(გამოქვეყნებულია
საქართველოს პარლამენტის უწყებანი
1997 წელი - N45)
საქართველოს ორგანული კანონი
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
თავი III
პარტიის ქონება და ფინანსები
მუხლი 25.
1. პარტიის ქონებას ქმნის:
ა) საწევრო შენატანები;
ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შემოწირულობები;
გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში - სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი
თანხები;
დ) პარტიის სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, პარტიის მიერ
ლექციების, გამოფენებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე
საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან
მიღებული თანხები, რომლებიც არ ცვლის პარტიის, როგორც არასამეწარმეო
იურიდიული პირის, ხასიათს.
ე) საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებები. (8.06.2007
N4918 ძალაშია 2007 წლის 1 ოქტომბრიდან)
2. პარტიას უფლება არა აქვს ეწეოდეს სხვა დამხმარე სამეწარმეო საქმიანობას,
გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 26. (16.12.2005 N 2260)
1. აკრძალულია ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღება:
ა) სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო
ორგანიზაციებისა და მოძრაობებისაგან, ლექციების, სემინარებისა და სხვა მსგავსი
საჯარო ღონისძიებების მოწყობის გარდა;
ბ) სახელმწიფო ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის,
სახელმწიფო ორგანიზაციისა და იმ საწარმოსაგან, რომელშიც სახელმწიფო წილი
აღემატება 10%-ს, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა;
გ) არასამეწარმეო იურიდიული პირისაგან და რელიგიური ორგანიზაციისაგან,
ლექციების, სემინარებისა და სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიებების მოწყობის გარდა;
დ) მოქალაქეობის არმქონე პირისაგან; ე) ანონიმური ფორმით(8.06.2007 N4918 ძალაშია 2007 წლის 1 ოქტომბრიდან)
2. შემოწირულობის შემტანი იურიდიული პირი ვალდებულია მიუთითოს საკუთარი სახელწოდება და იურიდიული მისამართი, ხოლო ფიზიკურმა პირმა
უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის
მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების მითითების გარეშე
შეტანილი ფულადი სახსრები ითვლება ანონიმურად. ანონიმური შემოწირულობები
პოლიტიკური გაერთიანების საფინანსო საქმიანობაზე პასუხისმგებელი
თანამდებობის პირის მიერ დაუყოვნებლივ უნდა გადაირიცხოს საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებულ შემოწირულებებზე არ
ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებების ოდენობა არ
უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში. (8.06.2007 N4918 ძალაშია 2007 წლის 1
ოქტომბრიდან)
5. პარტიის საფინანსო საქმიანობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი
ვალდებულია საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებები 7
დღის ვადაში გადარიცხოს პარტიის ანგარიშზე. (8.06.2007 N4918 ძალაშია 2007 წლის 1
ოქტომბრიდან)
6. პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ის
ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ
მონაცემებს, საჯაროა. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას
კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისია. (8.06.2007 N4918 ძალაშია 2007 წლის 1 ოქტომბრიდან)
მუხლი 27. (8.06.2007 N4918 ძალაშია 2007 წლის 1 ოქტომბრიდან)
1. პარტიის მიერ მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების
მოცულობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს:
ა) თითოეული ფიზიკური პირისაგან – 30 000 ლარს;
ბ) თითოეული იურიდიული პირისაგან – 100 000 ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები
ვრცელდება ყველა სახის შემოწირულებაზე, მათ შორის, პარტიის მიზნებისათვის
და მისი სახელით გაწეულ მომსახურებაზე.
3. პარტიის მიერ საწევროები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული
პირებისაგან შემოწირულებების სახით ფულადი სახსრები მიიღება მხოლოდ
უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ეს შეზღუდვა არ
ვრცელდება ერთი ფიზიკური პირის მიერ განხორციელებულ შენატანებზე, თუ
მათი ოდენობა წელიწადში არ აღემატება 300 ლარს.
4. დაუშვებელია სხვისი სახელით შემოწირულების განხორციელება.
მუხლი 28. 1. ამ კანონის დარღვევით მიღებული ფინანსური და მატერიალური
შემოწირულობები პარტიამ ერთი თვის ვადაში უნდა გადასცეს სახელმწიფო ხაზინას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში
პარტიის მიერ კანონის დარღვევით მიღებული ფინანსური და მატერიალური
შემოწირულობები იძულებით გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, თუ
ამ შემოწირულობების საერთო ღირებულება წელიწადში:
ა) 2000 - დან 15000 ლარამდეა, პარტიას მოეხსნება სახელმწიფო დაფინანსება 1
წლის განმავლობაში;
ბ) 15000-დან 50000 ლარამდეა, პარტიას მოეხსნება სახელმწიფო დაფინანსება 2
წლის განმავლობაში;
გ) 50000 ლარზე მეტია, პარტიას მოეხსნება სახელმწიფო დაფინანსება 4 წლის
განმავლობაში.
3. იმ პარტიების მიმართ, რომლებსაც არა აქვთ სახელმწიფო დაფინანსების
უფლება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება ამ
უფლების მიღების შემდეგ.
წყარო:
http://electionreforms.ge/img/pdf/sakanonmdeblo.pdf This post has been edited by 098 on 11 Aug 2012, 22:13