ზვიად ძიძიგური – რუსთავის მერიის შემოთავაზება დაგვიანებულია
16:51 13-08-2012
"ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ქალაქის მერიის შეთავაზებას 19 აგვისტოს აქციასთან დაკავშირებით დაგვიანებულად მიიჩნევს.
როგორც ძიძიგურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული შეთავაზება მათთვის მისაღები იქნებოდა სამი დღის წინ, ახლა კი გვიანია, რადგან სააგიტაციო მასალების ბეჭდვა უკვე დაწყებულია.
"სამჯერ გვითხრეს უარი. ახლა კი ჩვენ უკვე ვბეჭდავთ სააგიტაციო მასალებს, ბუკლეტებსა და გაზეთებს, სადაც მისამართად მითითებულია შარტავას მოედანი. რუსთავის მერიის მხრიდან ჩვენზე პასუხისმგებლობის დაკისრება არამართებულია და უმორჩილესად ვთხოვ მათ, დაგვეხმარონ სახანძრო, ჯანდაცვის სამსახურებით და საპატრულო ეკიპაჟებით", - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.
კოალიცია "ქართული ოცნება" აქციის გამართვას რუსთავში 19 აგვისტოს გეგმავს. რუსთავის მერია "ქართულ ოცნებას" 19 აგვისტოს აქციის გამართვას მეგობრობის მოედანზე ან მეტალურგიული სამმართველოს შენობის წინ არსებულ მოედანზე სთავაზობს.
როგორც "ინტერპრესნიუს" რუსთავის მერიის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო კორძაიამ განუცხადა, თვითმმართველობა მზად არის, ორი დღის განმავლობაში შეაჩეროს მეგობრობის მოედანზე #1 და #2 კორპუსებს შორის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალის მშენებლობა და სარეაბილიტაციო სამუშაოები. კორძაიას თქმით, "ქართული ოცნება" პირველ განცხადებაში მეგობრობის მოედანზე აქციის გამართვას თავად ითხოვდა.
კოალიციამ გასულ ორშაბათს განცხადებით მიმართა რუსთავის მერიას და აქციის გამართვა მერიის წინ ან მეგობრობის მოედანზე ითხოვა, თუმცა კოალიციამ უარი მიიღო.
ამის შემდეგ, კოალიციის წარმომადგენლების თქმით, მერიას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აქცია ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე გაიმართება. მესამე შეთავაზებაზეც კოალიციამ უარყოფითი პასუხი მიიღო.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...vianebulia.html