ბეთქილ შუკვანი ოლიმპიადაზე მარცხის შემდეგ სასტუმროს ფანჯრიდან გადმოხტა
http://www.iveroni.com.ge/politika/15595-b...html?lang=ka-GEძიუდოისტი, ოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე ბეთქილ შუკვანი ,ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვების შემთხვევაში ოქროს მედალს "ქართულ ოცნებას" მიუძღვნიდა.
ამის შესახებ, კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც ბეთქილ შუკვანიც ესწრებოდა.
ფანჯიკიძის თქმით, საქართველომ ფაქტობრივად გარანტირებული ოქროს მედალი მიკერძოებული მსაჯობის გამო დაკარგა.
"ის ფაქტი, რომ ბეთქილი მედლის მიძღვნას "ქართული ოცნებისთვის" აპირებდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის წინასწარ იყო ცნობილი. თვითმფრინავში მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი და მისი მეგობარი გია უდესიანი აგრესიულად და უცენზურო სიტყვებით აფრთხილებდნენ მას, რომ არ გაჰკარებოდა "ქართულ ოცნებას". აღნიშნული მუქარა, შეჯიბრის წინა დღესაც ხდებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მან პირველი შეჯიბრი მოიგო. როდესაც ფრანგ მოწინააღმდეგეს ხვდებოდა, შუკვანს ნატკენი თითიდან სისხლი წამოუვიდა, თუმცა მსაჯმა თამაში არ შეწყვიტა. შესაბამისად, ტრამვის გამო შუკვანმა შეჯიბრი ვერ მოიგო",- განაცხადა მაია ფრანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, როდესაც შუკვანმა მსაჯის ქცევის გასაპროტესტებლად, თხოვნით მინისტრ ვარძელაშვილს და ქართულ დელეგაციას მიმართა, მათ ყურადგება არც მიაქციეს.
"მოგვიანებით სასტუმროში ვიყავი, როდესაც მითხრეს, რომ გია უდესიანი 10 კაცთან ერთად გარეთ მელოდებოდა. სიტუაციის გამძაფრებას მოვერიდე, ფანჯრიდან გადავხტი და ასე დავტოვე იქაურობა. სამშობლოში დაბრუნებაში კი, იქ მყოფი ჩემი ახლობლები დამეხმარნენ",- განაცხადა ბეთქილ შუკვანმა.
დღევანდელ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას არც ოქროს მედალი, არც ოლიმპიური ჩემპიონები და არც სპორტის განვითარება არ აინტერესებს. მათი მიზანი სპორტსმენებს შორის განხეთქილების ჩამოგდებაა.
მანვე აღნიშნა, რომ შუკვანის სურვილის შემთხვევაში, კოალიცია მასთან სიამოვნებით ითანამშრომლებს.
"მე მიმაჩნია, რომ 23 წლის ახალგაზრდას, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს, სპორტში დიდი მომავალი ელის, მაგრამ თუ მისი სურვილი იქნება, კოალიცია "ქართული ოცნება" მასთან სიამოვნებით ითანამშრომლებს",- განაცხადა ფანჯიკიძემ.