეთს აქვს გაზი, ნავთობი…იქ სხვაა; პატარა საქართველოს კი ლამაზი ბუნებისა და კარგი ღვინის გარდა არაფერი აქვს..ეს საკვებს ვერ მოგცემს,ამიტომ ძნელია ,ვიცი.
თქვენ თვლით რომ საქართველო ვითარდება?-19 წელია რაც აქ ვარ, ვიცი რა იყო ადრე და რარის ახლა, შედარება არაა იმ წლების საშინელ მდგომარეობასთან, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს საკმარისია არაა, ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ საქართველო ევროპული ქვეყნების ცხოვრების სტანდარტებს გაუტოლდეს. მახსოვს 90-იან წლებში ჩვენს პირველ სასადილოში მოვიდა ერთი ქალი მოკუნტული, მშიერი, ჭუჭყიანი. ჩვენ მას ვაჭამეთ და სავსე პარკით გავატანეთ საჭმელი. მეორე დღეს, დილით მივედი ოფისში და დავინახე, რომ ეს ქალი იქვე იწვა ტროტუარზე მკვდარი, ღამით გაყინულა. თურმე მას სახლი არ ჰქონდა, წასასვლელი არ ჰქონია არსად. ვიდექი და ვტიროდი, ქალი კი იწვა ღია ცის ქვეშ...ათოვდა. იგი ჩვენთან მოვიდა დახმარებისთვის, ჩვენ კი ბევრი ვერაფრით დავეხმარეთ. დავრეკე მილიციაში, სასწრაფოში. არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ. მერე ჩვენს ელჩს დავუკავშირდი და დახმარება ვთხოვე. მან მითხრა რომ პოლიციაში განმეცხადებინა როგორც ვატიკანის საელჩოს თანამშრომელს, რომ თუ ყურადღებას არ მომაქცევდნენ, მივმართავდი საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამის შემდეგ მოვიდა ორი პოლიციელი ფეხით გადაბრუნ-გადმოაბრუნეს გვამი, სახეზე ჭუჭყიანი ქაღალდი წააფარეს. შემდეგ მოვიდა ნაგვის მანქანა, შეაგდეს მიცვალებული და წაიღეს. ეს ამბავი არასდროს დამავიწყდება. ამ ამბავმა გადამაწყვეტინა თავშესაფარი აგვეგო უსახლკრო ხალხისთვის. მიწის ნაკვეთის სათხოვნელად შევაღეთ მრავალი კაბინეტის კარი. 1997 წელს მერიამ მოგვცა მიწა. მიწა უკვე გვქონდა, ახლა ფული იყო საჭირო. გადავწყვიტე დამეწერა ყველა წამყვანი ქვეყნის ეპისკოპოსისთვის წერილი. ამერიკიდან დაწყებული ავსტრალიამდე. აქედან ალბათ 10% მიპასუხა. როგორც კი პირველი დახმარებები წამოვიდა სახლის პროექტი დავუკვეთე. მიწის ნაკვეთზე აკრძალული გვქონდა ხის მოჭრა. პროექტიც ისე გავაკეთეთ რაღაცნაირად ხეებშორის რომ ჩამჯდარიყო. ამიტომაც ცოტა უცნაური ფორმისაა. მახსოვს მშენებლობა რომ დავიწყეთ სულ რაღაც 2 ათასი გვქონდა ხელზე. მყავს ერთი მეგობარი კობა, მშენებელი. ვუთხარი კობა დავიწყოთ მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა, ამ თანხით რა დავიწყოთო? ღმერთი მოგვეხმარება მეთქი. კობა მაინცდამაინც მორწმუნე არ არის, ეგონა ჭკუიდან შევიშალე (იცინის). სახლი 2 წელში ავაშენეთ. მქონდა ისეთი მომენტებიც, როცა აღარ ვიცოდი საიდან მეშოვა ფული. ღვთის მადლითა და მეგობრების დახმარებით დავასრულეთ. შემდგომ რომის პაპის თანადგომით ბავშვთა სახლი ავაშენეთ. აქ ცხოვრობს 18 ბავშვი. ეხლა ქობულეთში ისვენებენ ზღვაზე. ჩვენ ვნახეთ უკრაინელი სპონსორი, რომელიც აფინანსებს ჩვენი ბავშვების დასვენებას ქობულეთში. ვერ წარმოიდგენთ ბავშვების სიხარულს. მასწავლებლები მირეკავენ ქობულეთიდან, მეუბნევიან რომ ბავშვები ბედნიერები არიან. გვაქვს ავტოსარემონტო ცეხი სადაც 12 კაცია დასაქმებული. ხის დამამუშავებელი ცეხი, სადაც ვამზადებთ კარ ფანჯრებსა და ავეჯს. ახლახანს ქალბატონმა სანდრამ დაგვიკვეთა უპატრონო ბავშვთა სახლისთვის საძინებლების პარტია. გვაქვს სხვადასხვა სახელოსნოები, სადაც მოზრდილები სწავლობენ ხელობას. მოდიან ღარიბი ბავშვები და ჩვენთან ეუფლებიან კომპიუტერს, ინგლისურს, ხატვასა და ხელსაქმეს.
ეს ყველაფერი უფასოა? -რათქმაუნდა. უფასოა. ბავშვი ქუჩაში არ უნდა იყოს.
და თქვენ მომავალ კვირას გიწევთ საქართველოს დატოვება?-უწმინდესსმა მისწერა თხოვნის წერილი ვატიკანს, სააკაშვილმაც..მგონი არაფერმა გასჭრა. როცა ვფიქრობ რომ ხვალ ბოლო კვირა შეიძლება იყოს ჩემი თბილისში ყოფნის,არ ვიცი...ფიქრიც მეშინია ამის. დარჩენის შანსი ძალიან ცოტა მაქვს. შვეიცარიაში პირობები არაჩვეულებრივია, საუცხოო ადგილია,ლამაზი ბუნებით, ტბით. მე კი არ მინდა. მე აქ მინდა საქართველოში. იმედი მაქვს რომ სასწაული მოხდება, რომელიც დამტოვებს აქ.
http://www.laprensaiberica.com/geo/news/20...
This post has been edited by Antonioni on 2 Aug 2012, 02:51