უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, კაცები, რომლებიც დუგლაძეს დასდევენ კონკურენტი რეპორტიორები არიან და მათ მიბაძეს ოპოზიციური მედიასაშუალების აგრესიულ მეთოდს. ამის შესახებ ბოკერიამ „ასოშეითედ პრესს“ განუცხადა. სააგენტო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და მედიაგარემოსთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
„ეს ახალი ტაქტიკა თავად ინფო 9-მ დანერგა და მერე ამაზე ასე ირეაგირეს – გადაიღეს მათი ქცევა ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან,“ – ამბობს ბოკერია. „ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ იმას, თუ როგორ იქცევა მედიასაშუალება ამა თუ იმ მხარეს.“
„სადაც არ უნდა წავიდეს, ჟურნალისტ ეკა დუგლაძეს ვიდეოკამერით აღჭურვილი კაცების ჯგუფი დასდევს. ისინი ამბობენ, რომ ჟურნალისტები არიან, სახეში მიკროფონებს აჩეჩებენ, თავს აბეზრებენ უაზრო კითხვებითა და ვულგარული შენიშვნებით“, – წერს „ასოშეითედ პრესი“.
სააგენტოს ცნობით, დუგლაძე, რომელიც ოპოზიციის მიერ დაფინანსებულ საინფორმაციო სააგენტოში მუშაობს, ამტკიცებს, რომ ისინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამქაშები არიან და მის სადევნად არიან გამოგზავნილნი. „ისინი მხოლოდ მუშაობაში კი არ მიშლიან ხელს, გადაადგილებასაც მიზღუდავენ,“ ამბობს დუგლაძე. „აი ასე პასუხობს ხელისუფლება ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს.“
„სააკაშვილი იკვეხნის, რომ საქართველო „დემოკრატიის შუქურად“ იქცა მას შემდეგ, რაც 2004 წელს ის პრეზიდენტად აირჩიეს. მაგრამ ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატია კლებულობს: ოპოზიციის ლიდერები, დამკვირვებლები და ჟურნალისტები დაშინების შესახებ განცხადებებს აკეთებენ და მთავრობას განსხვავებული აზრის წინააღმდეგ საბჭოთა მეთოდებით ბრძოლაში ადანაშაულებენ“, – წერს სააგენტო.
ნოდარ ჩაჩუა, ჟურნალისტი, რომელიც ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში მუშაობს, უშიშროების ჩინოვნიკებს ბრალს სდებს იმაში, რომ მას თავისი კოლეგებისა და ივანიშვილის თვალთვალი მოსთხოვეს. ჩაჩუას ემუქრებოდნენ, რომ თუ ის უარს იტყოდა თანამშრომლობაზე, გავრცელდებოდა ვიდეო, სადაც ასახულია მისი სექსუალური კავშირი ყოფილ მეგობარ ქალთან.
„ეს დემოკრატია არ არის, ეს საზოგადოებისადმი დამოკიდებულების ტიპური საბჭოთა მეთოდია,“ – ამბობს 26 წლის ჩაჩუა, რომელიც მეცხრე არხზე მუშაობს. ამ არხის მფლობელი ივანიშვილის ცოლია. პროკურატურა მის საჩივარს იძიებს.
გიგა ბოკერია, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი და სააკაშვილის მთავარი მოკავშირე, უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა და ამბობს, რომ რეალურად მთავრობა იტანს უწესრიგო და ყველაფერზე წამსვლელ მედიაგარემოს. ის არ გააკეთებს კომენტარს ჩაჩუას ბრალდებებზე, სანამ გამოძიება არ დასრულდება.
ქართული მედია „არის ძალიან აქტიური და კრიტიკული და ხანდახან ამჟამინდელი მთავრობისადმი აგრესიულ გზავნილებსაც ავრცელებს, რაც სრულიად ლეგიტიმური და კანონიერია,“ – უთხრა ბოკერიამ AP-ს.
უშიშროების ხელმძღვანელი ახსენებს ახლახანს მიღებულ კანონს, რომელმაც გაზარდა იმ სატელევიზიო არხების ხელმისწავდომობა, რომლებიც კრიტიკულია მთავრობისადმი. ასე იქნება არჩევნებამდე ორი თვის განმავლობაში და ეს ფაქტი საბჭოს თავმჯდომარეს თავისუფალი სიტყვისადმი მთავრობის ერთგულების დასტურად მოჰყავს.
ასლან ჭანიძე, რომელიც ბათუმში მედიის თავისუფლების მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ივანიშვილს შესაძლოა აქვს ხარვეზები, მაგრამ მისი შემოსვლა პოლიტიკაში არჩევნებს და ქართულ პოლიტიკას მთლიანად უფრო კონკურენტულს გახდის.
„როდესაც მიშა მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა შეყვარებული იყო მასზე, მაგრამ საქართველოში ერთი კაცისგან კერპს ვერ შექმნი,“ – ამბობს ჭანიძე. „არ მინდა აქ მხოლოდ ერთი პარტია იყოს, მე ბევრი პარტია მინდა, მინდა პლურალიზმი“.
http://ick.ge/ka/rubrics/politics/11913-20...3-12-03-25.html
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ