http://www.newposts.ge/?l=G&id=24764
„სიმამაცისა და მედიაში მომხდარი გარღვევისთვის“ მოსკოვში ლადო ბედუკაძე დააჯილდოვესექსკლუზივი: „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ერთერთმა ლაურეატმა, „ობიექტივის“ პროდუსერმა ანი კიკნაძემ მოსკოვში გამგზავრებაზე უარი განაცხადა. ის ოფიციალური განცხადების გაკეთებასაც აპირებს, რომლითაც უარს იტყვის კონკურსის ლაურეატობაზე და ჯილდოზე.
„რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტის ვლადიმირ ხომერიკის ინიციატივით გამართულ ჟურნალისტთა კონკურსზე, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჟიურიმ საგანგებო პრიზით „ციხის კადრების“ ავტორი ვლადიმირ ბედუკაძე დააჯილდოვა.
ბედუკაძემ საგანგებო პრიზი „სიმამაცისა და მედიაში მომხდარი გარღვევისთვის“ მიიღო, რომელმაც, როგორც ანოტაციაშია აღნიშნული, „განაპირობა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის აღსასრული“.
ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსი სახელწოდებით „სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი მომავალი – ისტორია და თანამედროვეობა“ წელს მეოთხედ ტარდება. კონკურსის ორგანიზატორები, ვლადიმირ ხომერიკის ფონდის გარდა, საინფორმაციო სააგენტო „ინფოროსი“, მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ტელევიზიის უმაღლესი სკოლა არიან.
კონკურისის მიზნებში მითითებულია, რომ მთავარი ამოცანაა „რუსეთსა და ამიერკავკასიის ხალხს შორის ურთიერთნდობის ამაღლება, ურთიერთსიმპათიის გაღვივება, ადამიანური კონტაქტების ჩამოყალიბება, სულიერი ერთიანობის გრძნობის გაღრმავება“.
ქართველი ჟურნალისტებიდან კონკურსის ლაურეატები გახდნენ ელზა არსოშვილი, ნანო გოგია, თამარ კვარაცხელია, ანი კიკნაძე და ირაკლი ყიფიანი.
კონკურსის ლაურეატებს ჯილდოები გადასცეს: სსრკ–ს სახალხო არტისტმა, „ჟარისკაცის მამის“ რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ, „მშვიდობისა და თანხმობის ფედერაციის“ ხელმძღვანელმა ვიქტორ კამიშანოვმა, ჟიურის წევრმა ჟურნალისტებმა: პროფესორმა ვალერი კვარაცხელიამ და ზაზა დავითაიამ, სააგენტოს «Новости Азербайджана» ხელმძღვანელმა გულნარა მამეზადემ და სხვებმა.
ამასთან, „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ერთერთმა ლაურეატმა, „ობიექტივის“ პროდუსერმა ანი კიკნაძემ მოსკოვში გამგზავრებაზე უარი განაცხადა. ის ოფიციალური განცხადების გაკეთებასაც აპირებს, რომლითაც უარს იტყვის კონკურსის ლაურეატობაზე და ჯილდოზე.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა დამოკიდებულება აქვთ კონკურსის ჯილდოსთან დაკავშირებით სხვა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც ლაურეატები გახდნენ.
ინფორმაცია კონკურსის დასკვნითი ეტაპის შესახებ რუსულ მედიასაშუალებებში საკმაოდ მწირად გავრცელდა და მასში არაა მითითებული, დაჯილდოებულთაგან რამდენი ჩავიდა რუსეთის დედაქალაქში, ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, ცნობილია, რომ მოსკოვში იმყოფებოდა ვლადიმირ ბედუკაძე.
ამასთან, „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ვლადიმირ ბედუკაძეს არ ჰქონდა საქართველოდან გასვლის უფლება, თუმცა მან ეს უფლება მიიღო მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარი პროკურორის შეცვლის დღეს პროკურატურაში გამოცხადდა და განცხადება დაწერა, სადაც ქვეყნიდან გასვლა ითხოვა. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ლადო ბედუკაძე მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრას აპირებდა, თუმცა, მან ის არ მიიღო.
-----------------------------------------
გეშინოდეთ მშვიდობის..
პ.ს. საქართველოსთვის იდეალური მდომარეობა საბჭოთა კავშირი იყო.
საბოლოოდ დავრწმუნდი ამაში და ერთი წამით აღარ მეპარება ეჭვი.
საქართველო უნდა იყოს რუსეთის გუბერნია და გუბერნატორს უნდა ნიშნავდეს კრემლი.